კოლუმბიურმა გუნდმა მატჩი შვიდი ფეხბურთელით ჩაატარა
უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა კოლუმბიის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში. საფეხბურთო კლუბ “აგილას დორადასში” კოვიდაფეთქება მოხდა. გუნდში 16 კოვიდინფიცირებული და შვიდი ტრავმირებული მოთამაშე იყო, ჯანმრთელი კი მხოლოდ შვიდი ფეხბურთელი დარჩა, მათგან ორი – მეკარე. მიუხედავად ამისა, კოლუმბიური ფეხბურთის მესვეურებმა მატჩის გადადებაზე უარი თქვეს და “აგილას დორადასს” “ბოიაკა ჩიკოს” წინააღმდეგ შეხვედრაში მხოლოდ შვიდი ფეხბურთელით მოუწია მოედანზე გასვლა, ამპლუით ერთ-ერთი კიპერი კი მინდვრის მოთამაშედ თამაშობდა. გუნდი მოედანზე სქემით 3-2-1 მოქმედებდა.
“აგილას დორადასის” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა კარი მშრალად 57-ე წუთამდე შეინარჩუნა, თუმცა შემდეგ სამი უპასუხო ბურთი მიიღო და თამაში დათმო.
ფეხბურთის წესების თანახმად, მატჩი არ შეიძლება დაიწყოს ან გაგრძელდეს, თუ რომელიმე გუნდში შვიდ მოთამაშეზე ნაკლებია.