ზურაბიშვილი: “ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს”
კომენტატორმა გიორგი ზურაბიშვილმა საქართველო – ბელგიის მატჩის შემდეგ ახალი სპორტის სასახლის პრობლემებზე სოციალურ ქსელში დაწერა.
“ზოგადად ძალიან ვცდილობ ჰეითერი არ ვიყო და ყველაფერში კარგი დავინახო, თუმცა არ გამოდის არ ვთქვა, რომ ჩვენი ახალი საკალათბურთო დარბაზი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
დავიწყოთ იმით, რომ სკამების ძალიან უცნაური განლაგებაა. იდეაში საიდანაც თამაში ყველაზე კარგად უნდა ჩანდეს, ის ადგილი პირველ და მეორე იარუსებს შორის ექცევა და საერთოდ არ არის გამოყენებული. ასევე, რატომღაც საკმაოდ დიდი სივრცეა სკამებსა და პარკეტს შორის – პირველი რიგიდანაც კი შორიდან უყურებ თამაშს, მეორე იარუსიდან კი ზედმეტად ზევიდან. მეორე იარუსის პირველი რიგებიდან თამაში საერთოდ არ ჩანს, რადგან ჯებირები ეფარება… ასევე, დარბაზში საშინლად ცხელა, განსაკუთრებით მეორე იარუსზე იმდენად აუტანელი ჩახუთულობაა, რომ სუნთქვაც ჭირს. შიდა დერეფნები არის სამარცხვინოდ ვიწრო და დაბალჭერიანი – საშინელი კლაუსტროფობიის გრძნობა გეუფლება. ასეთი ცუდი დერეფნები არცერთ სპორტულ დარბაზში არ მინახავს.
ვინც ეს შენობა დააპროექტა და ააშენა, კარგი იქნებოდა ევროპის რომელიმე საკალათბურთო ქვეყანაში ერთი თანამედროვე დარბაზი მაინც ენახა.
ყველაზე მთავარი კი ისევ და ისევ საშინელი ორგანიზება, იმ თვალსაზრისით, რომ მხოლოდ რამდენიმე შესავლელი/გამოსასვლელი არის თამაშის დროს ღია. გუშინ მეორე იარუსიდან რომ გამოვდიოდი, უვიწროეს დერეფანში პრაქტიკულად მთელ დარბაზს წრე დავარტყი. სიცხისგან და კლაუსტროფობიისგან გული კინაღამ წამივიდა. ხალხი მთვარზე დაფრინავს, ჰაბლის ტელესკოპი დაძველდა და ჩვენთან რა გახდა სტადიონებზე რამდენიმე შესავლელის გახსნა, მართლა გაუგებარია. ღმერთმა არ ქნას როდესმე ამ დარბაზში ხანძარი ან რამე ემერჯენსი მოხდეს, თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა იქნება…
ტრანსპორტის ლოჯისტიკა კიდევ ცალკე მტკივნეული საკითხია. იმის მაგივრად იმაზე იყოს ნაფიქრი, რომ ხალხი თამაშზე სწრაფად და მარტივად მივიდეს, ყველაფერი პირიქით არის. სამანქანო გზები ისეთ ადგილებშია გადაკეტილი, რომ მანქანები ფიზიკურად იჭედებიან, ვერც წინ მიდიან, ვერც უკან და იქმნება სრული ქაოსი. პარკინგიც უდიდესი პრობლემაა. ქავთარაძის მხრიდან გზა საერთოდ არ არის გაკეთებული, მტვერში და ქვიშაში მომიწია ფეხით სიარული. სამთავრობო ესკორტების გამო გზების გადაკეტვას კიდევ ვერ გადავეჩვიეთ. ხალხი ისედაც ვერ მიდის ნორმალურად თამაშზე და ამ დროს ესკორტების გამო კიდევ დამატებით გზებს კეტავ?! გუშინ ზუსტად საათნახევარი დამჭირდა რომ სახლიდან დარბაზამდე მიმეღწია.
მოკლედ, ეს ბევრი პატარა შემაწუხებელი დეტალი საბოლოო ჯამში გიქმნის იმ გამოცდილებას, რომ თამაშზე წასვლა და ცოცხლად ყურება აღარ მოგინდება. გირჩევნია სახლში დარჩე და ტელევიზორში უყურო, რაც ძალიან სევდიანი ამბავია.
აკუსტიკაზე და სხვა დეტალებზე აღარაფერს დავწერ. თუმცა, ეგ დეტალებიც ძალიან მნიშვნელვანია, იმისთვის რომ დარბაზში კარგი ატმოსფერო შეიქმნას, მაგრამ მაგას ვინღა ჩივის.
უკვე ძალიან ძალიან დამღლელია ეს მაჩანჩალობა, ყოველ მეორე ნაბიჯზე “დროშა ვერ დაკიდენ”. სუბოქსინით გაბრუებული ერი აშკარად ღრმა ძილშია მიცემული და რამემ თუ არ გამოგვაფხიზლა, ასე ინერციით სადამდე ვიგორავებთ ან სად მივგორდებით არ ვიცი” – ზურაბიშვილი.
ახალი სპორტის სასახლე მაღლივის ტერიტორიაზეა და მოესწრებოდა თუ არენის მშენებლობა ევრობასკეტის დაწყებამდე, კითხვის ნიშნის ქვეშ იყო.