“იგუაინი საცოდავი ბიჭია, ჯანდაბაშიც წასულა”
გასულ კვირას MLS-ის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო. აღმოსავლეთ კონფერენციის პირველ ტურში დევიდ ბექჰემის მფლობელობაში მყოფი “ინტერ მაიამი” ფლორიდაში “ჩიკაგო ფაირს” დაუხვდა და ანგარიშით 0:0 დაუზავდა.
მოგვიანებით “ჩიკაგო ფაირის” შემტევ ფაბიან ჰერბერსს “ინტერ მაიამის” თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეფასება სთხოვეს. გერმანელმა ფეხბურთელმა არგენტინელის მიმართ საკმაოდ უარყოფითად ისაუბრა.
“ჯანდაბაშიც წასულა (ცენზურა დაცულია). საცოდავი ბიჭია. მის თანაგუნდელობას ნამდვილად არ ვისურვებდი. არ მინდა, რომ მასთან რაიმე კავშირი მქონდეს. პირველივე მატჩში გამოავლინა უარყოფითი თვისებები. ყოველი დაკარგული ბურთის შემდეგ თვალებს აბრიალებდა და ნეგატივს აფრქვევდა. ძალიან უარყოფითი და დესტრუქციული იყო თანაგუნდელების მიმართ, რომელთა დახმარებასაც უნდა ცდილობდეს. როგორც ლიდერი, მათ მოტივირებას უნდა ახდენდეს, მხარს უნდა უჭერდეს. თუ იგუაინი ისევ ასე გააგრძელებს, მისთვის და “ინტერ მაიამისთვის” საკმაოდ რთული სეზონი იქნება”, – ციტირებს ჰერბერსის სიტყვებს “ფუტბოლ იტალია”.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი “ინტერ მაიამის” 2020 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. 2021 წლის სეზონში 34 წლის თავდამსხმელმა 30 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.