ჯიბრილ სისეს კარიერის განახლება სურს
ცნობილ ფრანგ ფეხბურთელ ჯიბრილ სისეს მოთამაშის კარიერის განახლება სურს. ამის შესახებ 38 წლის ფორვარდმა კიდევ ერთხელ განაცხადა.
“გოლების გამტანი კაცი ვარ, მიყვარს ციფრები. საფრანგეთის ჩემპიონატში 96 ბურთი მაქვს გატანილი. ასამდე ოთხი გოლი დამრჩა და სანამ მოვკვდები, ეს უნდა გავაკეთო.
მუდამ ამაზე ვფიქრობ. ხალხი ამბობს, რომ მშვენიერი კარიერა მქონდა, ბევრი ტიტული მოვიგე, მაგრამ ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ ას გოლამდე ვერ ავედი. ვფიქრობ, ახლა შესაფერისი მომენტია იმისთვის, რომ ეს ხარვეზი აღმოვფხვრა.
საქმე ფულში კი არ არის. ეს ოცნებაა, რომელიც უნდა ავისრულო, რათა ჩემი კარიერით ასი პროცენტით კმაყოფილი ვიყო. ჯერჯერობით შემოთავაზება არ მქონია, მაგრამ ეს ნორმალურია. კლუბები ახლა თავიანთ ფეხბურთელებზე არიან ორიენტირებულნი”, – უთხრა სისემ “სქაი სპორტსს”.
38 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში არაერთი კლუბის რიგებში უთამაშია, მათ შორის “ოსერში”, “ლივერპულში”, “მარსელში”, “პანათინაიკოსში”, რომის “ლაციოში” და სხვა.
შეგახსენებთ, რომ ჯიბრილ სისემ პროფესიული კარიერა პირველად 2015 წლის ოქტომბერში დაასრულა, მაგრამ 2016 წელს “ოსერის” რიგებში ჩაირიცხა. 2017 წლის თებერვალში ფრანგმა ფეხბურთელმა ხელმეორედ დაკიდა ბუცები ლურსმანზე, თუმცა – მხოლოდ რამდენიმე თვით. იმავე წლის ივლისის თვეში ფრანგი ფორვარდი შვეიცარიის მესამე დივიზიონის ბინადარ “ივერდონს” შეუერთდა, მომდევნო წელს კი იტალიურ “ვინჩენცაში” ჩაირიცხა.