ჟორჟე ჟეზუში: „საუკეთესო გუნდმა ევროპის ლიგის ფინალი ვერ მოიგო“
„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ევროპის ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა, რომელშიც მისი გუნდი ესპანურ „სევილიასთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
„მიუხედავად იმისა, რომ გოლები ვერ ვიხილეთ, საოცარი ფინალი გამოვიდა. გახსნილი თამაში მიმდინარეობდა. „სევილიამ“ უკეთ დაიწყო, მაგრამ ჩვენ თამაშის გამოსწორება მოვახერხეთ და მეტოქეს ვაჯობეთ კიდეც. ჩვენი სიძლიერე ვაჩვენეთ, შევქმენით საგოლე მომენტები, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, უძლიერესმა გუნდმა ვერ გაიმარჯვა. ჩემს ფეხბურთელებს მაინც ვულოცავ, გასაკრიტიკებელი არაფერი აქვთ. ტურინს აწეული თავით ვტოვებთ. კვირას კიდევ ერთი ფინალი გველის (პორტუგალიის თასის ფინალი).
საიდუმლო არაა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები გვაკლდნენ. სხვა შემთხვევაში, სულეიმანის ტრავმის შემდეგ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა. ყველა ცვლილება იძულებითი ხასიათისა იყო, თუმცა მახარებს ის ფაქტი, როგორ რეგირებს ჩემი გუნდი სიძნელეებზე. ფეხბურთში საუკეთესო გუნდი ყოველთვის ვერ მოიგებს. პრაგმატულები უნდა ვიყოთ, ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. სხვადასხვა ემოციები გამოვცადეთ, თუმცა ახლა ეს უნდა დავივიწყოთ და ლისაბონში გასამართი ფინალისთვის მოვემზადოთ. საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა „სევილიამ“ და მე მათ ვულოცავ“, – ჟეზუშის სიტყვები უეფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.
ბექა დოგრაშვილი