“ოლიმპიაკოსს” გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო მეორე ლიგაში დაქვეითება ემუქრება
ბერძნული კლუბები “ოლიმპიაკოსი” და “ატრომიტოსი” გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის გამო შესაძლოა მეორე დივიზიონში დააქვეითონ. ინდივიდუალური სასჯელი ემუქრებათ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ მაღალჩინოსნებსა და “ოლიმპიაკოსის” მფლობელ ევანგელოს მარინაკისს. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება.
ორ კლუბსა და 15 პირს ბრალი ედებათ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის კოდექსის 27-ე მუხლით, რაც საბუკმეიკერო მიზნით მატჩის შედეგის მანიპულაციას გულისხმობს. ბრალდება საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ეთიკის კომიტეტმა შეადგინა, ხოლო საქმე იურიდიულ კომიტეტშია გადაგზავნილი.
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის კოდექსის თანახმად, გარიგებულ მატჩში მონაწილეობის გამო კლუბები შესაძლოა ქვედა ლიგაში დაქვეითებითა და სამი მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმით დაისაჯონ, ხოლო გარიგების მონაწილეები სამუდამო დისკვალიფიკაციით ისჯებიან.
ეჭვის ქვეშ დგას “ოლიმპიაკოსს” და “ატრომიტოსს” შორის 2015 წლის თებერვალში გამართული შეხვედრა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ცნობისათვის, “ოლიმპიაკოსის” მფლობელი ევანგელოს მარინაკასი ინგლისის ჩემპიონშიფის ბინადარ “ნოტინგემ ფორესტსაც” ფლობს. მარინაკასის გარდა ბრალი ედებათ: “ატრომიტოსის” პრეზიდენტ გიორგიოს სპანოსს, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გიორგიოს სარისს, ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ არისტიდის სტატოპულოსსა და ორგანიზაციის სამ ოფიციალურ პირს, ექვს ყოფილ მსაჯს და “ატრომიტოსის” ყოფილ თავკაც რიკარდუ სა პინტუს.