ვილი სანიოლი: ‘ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთშიც იგრძნობა’

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან სტუმრად, ამხანაგურ მატჩში გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“მთავარია, რომ გუნდის შენებისას დავეყრდნოთ ჩვენს უნარებს, ძლიერ მხარეებს და გუნდურ სულისკვეთებას. ვიცით, რომ მატჩის განმავლობაში არ გვექნება 15-20 საგოლე მომენტი. ამიტომ, ეფექტიანად უნდა ვიმოქმედოთ, რაც ბუდუ ზივზივაძემ დღეს ძალიან კარგად გააკეთა. როგორც ვთქვი, სათამაშო სისტემაში სიახლეები იყო. ზურიკო დავითაშვილი, უფრო მეტად ნახევარდაცვაზე იყო კონცენტრირებული და ახალ პოზიციაზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური თამაშები სწორედ სიახლეების გამოსაცდელადაა. ვნახეთ მექვაბიშვილი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში პირველი წუთები მიიღო და იგივე დონეზე იყო, როგორც სხვა მოთამაშეები. ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი ატმოსფეროა. გუნდი ახალი სისტემის შენების საინტერესო პროცესშია და ახლა სწორედ ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებისგან სიურპრიზები არ ყოფილა, მათ იგივე სისტემით ითამაშეს, როგორც ბოლო მატჩები. ვფიქრობ, რომ კარგი თამაში იყო. ასეთი შედეგით მივიღეთ, მაგრამ ასევე შეიძლებოდა 1:1, ან 2:2. ამხანაგურ თამაშებში ვცდით ახალ სისტემას და კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით. ფეხბურთელებმა კარგი ხასიათი გამოავლინეს. ბედნიერი ვარ ჩემი მოთამაშეებით. შესაძლოა, ზოგჯერ პასი ან დარტყმა არ გამოვიდეს, მაგრამ მათ წარმოუდგენელი ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ. მათთან ერთად მუშაობა ფანტასტიურია.

ვფიქრობ, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. აშკარაა, რომ VAR-ის გარეშე ეს უფრო მეტად რთულია. ბოსნია-ჰერცეგოვინის გოლთან ერთად, ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ აშკარა პენალტი არ დაინიშნა. ზოგჯერ, ასეთი გადაწყვეტილება თამაშის სურათს ცვლის და ეს უნდა მივიღოთ. ეს ამხანაგური თამაში იყო და ასეთი შეხვედრები მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ეს ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპია. როგორც გუშინ ვთქვი, შედეგზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ როგორ ვთამაშობთ ბურთით ან მის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არ იყო, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ.

საქართველო ძლიერი ქვეყანაა და ქართველი ხალხი მიჩვეულია ბრძოლას და ეს ფეხბურთის თამაშის სტილშიც იგრძნობა. მათ არ ეშინიათ მატჩის დიდი ნაწილის დაცვაში გატარების, როდესაც მათ გამარჯვების გეგმა აქვთ. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში, მაგალითად, შვედეთთან და ესპანეთთან. გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი მენტალიტეტი, რადგან ზოგჯერ შეიძლება მეტოქე შენზე ძლიერი იყოს, მაგრამ სწორი მენტალიტეტით კარგი რაღაცების გაკეთებაა შესაძლებელი. ზედიზედ ოთხი მატჩი მოვიგეთ და ეს შესანიშნავია. ვიმედოვნებთ, ეს სერია ალბანეთთან და ერთა ლიგის მატჩებში გაგრძელდება”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.ge

ჯეკო: “რა უნდა ვთქვა? ქართველებმა ერთადერთი რეალური მომენტი შექმნეს”

ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრების კაპიტანმა ედინ ჯეკომ საკუთარ მოედანზე საქართველოსთან ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა მეტოქე ბუდუ ზივზივაძის გოლის წყალობით დაამარცხა.

“რა უნდა ვთქვა? მათ ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და გოლი გაიტანეს. თუმცა, დღეს ფეხბურთის თამაში ყველას შეუძლია და მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. მოედანზე გადაადგილებაში პრობლემები გვქონდა, რისკებზე არ მივდიოდით, ფეხბურთს კი რისკების გარეშე არ თამაშობენ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში გაცილებით კარგები ვიყავით. გოლების გასატანად შანსები გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა”, – განაცხადა ჯეკომ.

“ბარსელონამ” ლევანდოვსკის ტრანსფერისთვის თანხა დაასახელა

“ბარსელონას” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მიუნხენის “ბაიერნიდან” რობერტ ლევანდოვსკის გადმობირება სურს.

პორტალი Sport.es იუწყება, რომ კატალონიელები მზად არიან, პოლონელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო გაიღონ, თუმცა შესაძლოა, შეთავაზებული თანხა 60 მილიონამდე გაზარდონ.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბი მასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და მომატებულ ხელფასსაც სთავაზობს.

პოლონელი ფეხბურთელი ბავარიული გუნდის ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ლევანდოვსკიმ გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 27 მატჩი ჩაატარა, 31 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

კეილორ ნავასმა საკუთარ სახლში 30 უკრაინელი ლტოლვილი დააბინავა

ქალაქ ბარსელონის უბნის, გრასიის ბოშათა ასოციაციის წევრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის საკვების ჩასატანად და მათ წამოსაყვანად კრაკოვში ჩავიდნენ. ამ ამბის შესახებ შეიტყო “პარი სენ-ჟერმენის” კიპერმა კეილორ ნავასმა, რომელმაც საკუთარ სახლში 30 უკრაინელის დაბინავება გადაწყვიტა.

Diario SPORT-ის ცნობით, კოსტა-რიკელმა მეკარემ იმ დარბაზში, სადაც კინოთეატრი ჰქონდა მოწყობილი, უკრაინელი ლტოლვილებისთვის 30 საწოლი დადგა, ფეხბურთელის მეუღლემ მათთვის კერძები მოამზადა და სტუმრებს ტანსაცმელი გადასცა. ნავასმა ევანგელისტური ლოცვა უკრაინელებთან ერთად შეასრულა.

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა.

“ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება იყო ჩემთვის ცსკა-ს დატოვება, მაგრამ ეს ასე არ ყოფილა. პირველ რიგში, ომი რუსეთში არ დაწყებულა, თუმცა ვიგრძენი, რომ ჩემი ოჯახი საფრთხის ქვეშ იყო. ასეთ სიტუაციებში, არასდროს იცი რა მოხდება და როგორ შეიცვლება წამებში სიტუაცია. მსურდა ოჯახი სრულად დაცულად ყოფილიყო და შემდეგ დავიწყე მცდელობები ხელშეკრულების გაწყვეტაზე”

“რა თქმა უნდა, ქართველობა გადამწყვეტი ფაქტორი იყო კლუბის დატოვებაში. ხალხი მეკითხებოდა – “რატომ გადაწყვიტე ცსკა-ში გადასვლა”?. ცსკამ მნიშვნელოვანი კონტრაქტი შემომთავაზა და მანამდე არ მოვაწერე ხელი, სანამ არ მეცოდინებოდა, რომ ნაკრებში თამაშს კვლავ შევძლებდი. აქედან გამომდინარე და სხვა მომენტებიდანაც, ცსკა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბია ევროპაში და ევროლიგის მოგების პერსპექტივამ მომხიბლა”

“ამ დღეებში ვაანალიზებ, რომ რუსულ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება არ იყო ძალიან კარგი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი, მწვრთნელები, გუნდელები – კლუბი ყველაფერს აკეთებდა, რომ თავი კომფორტულად მერძო, მაგრამ მე არასდროს ვიყავი ცსკა-ში წყნარად და საერთოდ ისეთი, როგორიც ვარ. მოედანზე ყველაფერს ვცილობდი, თუმცა ემოციურად არ ვეკუთვნოდი იმ ადგილს”

“ასევე არ გვსურს პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში აირიონ, მიუხედავად ამისა, რაღაც სიტუაციებში ეს მაინც შეუძლებელია. უკრაინა-რუსეთის სიტუაცია არა მხოლოდ სპორტზე, ყველაფერზე გავლენას ახდენს. როგორც არ უნდა იყოს, ბედნიერი არ ვარ რუსული კლუბების ორგანიზაციებიდან გარიცხვით, რადგან იქ ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც ომს ეწინააღმდეგება. თავის მხრივ, ვინც ახლა ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, უკრაინელი ხალხია”, – განაცხადა თორნიკემ.

შენგელიას თქმით, “ვირტუსთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე აქვს და შემდეგ რას გააკეთებს არ გადაუწყვეტია.

“რუბინის” კაპიტანი ინგლისში გადავიდა

ყაზანის “რუბინის” ყოფილი კაპიტანი ფილიპ ურემოვიჩი კარიერას “შეფილდ იუნაიტედში” გააგრძელებს.

BBC-ის ინფორმაციით, “შეფილდმა” ურემოვიჩს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა. გუნდი ჩემპიონშიპში მე-5 ადგილზე იმყოფება და პრემიერ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

25 წლის ურემოვიჩი ხორვატიის ნაკრების წევრია და 7 მილიონ ევროდ ფასობს. მისი ინგლისში გადასვლა აქარწყლებს იმ ჭორებს, რომ ინგლისურ კლუბებს სიტყვიერი შეთანხმება აქვთ რუსულ კლუბებთან მათგან წასული ფეხბურთელების არდამატებაზე.

“რუბინის” დატოვების შემდეგ დრეიერი დანიურ “მიდტიულანდში” გადავიდა, ჰაკსაბანოვიჩი შვედეთში დაბრუნდა, კვარაცხელია ბათუმის “დინამოში”.

გურამ კაშია: “მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას”

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად ამხანაგურ მატჩში ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე, გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

“მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.

აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ.

მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს”, – ციტირებს კაშიას სიტყვებს Nakrebi.Ge.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი პირველ არხზე შეგეძლებათ.

“არქტიკული მელა – ჩვენი ლეგენდა ხარ!” – რას უწერენ რუსები კვარას?

საქართველოს ნაკრების შემტევი ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინთან” კონტრაქტს აჩერებს და კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციის გავრცელებამ რუსეთში დაბლოკილ Instagram-ზე რუს ფანებში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. როგორც ჩანს, რუსები დაბლოკვის მიუხედავად Facebook-ზე და Instagram-ზე შესვლას მაინც ახერხებენ.  აღსანიშნავია, რომ “რუბინის” გულშემატკივრების დიდი ნაწილი მას მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს, რა თქმა უნდა, არიან მეტად ნაწყენებიც.

“ხვიჩა, შენ ძალიან ბევრი რამ გააკეთე ყაზანისთვის. ყველაფრისთვის მადლობა! “რუბინის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ”

“ყველაფრის დიდი მადლობა ლეგენდავ”

“რა ლეგენდა, გამოფხიზლდით”

“დიდი ალბათობით, არც დაბრუნდება. წარმატებები ხვიჩა”

“შეგვეძლო ზაფხულში გაგვეყიდა და ფული მიგვეღო”

“მადლობა “რუბინისთვის” და მადლობა სლუცკისთვის”

“ახლა ვინღა ითამაშებს?

“ხვიჩა – არქტიკული მელაა”

“გააკეთეთ სოლიდური ჩემპიონატი ჩვენი მოთამაშეებით. რუსული და შესაძლოა, ბელარუსული გუნდების დამატებით. შესაძლებელია, ვისწავლოთ ფეხბურთი, ვითამაშოთ და მოვა დრო, როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე ძლიერი კლუბებითა და ფეხბურთლებით გავალთ. მანამდე კი მოძებნეთ ადგილობრივი იდეალური ბიჭები და მწვრთნეელბი”

“საერთაშორისო? ახლა მხოლოდ ბელარუსს თუ ვეთამაშებით”

“ის გაფრინდა, აღარ დაბრუნდება”

“წარმატებები კვარა”

“უფასოდ წავიდა? ეს უკვე ლოკომოტივზე უარესია. მათ ბრილიანტი დაკარგეს და ჩვენც უკვე”

“ეს ბავშვი ადრე რომ გაეშვათ, ფულსაც იშოვიდნენ. ღმერთი ძუნწებს სჯის”

იმედია, კვარაცხელია რუსეთში დაბრუნება ნამდვილად არ მოუწევს.

რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს ბათუმის “დინამო” კვარაცხელიას ტრანსფერით?

“დინამო ბათუმმა” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფაქტია, კვარა ეროვნულ ლიგაში ბევრ სასარგებლო ცვლილებას მოიტანს და განსაკუთრებით, “დინამოსთვის” იქნება პროდუქტიული. მათ შორის:

    1. გაიზრდება ფეხბურთელების მაისურების გაყიდვა
    2. გარანტირებული ანშლაგი ყოველ საშინაო მატჩზე
    3. ევროტურნირებზე მაქსიმალურად წინ წასვლა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის გაცილებით გაზრდილი შანსი
    4. საერთაშორისო ასპარეზზე ცნობადობის გაზრდა

და სხვა მრავალი სასარგებლო შედეგი ხვიჩას დამატებით. არა მხოლოდ “დინამო”, საქართველოს ჩემპიონატის ყურადობაც მოიმატებს და იმ სტადიონებზე დასწრების სურვილი, სადაც ბიჭები (ზურიკო დავითაშვილი) ითამაშებენ.

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა 6-თვიანი კონტრაქტი “ვირტუსთან”.

“ბარსელონას” ფან-საიტი Culemania კიდევ უფრო შორს მიდის და წერს, რომ გუნდი შენგელიას ნიკოლა მიროტიჩის შემდეგ ყველაზე დიდ ხელფასს, 2 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს.

გარდა ამისა, კატალონიელებს მისი ხანგრძლივად შენარჩუნება სურთ და საუბარი 3-4 წლიან კონტრაქტზეა.

“ცსკა”-დან წამოსვლის შემდეგ შენგელია “ვირტუსის” ლიდერად მაშინვე იქცა და 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

“რუბინის” განცხადება: “ხვიჩას მადლობას ვუხდით და წარმატებას ვუსურვებთ”

ყაზანის “რუბინმა” რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

“საფეხბურთო კლუბმა “რუბინმა” და ქართველი ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს. ფეხბურთელის წარმომადგენელსა და კლუბს შორის კონსულტაციები გაიმართა და ორმხრივი შეთანხმება შედგა კონტრაქტის შეჩერებაზე.

ჩვენ მადლობას ვუხდით ხვიჩას გატარებული დროისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ”, – წერია განცხადებაში.

ჯერჯერჯობით, ბოლომდე არ იკვეთება კვარას მოუწევს 30 ივნისს დაბრუნება თუ არა.

ოფიციალურად: კვარაცხელიამ “რუბინი” დატოვა

ყაზანის “რუბინი” ოფიციალურად ადასტურებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბი დატოვა. შრომითი ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეჩერდა.

“საფეხბურთო კლუბმა “რუბინმა” და ხვიჩა კვარაცხელიამ კონტრაქტის შეჩერება გადაწყვიტეს. ფეხბურთელის მხარემ კლუბთან კონსულტაციები გამართა, რის შემდეგაც შრომითი ხელშეკრულების შეჩერების თაობაზე ორმხრივი შეთანხმება იქნა მიღწეული. მადლობა ხვიჩას “რუბინში” გატარებული დროისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ!” – ვკითხულობთ კლუბის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.