ფიფამ უკრაინელი ფეხბურთელებისთვის ახალი წესი შემოიღო

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმის გამო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ სატრანსფერო რეგლამენტში ცვლილება შეიტანა.

უკრაინელ ფეხბურთელებს ახალ კლუბებში გადასვლა სატრანსფერო ფანჯრის გახსნის გარეშე შეეძლებათ. ტრანსფერი შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს სამშობლოდან გასვლის უფლებას მისცემენ. კლუბებს ორ უკრაინელ მოთამაშეზე მეტის დარეგისტრირება არ შეეძლებათ. ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული კლუბის ასოციაციაში ფეხბურთელთა რეგისტრაციის პერიოდი დახურულია.

ფიფა რუსეთს საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტისა და მშვიდობის დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

სანიოლის ვრცელი კომენტარი, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრების ხუთი ლიდერი

საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შემადგენლობის დასახელების პარალელურად, ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩების შესახებ ისაუბრა. 

ვილი სანიოლი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):< „ჩვენ ორივე მატჩს სტუმრად ვატარებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან. გასულ შემოდგომაზე ჩვენ ვნახეთ, რომ სტუმრად თამაში კარგად შეგვიძლია. გუნდში შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ჩემი ამოცანაა, გუნდში ეს დინამიკა მარტიდან ივნისამდე შევინარჩუნო. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშემ უკვე იცის, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე. ეს პირველ რიგში დისციპლინაა. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი დისციპლინა გამოავლინა და იმედია ეს მომავალშიც ასე იქნება. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაღწევთ წარმატებას. წელს ჩვენ წარმატებით გვსურს ერთა ლიგაზე გამოსვლა, ამისთვის კი მომზადებაა საჭირო. არ არის საკმარისი, ივნისში შეკრებაზე გამოვცხადდეთ და ვთქვათ – მოდი, დისციპლინით და გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ. ასე არაფერი გამოვა. საჭიროა მომზადება და მარტის თამაშები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი.

ამხანაგური მატჩი საშუალებას გვაძლევს, სიახლეები შემოვიტანოთ და ახალ მოთამაშეებს დავაკვირდეთ. აქ უფრო მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ვიდრე შედეგი. ნოემბერთან შედარებით გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება იქნება. ეს არ არის ჩემი სურვილი, თუმცა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედება მიწევს. ფეხბურთელები ზოგჯერ არ იმყოფებიან კარგ ფორმაში. გამოძახებული მოთამაშეები მაქსიმალურად მოტივირებული იქნებიან ამ ორი მატჩისთვის, რომელიც ჩვენ ივნისის შეხვედრებისთვის მომზადების საშუალებას მოგვცემს.

რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავა გუნდის კაპიტანი და ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში. მადლიერი ვართ იმისთვის, რაც მან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე ნაკრებისთვის გააკეთა. მან სანაკრებო კარიერა დაასრულა. ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს ამის გაკეთება. პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას. ასეთი ხანგრძლივი კარიერის შემდეგ მნიშვნელოვანია ისეთ დროს წასვლა, როდესაც ჯერ კიდევ მაღალ დონეზე თამაშობ, რათა შეინარჩუნო იმიჯი და მაყურებელს დაამახსოვრდე, როგორც დიდი მებრძოლი და კაპიტანი. ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ერთი წლის მანძილზე მასთან მუშაობა.

ჩვენ რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც დაგვაკლდება. დავით ხოჭოლავას ოჯახს უშუალოდ შეეხო მიმდინარე ომი. ჩვენ გვესმის, რომ ის ამჟამად ვერ უთმობს ფეხბურთს სრულ ყურადღებას. მე მას ხშირად ვუკავშირდები და ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. მისთვის ეს რთული სიტუაციაა და ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ განაახლებს თავის კარიერას.

ჩვენ ასევე დაგვაკლდება გიორგი ჩაკვეტაძე. უნდა გვახსოვდეს, რომ მას ძალიან რთული პერიოდი აქვს გამოვლილი. ახლა მისი მთავარი პრიორიტეტია ფიზიკური მონაცემების აღდგენა, რათა კვლავ ჩადგეს ფეხბურთელისა და სპორტსმენისთვის შესაფერის ფორმაში, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ შეეძლოს 90 წუთი თამაში.

ჩვენ ბოლო პერიოდში მის კლუბთან მუდმივი კონტაქტი გვქონდა და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ მას ესაჭიროება თავისი კონდიციების აღდგენა. ივნისში ჩვენ ოთხი მატჩის ჩატარება გვიწევს. ჩვენ გვესაჭიროება სრულად გამოჯანმრთელებული გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც გუნდს ივნისში დაეხმარება, და ჩვენ სწორედ ამისი იმედი გვაქვს.

მოგეხსენებათ, ირაკლი აზაროვმა უზბეკეთთან შეხვედრაში წითელი ბარათი და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. მე გადავწყვიტე, ის მეორე თამაშზეც არ გამომეძახებინა. მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოედანზე გარკვეული სახის საქციელი მიუღებელია როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ მატჩებში. წინა შემოდგომაზე მე ძალიან კმაყოფილი ვიყავი მისი თამაშით. მას შარშან უკვე ჰქონდა წინსვლა და იმედი მაქვს, რომ ეს მომავალ თვეებშიც ასე იქნება. თუმცა, ჩემი პასუხისმგებლობაა მას ვაჩვენო, რისი გაკეთება არ შეიძლება ფეხბურთში ვფიქრობ, რომ ირაკლი ამას ისწავლის, და ეს ეპიზოდი მას სამომავლოდ დაეხმარება.

აღნიშნული დანაკლისიდან გამომდინარე, ნაკრებს დაუბრუნდა რამდენიმე მოთამაშე და დაემატა რამდენიმე ახალი. ერთ-ერთი მათგანია მექვაბიშვილი. ჩვენ მას უკვე 12 თვეა თვალს ვადევნებთ. ის სტაბილურად თამაშობს თბილისის „დინამოში“. ნაკრებიდან ჯაბა კანკავას წასვლის შემდეგ ლოგიკური იყო ახალი ფეხბურთელების გამოძახება. მან დაიმსახურა თავისი შესაძლებლობების დამტკიცების ეს შანსი. ის თავდაჯერებით უნდა შემოგვიერთდეს და ისწავლოს ისეთი გამოცდილი ფეხბურთელებისგან, როგორიცაა კვეკვესკირი, გვილია და აბურჯანია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლო მომავალში ერთ-ერთი ის მოთამაშე იქნება, რომელიც ნაკრებს დაეხმარება.

ჩვენ სხვა ფეხბურთელებიც გვაკლია, მაგალითად გიორგი ქვილითაია, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ძალიან კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მან ბევრი გოლი გაიტანა. მიხაროდა, რომ მას წინსვლა დაეტყო და ის ეფექტურად თამაშობდა. მე მას სიამოვნებით გამოვიძახებდი, თუმცა ის ბოლო 2-3 კვირის მანძილზე გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და ის მხოლოდ მედიკამენტების დახმარებით ატარებს თამაშებს, რაც მისი ჯანმრთელობისთვის სამომავლოდ დიდ რისკს წარმოადგენს. მე გიორგის ვუთხარი, რომ მან პირველ რიგში საკუთარ სხეულზე უნდა იფიქროს, გამოჯანმრთელდეს, ტკივილი აღარ იგრძნოს. დარწმუნებული ვარ, ის ჩვენ ივნისში დაგვეხმარება.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილს, მას ბოლო პერიოდში კოჭი და მყესი აწუხებდა. ეს იმისი ნიშანია, რომ მას დასვენება და აღდგენა ესაჭიროება, რათა შემდგომ სრული დატვირთვით შეძლოს ვარჯიში და თამაში. შარშან ჩვენ ვნახეთ, რომ „ოქრი“ ნაკრებს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება. ჩვენ ამ მოთამაშეებს დასვენებისა და აღდგენის შესაძლებლობას ვაძლევთ, რათა ისინი ჩვენ კარგ ფორმაში დაგვიბრუნდნენ“.

იხილეთ დასახელებული შემადგენლობა

ვილი სანიოლმა ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს. 25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება.

21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება.

ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, “დინამო თბილისის” 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.

ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო),

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი),  გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), დავით კობოური (კარვინა, ჩეხეთი),

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი: 

25 მარტი – 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა – საქართველო

29 მარტი – 20:00 ალბანეთი-საქართველო

სლუცკი: “თუ ასე გააგრძელებენ, ხვიჩა, რა თქმა უნდა, წავა” (ვიდეო)

“როსტოვთან” წაგებული მატჩის შემდეგ “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ მსაჯები გააკრიტიკა.

“მსურს ვიხილო ნამდვილი ფეხბურთი და არა მსაჯების ბენეფისი. “როსტოვთან” მსაჯი მეშკოვი მთავარი გმირი აღმოჩნდა და ყველაფერს აკეთებდა, რაც მოესურვებოდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა ყველანაირად ვცდილობთ გუნდი გადავარჩინოთ. ჩვენ სუფთა ბურთის ართმევაზე ჯარიმას გვაძლევს, კვარაცხელიას მოცელვისთვის მეტოქის ფეხბურთელი არ დააჯარიმა, შემდეგ კი კვარას ყვითელი უსაფუძვლოდ მისცა. ასეთი ჩემპიონატიდან, რა თქმა უნდა, წავა ლეგიონერი”

“კვარას დიდი ხანია სრული მატჩი არ ჩაუტარებია. ის პასუხისმგებლობას გრძნობს და ძალიან კარგად ითამაშა. როცა ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ვიღაცამ ლიდერობა უნდა აიღოს თავის თავზე. ხვიჩა მართლაც დიდი ლიდერია. ვინც წავიდა, იმათზე გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია. თუ სხვებიც წავლენ, ამაზეც ვიტყვით”

აღსანიშნავია, რომ სლუცკის უკრაინის თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია და შეეცადა, ამ თემისთვის თავი აერიდებინა.

ძალიან გაბრაზებული კვარაცხელია მსაჯებზე

კალაძე: “რაში მჭირდება მოვიგონო, რა თქმა უნდა მე კლიჩკოს”…

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიტალი კლიჩკოსთან მისი საუბრის შესახებ ისაუბრა.

“მინდა გამოვეხმაურო ერთ თემას, თითქოს მე არ მქონია კომუნიკაცია კიევის მერთან და მოვიტყუე. რაში მჭირდება მოვიგონო ის ყველაფერი, თითქოს ველაპარაკე კიევის მერ კლიჩკოს? რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი, ვესაუბრე 3 მარტს, ჯერ იყო და ოფიციალური წერილი გავუგზავნე Whatsapp-ზე. ეს იყო ჩემი და მოლდოვის, სელმეტის მერის ერთობლივი წერილი, რის შემდეგ პირდაპირ გადმომირეკა მან და მითხრა ყველაფერი იქ არსებულ მდგომარეობაზე. ამის მერედაც გვქონდა კომუნიკაცია არამარტო კლიჩკოსთან, ხარკოვის და ირპენის მერებთანაც. ეს იყო რამე განსაკუთრებული ვინმესთვის, ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია” – განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე დღის წინ კლიჩკომ აღნიშნა, რომ მას კახასთან კონტაქტი არ ჰქონია.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა მატჩის დასრულების შემდეგ სიმეონეს ნივთები ესროლეს (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო

“ილია, ჯიგარი ხარ” – როგორ გამოეხმაურა დვალიშვილი ინგლისელის ცემას?

დღეს ილია თოფურიამ ინგლისელ, ჰიუსტონელ პედი პიმბლეტს მაგრად დაარტყა. თოფურიამ ეს მისი და ქვეყნის ღირსების დაცვით მიზნით გააკეთა. ილიას UFC-ის კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი გამოეხმაურა და შემდეგი განცხადება გააკეთა.

“დაახლოებით ორი წლის წინ ამ პიროვნებამ გურამ ქუთათელაძის აქტიგანის ბრძოლაში გამოწვევაზე საქართველოს შეურაწმყოფელი კომენტარით უპასუხა. @iliatopuria ჯიგარი ხარ!”.

მისი პოსტი გურამ ქუთათელაძემაც დაალაიქა.

“გამიშვით, შენი დედა შევე**” – ილია თოფურიამ ტრაბახა ჰიუსტონელი სცემა (ვიდეო)

ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში მისი და პედი პიმბლეტის დაპირისპირების, უფრო სწორად, თოფურიას მიერ ლივერპულელის ცემის ვიდეო გამოაქვეყნა.

“მე შენ გაგაფრთხილე, ეს ტვიტერი არ არის. ეს იმის შედეგია, რომ მე და ჩემს ქვეყანას პატივს არ სცემდი” – დაწერა ილიამ.

ადრე, ტიმბლეტმა გურამ ქუთათელაძეს შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ საქართველომ დაიმსახურა ის, რაც რუსეთმა მას გაუკეთა (საუბარია ტერიტორიების ოკუპაციაზე).

იხილეთ ვიდეო

მბაპე და “რეალი” შეთანხმდნენ

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე და მადრიდის “რეალი” კონტრაქტზე უკვე შეთანხმდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ზეპირი შეთანხმებაა და მხარეებს ჯერ არავითარი დოკუმენტი არ გაუფორმებიათ.

წყაროს ცნობით, მადრიდული კლუბი 23 წლის ფრანგ ფეხბურთელს ხუთწლიან შრომით ხელშეკრულებას შესთავაზებს. “სამეფო კლუბში” გადასვლის შემდეგ მბაპე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

“პარი სენ-ჟერმენსა” და კილიან მბაპეს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. ფრანგი ფორვარდი პარიზული კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ამ პერიოდის განმავლობაში ის სამ-სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი.

გარი ნევილი: “ოლდ ტრაფორდის” ნაცვლად ახალი სტადიონი უნდა აშენდეს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა გარი ნევილმა “წითელი ეშმაკების” საშინაო არენის შესაძლო დანგრევასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა.

“ჩემი აზრით, “ოლდ ტრაფორდის” დანგრევა და ახალი სტადიონის აშენება სწორი იქნება. უკვე არსებული არენის რეკონსტრუქციაზე თანხის დახარჯვას ახალი თანამედროვე სტადიონის აშენება აჯობებს. ვფიქრობ, “მანჩესტერ იუნაიტედს” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი უნდა ჰქონდეს”, – ციტირებს ნევილის სიტყვებს “მანჩესტერ ივნინგ ნიუსი”.

შეგახსენებთ, რომ “ოლდ ტრაფორდი” 112 წლის წინ, 1910 წელს გაიხსნა.

ფედერაციამ და ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.

აქციის ფარგლებში, უკრაინის მოსახლეობისთვის განკუთვნილი დახმარება პირველადი სამედიცინო მოხმარების საგნებს, სამედიცინო ინვენტარს და მედიკამენტებს აერთიანებს. უკრაინაში ასევე გაიგზავნება სხვადასხვა პროდუქტი და ბავშვთა კვება.
ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი):„მხარს ვუჭერთ ჩვენს მეგობრებს, უკრაინელ ხალხს, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა. ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ნაკრების მოთამაშეების ერთობლივი ინიციატივით, უკრაინაშიჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით.
უკრაინელ ხალხს პირველივე დღიდან გამოვუცხადეთ გვერდში დგომა, გვაქვს კომუნიკაცია კოლეგებთან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ცალკეულმა მოთამაშეებმა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა.

ფეხბურთი ნამდვილად განსხვავებული და გამორჩეული სპორტია. ეს არ არის მხოლოდ 90 წუთი და ანგარიში. ზუსტად ამას ვადასტურებთ პირველივე დღიდან და მომავალშიც ვიქნებით ჩვენი უკრაინელი მეგობრების, კოლეგების და უკრაინელი ხალხის გვერდით “.
გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი):ფეხბურთელები ძალიან განვიცდით ვითარებას უკრაინაში. გვინდა, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს. იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება და მოსახლეობაც დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რაც რთული იქნება.
იმით რასაც ჩვენ და ფედერაცია ვაკეთებთ, იმედი გვაქვს, რომ მცირედით მაინც შევძლებთ უკრაინელი ხალხის დახმარებას.

არტიომ ძიუბამ რუსეთის ნაკრებში გამოძახებაზე უარი თქვა – მიზეზი უკრაინაა

რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვალერი კარპინის განცხადებით, მას ძიუბასთან საუბარი ჰქონდა და ფეხბურთელმა ითხოვა, ნაკრებში არ გამოეძახებინათ.

“კვირას მე ვესაუბრე არტიომს ტელეფონით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნაკრებში თამაში სურს, მაგრამ უკრაინაში არსებული რთული სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც მას ბევრი ნათესავი ჰყავს, მოიბოდიშა და ოჯახური მიზეზებით ითხოვა, ნაკრებში არ გამოგვეძახებინა. შევთანხმდით, რომ მასთან კონტაქტზე დავრჩებით და “ზენიტში” მის თამაშებს დავაკვირდებით”, – განაცხადა კარპინმა.

აღსანიშნავია, რომ 1 კვირის წინ “ევერტონის” ფეხბურთელმა მიკოლენკომ ძიუბას მწარედ მიმართა, რაზეც ძიუბას მხოლოდ ასეთი პასუხი ჰქონდა: “მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ”

როგორც ჩანს, უკრაინაში არსებული მდგომარეობა 33 წლის ფეხბურთელზე დიდ გავლენას ახდენს.