რა ელის საქართველოს ნაკრებს? VTB ბანკი გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორი რუსული ბანკი VTB-ია, რომელსაც დასავლეთიდან სანქციები დაადეს და Swift-იდან გათიშეს.

მიუხედავად VTB ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ გაიტანდა თუ არა ბანკის ყველა დეპოზიტორი თავის თანხას, ბანკს ზემოდან კიდევ 562 მილიონი დარჩებოდა, მომხმარებლებმა ბანკომატებიდან ფულის მოხსნა დაიწყეს.

ამ ყველაფრის ფონზე, VTB-მ გადაწყვიტა გაასხვისოს არსებული საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი ბაზისბანკზე. ვითიბის ყველა ფიზიკური პირი მეანაბრე და მსესხებელი გახდება ბაზისბანკის მომხმარებელი. ეს პრაქტიკულად ბანკის გასხვისებასაც ნიშნავს.

ისმის კითხვა, რამდენად დარჩება ფინანსური ორგანიზაცია კვლავ საქართველოს ნაკრების სპონსორი. შესაძლოა, თვითონ ფეხბურთის ფედერაციამ მოინდომოს კონტრაქტის გაწყვეტა, ორმხრივი შეთანხმების გაწყდეს კონტრაქტი ან ვითიბიმ ცალმხრივად გააკეთოს თუ ლიკვიდურობა დაკარგა.

ფედერაციამ კითხვებზე პასუი დღეს უნდა გასცეს.

ხვიჩა კვარაცხელია: “ჩემ პროვოცირებას ცდილობენ და ამისთვის მზად უნდა ვიყო”

ყაზანის “რუბინის” ვებ-გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას “ზენიტთან” მატჩამდე გუშინ ინტერვიუს ჩამოართვეს.

“მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის შემდეგ 2 ნაყოფიერი შეკრება გავიარე, ვხვდები, რომ 100%-ით მზად ჯერ არ ვარ. აქტიურად ვვარჯიშობ, რომ საჭირო ფორმაში ჩავდგე და გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე”

“მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ბევრ რჩევას მაძლევს და ყოველთვის დაზუსტებით ვუსმენ და ბევრს ვსწავლობ. მეუბნება, რომ მეტოქეები ფეხებში სპეციალურად მირტყამენ, ჩემ პროვოცირებას ახდენენ და მე ამისთვის მზად უნდა ვიყო”

“დესპოტოვიჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, თუმცა, ვფიქრობ, სეზონის მე-2 ნაწილისთვის არანაკლებ კარგი ფეხბურთელები გვეყოლება”

კვარაცხელიამ 2 დღის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: “გთხოვთ, შეაჩერეთ ომი!”.

ბიელსა “ლიდსს” ტოვებს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ “ლიდს იუნაიტედის” ბოლოდროინდელი წარუმატებელი შედეგების გამო მარსელო ბიელსა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს. საქმეში უკვე ჩაერთვნენ ადვოკატები, რომლებიც ამ პროცედურის ლეგალურად წარმართვაზე იმუშავებენ.

“ლიდსის” ხელმძღვანელობას გუნდის თავკაცის პოსტზე “ლაიფციგის” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჯესი მარშის მოწვევა სურს. მხარეებს შორის მოლაპარაკება უკვე გაჩაღებულია და შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

“ლიდსი” ინგლისის პრემიერლიგის უკანასკნელ ექვს მატჩში ხუთჯერ დამარცხდა, ერთხელ კი ფრედ ითამაშა. გუნდს სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი უკავია და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს.

ლაშა ტალახაძე: “დროა, ფეხზე დადგეს დედამიწა!”

მსოფლიოს უძლიერესი მამაკაცი ლაშა ტალახაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არის ერთი ადამიანის უაზრო ახირების ბრალი! ერთი კაცის ომი!

“დღეს, უკრაინა არის საქართველოს მდგომარეობაში და ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის, ორმაგად მძიმეა იმ კადრების ყურება, რაც ტელევიზიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხის ბრძოლისუნარიანობით!

პუტინი უნდა მიხვდეს, რომ ტყუილად ღვრის უდანაშაულო სისხლს!

დროა ფეხზე დადგეს დედამიწა!
დროა ყველამ ხმა ამოიღოს!
ჩემი მხარდაჭერა უკრაინას!
გულით ვუსურვებ გამარჯვებას !
მშვიდობა იყოს მეგობრებო!”, – წერს ტალახაძე.

პაულისტამ “მალიორკას” სუპერგოლი გაუტანა (ვიდეო)

“ვალენსიას” ცენტრალურმა მცველმა გაბრიელ პაულისტამ “მალიორკას” ცოტა ხნის წინ ძალიან მაგარი გოლი გაუტანა.

პოლონელები რუსებთან თამაშზე უარს აცხადებენ: “ამის უფლებას სინდისი არ გვაძლევს”

პოლონეთის ეროვნული გუნდი 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო რაუნდის ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებთან თამაშზე უარს აცხადებს.

“სიტყვები აღარ არის საჭირო, მოქმედების დროა! უკრაინის მიმართ რუსეთის ფედერაციის აგრესიის გამო პოლონეთის ნაკრები არ აპირებს პლეიოფში რუსეთთან თამაშს. ჩვენ შვედეთისა და ჩეხეთის (მეორე ნახევარფინალური წყვილი) ფეხბურთის ფედერაციებთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რათა ფიფას ერთიანი განცხადება მივაწოდოთ”, – განაცხადა პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ჩეზარი კულეშამ.

ამ განცხადებას ერთობლივად შეუერთდნენ პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები:

“ჩვენ, პოლონეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, პოლონეთის ფეხბურთის ასოციაციასთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო რუსეთთან საპლეიოფო რაუნდის მატჩი არ ჩავატაროთ. ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ცხოვრებაში ფეხბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც არის. ჩვენ უკრაინელ ხალხსა და ეროვნული ნაკრებიდან ჩვენს მეგობარ ტომაშ კენძიორაზე ვფიქრობთ, რომელიც საკუთარ ოჯახთან ერთად ჯერ კიდევ კიევში იმყოფება”.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა პოლონეთის ნაკრების ლიდერი რობერტ ლევანდოვსკიც:

“სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია რუსეთის ნაკრებთან თამაში, როდესაც უკრაინაში შეიარაღებული გრესია გრძელდება. რუსი ფეხბურთელები და ფანები ამაზე პასუხისმგებელნი ვერ იქნებიან, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავდგებით ისეთ პოზიციაში, თითქოს არაფერი ხდება”.

პოლონეთის ნაკრების კიპერმა ვოიცეხ შჩესნიმ სოციალურ ქსელში დაწერა:

“24 მარტს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპლეიოფო მატჩში რუსეთის ნაკრებთან უნდა გვეთამაშა. ამის წერისას გული კი მწყდება, მაგრამ თამაშის უფლებას სინდისი არ მაძლევს. საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობა ყველაზე დიდი პატივია კარიერაში, მაგრამ ეს მაინც არჩევანია. უარს ვამბობ იმ ფეხბურთელებთან თამაშზე, რომლებიც წარმოადგენენ რუსეთის ღირებულებებსა და პრინციპებს. უარს ვამბობ, ვიდგე მოედანზე ჩემი ქვეყნის ფერებში და ვუსმენდე რუსეთის ჰიმნს. უარს ვამბობ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, რუსეთის ხელისუფლების ქმედებების კანონიერად გამართლების შემთხვევაშიც”.

ფიფაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა.

მანამდე გავრცელებული ცნობით, შენგელია თურქეთში შენიშნეს და გამოთქვეს ვარაუდი ცსკადან წამოსვლის შესახებ.

შენგელიამ ღამე Facebook-ზე პროფილის ფოტო შეცვალა და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა: “ვლოცულობ უკრაინისთვის, მაგრად იდექით”.

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი დადო.

“ვლოცულობ უკრაინისთვის. მაგრად იდექით” – დაწერა შენგელიამ მას შემდეგ, რაც საზოგადოება მისგან მხარდაჭერის დაფიქსირებას ითხოვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თორნიკემ გუნდიც დატოვოს.

ზინჩენკო ქართველ ხალხს მადლობას უხდის

დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს უკრაინის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. გადაღებული ფოტოები მალევე სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა და უკრაინელი ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, გამოხმაურება “მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავისგან, ოლექსანდრ ზინჩენკოსგანაც იყო.

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ.

სამწუხაროდ, რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ჯიმი ტაბიძე და თორნიკე შენგელია ომთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ აკეთებენ.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ მოსკოვის “ცსკა”-ს ლეგიონერები კლუბში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. საკალათბურთოს შესახებ ცნობა არ გავრცელებულა.

უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს შოთა და აჩი არველაძეებმა, ჯაბა კანკავამ, თორნიკე ოქრიაშვილმა, გიორგი წიტაიშვილმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, ვაკო ყაზაიშვილმა, გიორგი ნავალოვსკიმ, ოთარ კაკაბაძემ, გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილმა, სანდრო მამუკელაშვილმა, ზაზა ფაჩულიამ და სხვებმა.

შესაძლოა, რუსეთში მოთამაშე ქართველი სპორტსმენები პირად საუბრებში უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ, მაგრამ ფაქტია, მათ ამ ქვეყნისა და ხალხის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ ჯერ არ გამოუცხადებიათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის “რუბინში” თამაშობს, ზურიკო დავითაშვილი ტულის “არსენალის” წევრია, ხოლო ჯემალ ტაბიძე “უფას” რიგებშია.

კონფერენციის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენციის ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“მარსელი” (საფ) — “ბაზელი” (შვც)
“ლესტერ სიტი” (ინგ) — “რენი” (საფ)
პაოკ (საბ) — “გენტი” (ბელ)
“ვიტესი” (ნიდ) — “რომა” (იტა)
“პსვ ეინდჰოვენი” (ნიდ) — “კოპენჰაგენი” (დან)
“სლავია” (ჩეხ) — ლასკ (ავს)
“ბუდიო-გლიმტი” (ნორ) — “ალკმაარი” (ნიდ)
“პარტიზანი” (სერ) — “ფეინოორდი” (ნიდ)

პირველი მატჩები 10 მარტს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 17 მარტს გაიმართება.

ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ჩატარდა

შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

“რეინჯერსი” (შოტ) — “ცრვენა ზვეზდა” (სერ)
“ბრაგა” (პორ) — “მონაკო” (საფ)
“პორტუ” (პორ) — “ლიონი” (საფ)
“ატალანტა” (იტა) — “ლევერკუზენი” (გერ)
“სევილია” (ესპ) — “ვესტ ჰემი” (ინგ)
“ბარსელონა” (ესპ) — “გალათასარაი” (თურ)
“ლაიფციგი” (გერ) — მოსკოვის “სპარტაკი” (რუს)
“ბეტისი” (ესპ) — “აინტრახტი” (გერ)

“პორტუსა” და “ლიონს” და “ბეტისსა” და “აინტრახტს” შორის გასამართი პირველი მატჩები 9 მარტს ჩატარდება, დანარჩენი შეხვედრები 10 მარტს გაიმართება. საპასუხო მატჩები 17 მარტს ჩატარდება.