აგუერო: “ფრანგული მედია მესის კლავს”

არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი სერხიო აგუერო თვლის, რომ ჟურნალისტები “პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდ ლიონელ მესის უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ.

“ფრანგული მედია მესის კლავს. ლეო კარგად თამაშობს. ისინი მატჩებს ზურგით უყურებენ? ლეო დანარჩენებზე ყოველთვის ხუთი თავით უკეთ თამაშობს”, – ციტირებს აგუეროს სიტყვებს “ლეკიპი”.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი “პარი სენ-ჟერმენში” “ბარსელონადან” 2021 წლის ზაფხულში გადავიდა. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდიანრე გათამაშებაში ჩატარებულ 14 შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

როგორ შეასრულა ნეიმარმა პენალტი “ნანტის” წინააღმდეგ მატჩში (ვიდეო)

პროპაგანდისტი სიმონიანი: “2022 წლის ოლიმპიადა – ჩაწერეთ სწორი პასუხი”

რუსული პროპაგანდისტული მედიის, Russia Today-ის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტი გამოქვეყნა.

“2008 წლის ოლიმპიადა – გათავისუფლება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის”

2014 წლის ოლიმპიადა – ყირიმის დაბრუნება

2022 წლის ოლიმპიადა – ჩაწერეთ სწორი პასუხი”, – დაწერა სიმონიანმა, რომლის პოსტსაც მალევე უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ქართველებისა და უკრაინელების მხრიდან.

როგორც ცნობილია, რუსეთი სწორედ ოლიმპიადების მიმდინარეობისას იწყებს ომს.

რა თანხა გამოიმუშავეს ქართველმა ძიუდოისტებმა თელ ავივის გრან სლემზე გამოსვლით?

17-19 დეკემბერს ძიუდოში თელ ავივის გრან სლემი ჩატარდა. ისრაელის დედაქალაქში გამართულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 15 ძიუდოისტით იასპარეზა. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა სამი მედლის მოპოვება მოახერხა, საიდან ორი ოქროს, ერთი კი ვერცხლისაა.

ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავეს იმ ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც თელ ავივში მედლები მოიპოვეს.

-100კგ: ილია სულამანიძე (ოქრო) – 5000 ევრო
ძიუდოისტი – 4000 ევრო
მწვრთნელი – 1000 ევრო

+100კგ: გურამ თუშიშვილი (ოქრო) – 5000 ევრო
ძიუდოისტი – 4000 ევრო
მწვრთნელი – 1000 ევრო

-57კგ: ეთერ ლიპარტელიანი (ვერცხლი) – 3000 ევრო
ძიუდოისტი – 2400 ევრო
მწვრთნელი – 600 ევრო

“საქართველოში პირველი საქმე მოვიგეთ” – სპორტში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროება დადასტურდა

არასამთავრობო ორგანიზაციამ პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR დაწერა, რომ სასამართლომ სპორტში ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტები დაადასტურა.

1 წლის წინ Phr აცხადებდა, რომ კაცი მწვრთნელი ქალ ფეხბურთელებს სექსუალურად ავიწროებდა და ფულსაც სძალავდა.

“ილოცე, სადმე არ გადამეყარო, ცხვირს მოგატეხავ შე ნაბი*ვარო” – ქვილითაია კვიპროსულ ამბებში

სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, გიორგი ქვილითაია “ანორთოსისის” ფეხბურთელს, ამრ ვარდას მიმართავს და ცხვირის გატეხვით ემუქრება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: “აპოელსა” და “ანორთოსისს” შორის ყოველთვის განსაკუთრებით დაძაბული მატჩები იმართება და ფანებიც ერთმანეთზე კარგი წარმოდგენის ნამდვილად არ არიან.

2 დღის წინ “ანორთოსისმა” “აპოელი” ლორიას საოცარი სეივების წყალობით დაამარცხა. მატჩის შემდეგ “ანორთოსისის” ვინგერმა, ამრ ვარდამ გამარჯვება ფანებთან ერთად აღნიშნა და “აპოელს” შეურაცხყოფა მიაყენა.

“ანორთოსისის” ავტობუსს “აპოელის” ფანები დაედევნენ და ქვებით ავტობუსის ფანჯრები ჩაუმსხვრიეს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

“აპოელი” ინციდენტს ასე გამოეხმაურა: “ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და ძალადობას ფეხბურთში ადგილი არ აქვს! ასევე, ადგილი არ აქვს ფეხბურთში ისეთ ქცევებს, როგორც ეს ამის ოსტატმა, 74-მა ნომერმა გააკეთა”

74 ნომერი სწორედ ამრ ვარდაა, რომელიც საერთოდ გამოირჩევა მსგავსი საქციელებით. მაგალითად, 2017 წლის 9 აგვისტოს “პაოკიდან” დისციპლინის პრობლემების გამო პორტუგალიურ “ფერეინსეში” გაანათხოვრეს, თუმცა 3 დღის მერე კონტრაქტი გაუწყვიტეს. მიზეზად, თანაგუნდელების ცოლების შეურაცხყოფა დასახელდა.

2019 წლის ივნისში ვარდა ეგვიპტის ნაკრებიდან მისი შეუსაბამო საქციელების გამო მოკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავისი გენიტალიების ფოტოებს უამრავ ქალს უგზავნიდა, რომლებმაც შემდეგ ეს ყველაფერი გაასაჯაროვეს. შესაძლოა, სწორედ მათგან ისწავლა ეგვიპტელმა ეს ყველაფერი და ქვილითაიას მიერ მისთვის გაგზავნილი მესიჯი სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“ცხვირს გაგიტეხავ, ილოცე, რომ სადმე არ გადამეყარო შე ნაბი*ვარო”.

შესაძლოა, პოლიციამ გამოძიებაც დაიწყოს…

ესპანური პრესა აღფრთოვანებულია – “ყველაზე დაბალი ხელფასით ძირითადი მეკარე გახდა”

PlazaDeportivo გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მე-2 გუნდისთვის განკუთვნილი მეკარე დღეს “ვალენსიას” ძირითადის წევრია და თანაც, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასით.

“მამარდაშვილში “ვალენსიამ” ჯერ მხოლოდ ნახევარი გადაიხადა, ნახევარს კი ივლისში გადაიხდის და ჯამში 900 ათასი ევრო გამოვა. თვითონ ფეხბურთელსაც დაბალი ხელფასი აქვს, პრემია – ბონუსებით, დაახლოებით, 1 მილიონამდე გამოვა. მასზე ბევრი გუნდში ძალიან ბევრ მოთამაშეს აქვს, მაგრამ ეს ჯერ არაფერია. გიორგი მხოლოდ 21 წლისაა და წინ დიდი კარიერა ელის” – აფასებს PlazaDeportivo მამარდას.

“ვალენსიამ” რივერო სეგუნდა დივიზიონის “ალკორკონში” გაუშვა, სილესენმა ოპერაცია გაიკეთა და კიდევ რამდენიმე კვირა იუქმებს, გიორგიმ კი ხაუმე სკამზე დააბრუნა. თუ ბორდალასი რამე განსაკუთრებულს არ მოიფიქრებს, ქართველი 20 თებერვალს “ბარსელონას” წინააღმდეგ ითამაშებს.

არველაძე “მანჩესტერ იუნაიტედის” მცველსა და “ჩელსის” მეკარეს იმატებს

“ჰალ სიტი””მანჩესტერ იუნაიტედის” 21 წლის მარჯვენა მცველის, დი’შონ ბერნარდს და “ჩელსის” 23 წლის მეკარეს, ნათან ბაქსტერს დაიმატებს.

ბერნარდი 2021 წლის ივლისიდან “ჰალ სიტიში” იჯარით თამაშობს და “ჰალში” მოსვლიდან მისი სატრანსფერო ფასი 1.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ახლა 2.5 მილიონი ევრო ღირს.

ბაქსტერი “ჩელსის” აკადემიის აღზრდილია და 2016 წლიდან მოყოლებული იჯარით გამოდის.

ბერნარდი ბოლო რამდენიმე მატჩია შოთას ნდობას ვერ იმსახურებს და სკამზეა, მაგრამ არველაძე – აჯუნ ილიჯალის გადაწყვეტილებით, “მანჩესტერთან” მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. პროცესი მიმდინარეობს “ჩელსისთანაც”.

“მე უკვე ვესაუბრე ბიჭებს და მითხრეს, რომ მათ მომავალს ჩვენთან ხედავენ. ლიგაში ბევრი მატჩია, ყველა თავის შანსს მიიღებს და “ჰალში” განვითარების ყველა საშუალებაა”, – განაცხადა არველაძემ HullDaily-ისთან.

თურქი მფლობელის “სიტიში” მისვლის შემდეგ კლუბი ცდილობს საჭირო ფეხბურთელები შეიძინონ და არენდაზე არ იყვნენ დამოკიდებულნი. “ბრაიტონს” ნახევარმცველი რაიან ლონგმენის სანაცვლოდ 750 ათასი ევრო უკვე გადაუხადეს.

მბაპე “პსჟ”-ში სამხრეთამერიკელთა პრივილეგიებით უკმაყოფილოა

ფრანგული გამოცემა “ლეკიპი” იუწყება, რომ “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე გუნდში შექმნილი მდგომარეობით უკმაყოფილოა. კერძოდ, 23 წლის ფეხბურთელს სურს, რომ პარიზული პროექტის მთავარი ფიგურა ის იყოს.

მბაპეს გარდა გუნდის სხვა ფრანგი მოთამაშეებიც არიან უკმაყოფილონი იმ ფაქტით, რომ “პარი სენ-ჟერმენში” სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები პრივილეგიებით სარგებლობენ. კერძოდ, სამხრეთამერიკელებს ვარჯიშებზე დაგვიანებისა და შეუსაბამოდ მოქცევის უფლებას აძლევენ.

კილიან მბაპეს “პსჟ”-თან შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 16 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” მის სატრანსფერო ღირებულებას 160 მილიონ ევროდ აფასებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზული კლუბი მბაპეს მოკლევადიან კონტრაქტსა და მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს სთავაზობს.

“რეალი” ერლინგ ჰოლანს მოელაპარაკა

ესპანური სპორტული საინფორმაციო ინტერნეტპორტალი Sport.es-ი იუწყება, რომ მადრიდის “რეალმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდ ერლინგ ჰოლანთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს თანახმად, ნორვეგიელი ფეხბურთელისა და “ბლანკოსის” წარმომადგენლები ერთმანეთს მონაკოში შეხვდნენ. ისინი შეთანხმდნენ, რომ ჰოლანი სხვა კლუბებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს. 21 წლის თავდამსხმელს “შავ-ყვითლების” დატოვება საკუთარი სურვილით შეუძლია, თუმცა თუ ამას ამ ზაფხულს მოისურვებს, ტრანსფერის ერთადერთ ვარიანტად “რეალი” ექნება.

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანი “ბორუსიას” 2020 წლის იანვარში შეუერთდა. მაშინ გერმანელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ “ზალცბურგს” 20 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ნორვეგიელმა ფორვარდმა გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 14 მატჩში 16 გოლი და ექვსი შედეგიანი გადაცემა მიითვალა, ჩემპიონთა ლიგაზე კი სამ შეხვედრაში სამი ბურთი გაიტანა.

ერლინგ ჰოლანსა და “ბორუსიას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ძალა 2024 წლის ზაფხულამდე აქვს. სპეციალიზებული პორტალი “ტრანსფერმარკტი” ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას 150 მილიონ ევროდ აფასებს.

“სამტრედიას” გივი იოსელიანი უკაპიტნებს

“სამტრედია” ეროვნული ლიგიდან გავარდნის შემდეგ თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი, ძირითადად, სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება.

მთავარი მწვრთნელი “შუქურადან” წამოსული გიორგი შაშიაშვილი იქნება და მისი ხელმძღვანელობით, რამდენიმე ამხანაგური მატჩიც გაიმართა. “თბილისი სითისთან” თავი იოსელიანმა და ღირდალაძემ გამოიჩინეს. იოსელიანი კაპიტანი იქნება.

სამტრედიაში, ასევე, ირაკლი კამლაძე, შალვა ნადირაძე, გიორგი ილურიძე და ლუკა შენგელია ითამაშებენ. დანარჩენი მოთამაშეების შესახებ ინფორმაცია სეზონის დაწყებამდე გახდება ცნობილი.

ეროვნული ლიგა 2 სტარტს 1 მარტს აიღებს და პირველ შეხვედრაში “სამტრედია” “ვიტ ჯორჯიას” ესტუმრება.

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს.

ფრანგული “კარკასონის” 21 წლის ბურჯი რუსეთის პირველ გუნდში თებერვალში მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ნარმანია 2019-2020 წლებში თბილისის “არმაზის” ღირსებას იცავდა. ასევე, ის საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრი იყო.

“რუსეთის ნაკრებში თამაში დიდი პატივი და გამოცდილებაა. ჩემს მიმართ თავიდანვე კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი. ვარჯიშებზე ყველა ერთმანეთს ეხმარება, რაც სასიხარულოა. ესპანეთთან შეხვედრის წინ ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ნერვიულობა გამიქრა.

ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ვითამაშებ. ფსიქოლოგიურად, არ შემიძლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი კარგად მოემზადება და კარგ მატჩს ჩაატარებს. დიდი მიზნები გვაქვს, რისთვისაც დრო გვჭირდება”, – ციტირებს ნარმანიას სიტყვებს rugger.info.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და რუსეთი ერთმანეთს 28 თებერვალს, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდებიან.