საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ეროვნულ ნაკრებში გამართული ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია, იქნება ეს საკვალიფიკაციო ეტაპი თუ ამხანაგური. მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებში დავიწყე მუშაობა, მაქსიმალურად ვცდილობ როტაციის პრინციპი გამოვიყენო, რადგან ვთვლი, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მოთამაშეები ვისი ნახვაც მსურს. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს, რომელიც შანსს იმსახურებს, რადგან სწორედ ისინი არიან ეროვნული ნაკრების მომავალი.
კოსოვოს წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა ცუდი მოგონებები დაგვიტოვა, რადგან ამ შეხვედრის მიმართ სხვა მოლოდინი გვქონდა. ესპანეთთან ვიცოდით, რომ რთული თამაში გველოდა, პირველ ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც კოსოვოსთან. მეორე ნახევარში კი, გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით.
ბოლო დღეებში ფეხბურთელებთან ბევრი საუბარი მქონდა, თუ რა მოლოდინი მაქვს მე და რას მოითხოვს უმაღლეს დონეზე თამაში. იმიტომ, რომ ვფიქრობ აუცილებლად უნდა გავიზარდოთ და გავიაზროთ, რომ თუ გვსურს ეროვნული ნაკრები განვითარდეს ყოველდღიურად უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ. ჩემი აზრით, საუბრები, რომელიც გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი გამოვიდა. ხანდახან იმედგაცრუება საჭიროა იმისთვის, რომ მომავალში უკეთ იმუშაო. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ და მითუმეტეს ოქტომბერ-ნოემბერში, მოედანზე განსხვავებულ გუნდს ვიხილავთ, რომლითაც მთელი ქვეყანა იამაყებს”, – ციტირებს სანიოლის სიტყვებს Nakrebi.Ge.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ამხანაგური შეხვედრა 8 სექტემბერს, სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე, 20:30 საათზე დაიწყება.
ფოტო: სფფ