ქეცბაიამ “ანორთოსისში” კიდევ ერთი ქართველი დაიმატა

22 წლის ქართველი ნახევარმცველი ნიკა ნინუა კარიერას თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” გააგრძელებს.

საუბარია 1 წლიან იჯარაზე, რა დროსაც მისი წლიური ანაზღაურების დიდ ნაწილს “ანორთოსისი” დაფარავს. “პაოკთან” შეთანხმება ორშაბათს შედგა და ნინუას მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლა დარჩა. “ანორთოსისი” კონფერენციის ლიგაზე ითამაშებს.

ნიკას “პაოკში” სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა და ხშირად სათადარიგო სკამზე ან განაცხადს მიღმა რჩებოდა. ქეცბაიას მისი დამატება გასულ წელსაც სურდა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა.

ნინუა საბერძნეთში თბილისის “დინამოდან” გადავიდა და მასში ბერძნებმა 750 ათასი ევრო გადაიხადეს.

ოფიციალურად: მარსელ ზაბიტცერი “ბაიერნის” ფეხბურთელია

მიუნხენის “ბაიერნის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას მარსელ ზაბიტცერის ტრანსფერის შესახებ. “ლაიფციგის” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა “რეკორდმაისტერთან” ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, 27 წლის ავსტრიელმა ფეხბურთელმა “ბაიერნთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

2020/21 წლების სეზონში მარსელ ზაბიტცერმა “ლაიფციგის” მაისურით 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ჟირუ: “მილანის” მაისურით თამაში მეამაყება”

ოლივიე ჟირუს “მილანური” კარიერა დიდებულად დაიწყო. გამოცდილმა ფრანგმა თავდამსხმელმა “კალიარისთან” მატჩში გაფორმებული დუბლის შემდეგ, პრესის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

“მილანის” მაისურით თამაში მეამაყება. “სან სიროზე” გამოსვლა და თამაში უდიდეს ემოციებს იწვევს ჩემში.

ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ გუნდის მიერ მოპოვებული დღევანდელი გამარჯვებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ფეხბურთი ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. ფანების მხარდაჭერაც შესანიშნავი იყო.

ვიცი, რომ “მილანის” 9-ნომრიანი ცოტათი უცნაურია, მაგრამ ეს პრობლემა არ არის. მე პაპენის, ვან ბასტენისა და ინძაგის თამაშების ყურებაში გავიზარდე,” – განაცხადა ჟირუმ.

პოგბა: “ეს ყველაზე ძლიერი “მანჩესტერ იუნაიტედია”, რაც “ოლდ ტრაფორდზე” ვთამაშობ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი პოლ პოგბა გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობას საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს და პრემიერლიგის მოგების იმედსაც გამოთქვამს.

“მანჩესტერ იუნაიტედს” ყოველთვის ჰყავდა ძლიერი გუნდი, მაგრამ დღევანდელი შემადგენლობა საუკეთესოა, რაც მე “ოლდ ტრაფორდზე” ვთამაშობ. კლუბის დნმ-ში ტიტულების მოგებისაკენ სწრაფვაა ჩადებული. საკმარისად ძლიერები ვართ იმისთვის, რომ ჩემპიონატი მოვიგოთ. გვესმის, რაოდენ რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ ამ სეზონში ტიტულის მოსაგებად ძალისხმევას არ დავიშურებთ”, – ციტირებს პოგბას სიტყვებს tv2.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერლიგის საწყის სამ ტურში შესაძლო ცხრიდან შვიდი ქულა აიღო.

სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად ძაღლს “კვარა” დაარქვა (ფოტო)

ყაზანის მერმა ილსურ მეტშინმა და “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კამპანია “მომე თათის” ფარგლებში ძაღლთა თავშესაფარიდან თითო-თითო ძაღლი აიყვანეს.

ლეონიდ სლუცკიმ არჩეულ ძაღლს ხვიჩა კვარაცხელიას პატივსაცემად “კვარა” დაარქვა. “კვარა” რუსული კლუბის ბაზაზე იცხოვრებს. ასე რომ, კვარაცხელიას სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში “რუბინში” ერთი “კვარა” მაინც დარჩება.

სულშერმა რონადლუს დებიუტის სავარაუდო თარიღი დაასახელა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ პრემიერ ლიგის მესამე ტურის მატჩში “ვულვზი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის შემდეგ “მანკუნიანელების” თავკაცს, ოლე-გუნარ სულშერს, ჰკითხეს, შეძლებდა თუ არა რონალდუ 11 სექტემბერს “ნიუკასლის” წინააღმდეგ თამაშს.

“დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება. ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ ამის ორგანიზებისთვის. რონალდუ დიდებულია, ის უკვე კაცია. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, როდესაც მასთან ერთად ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ამ მატჩისთვის ის სრულ მზადყოფნაში იყოს.

რა თქმა უნდა, ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან. ზოგს რონალდუსთან ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. ალბათ ყველამ ნახეთ გულშემატკივრების ემოციებიც. სწორედ ასეთი დიდია რონალდუს ფაქტორი,” – განცხადა სულშერმა.

როი კინი: “იუნაიტედი” სერიოზულ ტიტულს რონალდუსთან ერთადაც ვერ მოიგებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა როი კინმა გუნდში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ეს დიდებული ამბავია “იუნაიტედისთვის”, ფანებისთვის და პრემიერლიგისთვის. ის ჯერაც უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მას ჯერ კიდევ აქვს გამარჯვებების წყურვილი, აქ ფულისთვის არ გადმოსულა. მას უკვე აქვს საკმარისი ქონება.

კრიშტიანუ ჭკვიანი ბიჭია, ის “იუნაიტედში” გამარჯვებებისთვის მოვიდა, თუმცა არა მგონია, რომ რაიმე სერიოზული ტიტული მოიგოს, რადგან გუნდს რონალდუსთან ერთად თუ მის გარეშე ნახევარდაცვაში უცვლელი პრობლემები აქვს. მიუხედავად ამისა, გუნდს ინგლისის თასის ან ქვეყნის ლიგის თასის მოგება მაინც შეეძლება”, – ციტირებს როი კინის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.

უკრაინის ნაკრების თავკაცი: “რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს არ გამოვიძახებ”

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა, ალექსანდრ პეტრაკოვმა, პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას იმ უკრაინელი ფეხბურთელების საკითხს შეეხო, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ.

“ვთქვათ, რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელები გამოვიძახე – გამანადგურებთ, ასე არაა? გამიგეთ, ამ მომენტისთვის რუსულ კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელების გამოძახებას არ ვაპირებ.

იცით, რატომ? თებერვლის თვეში სახლში ვიყავი, პანდემიის გამო ბევრი ადამიანი იყო უმუშევრად დარჩენილი. ძირძველი კიეველი ვარ, ქალაქში სასეირნოდ როცა გავედი, “დინამოს” სტადიონამდე გზაში ვნახე ომში გარდაცვლილების ფოტოები. გოგოები, ახალგაზრდა ბიჭები, რამდენი გვარი, რამდენი ფოტო…

პირდაპირ გეუბნებით, რომ არა, არ ვაპირებ მათ გამოძახებას. შესაძლოა, დროთა განმავლობაში რამე შეიცვალოს, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ მოხდება,” – აცხადებს პეტრაკოვი პრესკონფერენციაზე.

“ეს გუნდი არ არის” – ჯორჯო კიელინი ალეგრის (ვიდეო)

28 აგვისტოს, იტალიის სერია A-ში “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “ემპოლი” მიიღო და 0:1 დამარცხდა.

მატჩის მიმდინარეობისას კამერებმა დააფიქსირეს ჯორჯო კიელინი, რომელიც საკუთარი გუნდის მთავარ მწვრთნელს ესაუბრებოდა. გამოცდილმა მცველმა ალეგრის უთხრა: “ეს გუნდი არ არის.”

შეგახსენებთ, რომ სერია A-ში ჩატარებულ პირველ ორ მატჩში “იუვემ” მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა. გუნდი დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ.

ვინ იქნება ხვალ – 30 აგვისტო ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე

ხვალ, 30 აგვისტოს, ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ორი წევრი იასპარეზებს. ქართველი პარასპორტსმენები პარაწოლჭიმსა და პარასროლაში იასპარეზებენ.


30 აგვისტო

ვლადიმერ ჭინჭარაული (პარასროლა, 10 მეტრზე სროლაში პნევმატური შაშხანით)

ვლადიმერ ჭინჭარაულის ჯგუფი ასპარეზობას 08:15 საათიდან დაიწყებს. ფინალში მოსახვედრად, საჭიროა, რომ ის 58 სპორტსმენიდან 8 საუკეთესოს შორის მოხვდეს.

აკაკი ჯინჭარაძე (პარაწოლჭიმი, +107კგ)

აკაკი ჯინჭარაძე +107კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს. შეჯიბრი 13:30 საათზე დაიწყება.

რა თანხა გამოიმუშავა გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზასთან გამარჯვებით?

29 აგვისტოს გიგა ჭიკაძემ UFC-ში ქართული ისტორია დაწერა. ქართველი მებრძოლი მთავარ ღონისძიებაზე, 5-რაუნდიან ბრძოლაში ბრაზილიელ ედსონ ბარბოზას დაუპირისპირდა და მეტოქე მესამე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.

mmasalaries.com-ის ცნობით, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოზასთან გამარჯვებით 200 000 დოლარი გამოიმუშავა. თანხა ასე გადანაწილდა:

გიგა ჭიკაძე
გარანტირებული თანხა – 72 000 დოლარი
გამარჯვების ბონუსი – 72 000 დოლარი
სანახაობა – 50 000 დოლარი
სასპონსორო თანხა – 6 000 დოლარი
საერთო ჯამი – 200 000 დოლარი