ოფიციალურად: “რეალმა” ბრაჰიმ დიასი გამოსყიდვის უფლებით გაანათხოვრა

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ბრაჰიმ დიასი, კიდევ ერთხელ გაანათხოვრეს “როსონერიში”. ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, დიასი “მილანში” ორი წლით არის განათხოვრებული და წელიწადში ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ იტალიურ გრანდს სურვილის შემთხვევაში მისი გამოსყიდვა 22 მილიონ ევროდ შეეძლება.

გასულ სეზონსი მარიანო დიასმა “მილანის” მაისურით 39 შეხვედრა ჩაატარა და თავი 7 გატანილი გოლით გამოიჩინა.

“ჩელსის” ტიმო ვერნერის გაყიდვა სურს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებს ტიმო ვერნერის გაყიდვა აქვთ გადაწყვეტილი. Sky in Germany-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბმა ვერნერს ახალი კლუბის ძიებისკენ მოუწოდა.

გარდა იმისა, რომ ვერნერმა გასულ სეზონში გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, “პენსიონერებს” ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ გუნდში ერლინგ ჰოლანდის მოყვანა აქვთ გადაწყვეტილი.

გასულ სეზონში გერმანელმა თავდამსხმელმა 52 მატჩი ჩაატარა საკლუბო დონეზე, გაიტანა 12 გოლი და გააკეთა 15 საგოლე გადაცემა.

ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციას ბოდიში მოუხადა

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის დიდი ჯგუფი ტოკიოში ჩავიდა და ოლიმპიურ სოფელში დაბინავდა. ქართველმა ოლიმპიელებმა ტოკიოს ნარიტას აეროპორტში შეუფერხებლად გაიარეს ყველა აუცილებელი პროცედურა, ჩააბარეს კოვიდ-ტესტიც, მაგრამ ხუთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში აეროპორტში იმყოფებოდნენ და დანიშნულების ადგილას დაგვიანებით, გამთენიისას მივიდნენ.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ოლიმპიადის სატრანსპორტო სამსახურმა დროულად ვერ უზრუნველყო მათი გადმოყვანა ოლიმპიურ სოფელში. ამის გამო, საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელებმა განმარტების მისაღებად საორგანიზაციო კომიტეტს მიმართეს. საორგანიზაციო კომიტეტმა საქართველოს დელეგაციას ბოდიში მოუხადა. მათი თქმით, აეროპორტი მგზავრთა ნაკადებით გადატვირთული იყო, რასაც თან ტექნიკური ხარვეზები დაერთო და მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნის დელეგაციებსაც შეექმნათ.

საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელმა ელგუჯა ბერიშვილმა განაცხადა, რომ ამ გაუგებრობის გამო სპორტსმენების დღის წესრიგი შეიცვალა.

„ძალოსნებმა დღის პირველ ნახევარში დანიშნული ვარჯიშის საღამოსთვის გადაიტანა გვთხოვეს, დაკორექტირდა სხვა სახეობების წარმომადგენელთა გეგმებიც. ჩვენი დელეგაციის წევრებმა უკვე ოლიმპიურ სოფელშიც ჩააბარეს კოვიდ-ტესტები და ასე გაგძელდება მთელი ოლიმპიადის განმავლობაში. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, დაწესებულია საკმაოდ მკაცრი რეგულაციები, თუმცა ამისთვის ყველანი მზად ვართ. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იაპონიაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულთან, საგანგებო და სრულუფლებიან დესპანთან თეიმურაზ ლეჟავასთან. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს აღმოგვიჩინოს ყველა საჭირო დახმარება.

ქართველ სპორტსმენთაგან ოლიმპიურ სოფელში პირველი დაბინავდა სანდრო ბაზაძე, რომელიც თავის ფრანგ მწვრთნელთან ერთად საფრანგეთიდან ჩამოფრინდა. სანდრო უკვე შეუდგა ვარჯიშს, უშუალოდ ოლიმპიურ შეჯიბრებაში კი 24 ივლისს უწევს გამოსვლა. იმავე დღეს იასპარეზებენ ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი, მოკრივე ესკერხან მადიევი და მოცურავე ირაკლი რევიშვილი. სავარაოდოდ, 24-ში პირველ შეხვედრას გამართავს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილიც. მანამდე კი, 23 ივლისს გაიმართება ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია. ჩვენი ორივე მედროშე – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე უკვე ტოკიოში არიან,” – ციტირებს ელგუჯა ბერიშვილის სიტყვებს სეოკ-ის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ლაშა ტალახაძემ ტოკიოში პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

ვიდეო: გიორგი ჭინჭარაული

ოქსანა კალაშნიკოვა: “საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე”

ქართველმა ჩოგბურთელმა, ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 30 წლის სპორტსმენი წერს, რომ მან საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში საჩივრის შეტანა გადაწყვიტა, რადგან საქართველოში პასუხისმგებლობას არავინ იღებს.

“გადავწყვიტე, ვცადო და საჩივარი შევიტანო სპორტულ არბიტრაჟში (CAS), რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ, მაგრამ ამ არაპროფესიონალიზმსა და შეცდომაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს”, – აცხადებს კალაშნიკოვა.

როგორც იცით, 17 ივლისს კალაშნიკოვამ განაცხადა, რომ მას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა შეეძლო, მაგრამ საქართველოდან განაცხადი არ გააგზავნეს.

ამის შემდეგ, განცხადება ჯერ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა, რომელმაც ირიბად თითი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისაკენ გაიშვირა, სეოკ-მა კი პირიქით, ჩოგბურთის ფედერაცია დაადანაშაულა.

ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თავი მოიკლა

ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, უილიამს მარტინესმა, 38 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამპლუით ცენტრალური მცველი სხვადასხვა დროს თამაშობდა “ვესტ ბრომვიჩში”, “ვალენსიენსა” და “რეიმსში”. მისი ბოლო კლუბი ურუგვაის მეორე დივიზიონში მოასპარეზე “ვილა ტერესა” იყო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა უილიამს მარტინესმა სუიციდი.

მომხდარის გამო, ურუგვაის ჩემპიონატში გასამართი მატჩები გადაიდო.

სერხიო რამოსი პსჟ-ის მაისურის ჩაცმის შემდეგ კაპიტნის სამკლავურს ეძებდა (ვიდეო)

ინციდენტი იაპონიაში – ქართველების ავტობუსში ირანელები შეიჭრნენ (ვიდეო)

დღეს, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი, 30-კაციანი ჯგუფი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ჩავიდა. ქართველმა სპორტსმენებმა და პერსონალმა ხანგძლივი ფრენის შემდეგ დაახლოებით 7 საათი აეროპორტში გაატარეს, სადაც მათ კოვიდ 19-ის ტესტები ჩაუტარეს.

ტოკიოს აეროპორტში ჩასულ ქართულ დელეგაციას გაგამარუ დახვდა. სუმოისტი დელეგაციას იაპონურ მხარესთან კომუნიკაციაში დახმარებას უწევდა.

დამღლელი პროცედურების შემდეგ, ქართველების ოლიმპიურ სოფელში წასვლის დრო მოვიდა. გამოჩნდა ავტობუსი, სადაც ისინი უნდა ჩამსხდარიყვნენ, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, იქ რამდენიმე ირანელი სპორტსმენი შეიჭრა და აღარ ჩამოდიოდა.

საბოლოოდ, საქართველოს დელეგაცია ავტობუსში ავიდა და ისინი ოლიმპიურ სოფელში დაგვიანებით გაემართნენ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ სრული ვიდეო (© გაგამარუ)

უეინ ბრიჯი: “რობერტო მანჩინი მძულს”

ინგლისის ნაკრების, ლონდონის “ჩელსისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მარცხენა მცველმა, უეინ ბრიჯმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალის შედეგი ძალიან გულდაწყვეტილია. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ის რობერტო მანჩინის მარცხსაც გულშემატკივრობდა.

“გული ძალიან დამწყდა. ყველამ იცის, რომ მე მანჩინი მძულს. ვერ ვიტყვი, რომ ის ყველაზე ცუდი მწვრთნელია, ვისთანაც მიმუშავია, მაგრამ ტაქტიკურად, ის კარგი სპეციალისტი არ არის.

ჩემი ოჯახი მხოლოდ ინგლისს არ გულშემატკივრობდა, მანჩინის წაგებასაც ვგულშემატკივრობდით. მან “მანჩესტერ სიტიში” პრემიერ ლიგა ფეხბურთელების წყალობით მოიგო, ეს მისი დამსახურება არ ყოფილა.

მანჩინისთან პრობლემები მქონდა, ერთმანეთთან ვიჩხუბეთ. მასთან ერთად რამდენიმე თვე ვიმუშავე, ვარჯიშებზე სიამოვნებას ვერ ვიღებდი. ერთ დღეს, მე და ბელამიმ ვიკითხეთ: “რა მოხდებოდა, თუ იგივე მატჩის დროსაც მოხდებოდა?” მანჩინიმ გვიპასუხა: “მოკეტეთ, მოკეტეთ!” – ციტირებს უიენ ბრიჯის სიტყვებს Corriere Dello Sport.

რობერტო მანჩინიმ და უეინ ბრიჯმა ერთად “მანჩესტერ სიტიში” იმუშავეს, თუმცა მისი მწვრთნელობის დროს ინგლისელი მარცხენა მცველი სამ სხვადასხვა კლუბში გაანათხოვრეს.

“პასუხი ჩოგბურთის ფედერაციისაგან უნდა მოვითხოვოთ” – ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოქსანა კალაშნიკოვას საკითხთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სეოკ-ი აცხადებს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ პასუხი ჩოგბურთის ფედერაციისაგან უნდა მოითხოვოს.

გთავაზობთ განცხადებას:


“საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განმარტება საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებასთან დაკავშირებით.

გავეცანით საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის განცხადებას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ლიცენზირებასთან დაკავშირებით, რომელსაც წინ უძღოდა ჩვენი ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერის ოქსანა კალაშნიკოვას გულწრფელი წუხილი იმის თაობაზე, რომ „განაცხადი არ გააგზავნეს“ და ამის გამო თავის მეწყვილესთან ერთად ვერ მიემგზავრება ოლიმპიადაზე.

ჩვენთვის გასაგებია კალაშნიკოვას ემოციური დამოკიდებულება შექმნილი რეალური ვითარების გამო, როცა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ლიცენზია მიენიჭა ჩოგბურთელებს, რომლებიც ოფიციალური რეიტინგით ჩამორჩებიან ქართულ წყვილს.

იმის ნაცვლად, რომ ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის მიემართა და შესაბამისი განმარტება მოეთხოვა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია თითს სეოკ-ისკენ იშვერს – ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ოლიმპიურმა კომიტეტმა „უმოკლეს ვადაში“ უნდა დაადგინოს, ამ გაუგებრობაში რატომ აღმოვჩნდითო.

ფედერაციას საქმის გაკეთებად ის მიაჩნია, რომ სეოკ-ს გამოუგზავნა პოტენციური ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რომელიც სეოკ-მა, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ მიაწოდა ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს დადგენილი ფორმით და წესით. ეს გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ მარტში მოხდა, ვიდრე ეს ფედერაციის განცხადებაშია მითითებული.
მოგვიანებით, 16 ივნისს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ თავის წევრ ორგანიზაციას – საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას მისი პრეზიდენტის, ხვიჩა მაქაცარიას სახელზე გამოგზავნილი წერილით აცნობა (წერილის ასლი სეოკ-მაც მიიღო), რომ ქართველთაგან, მიმდინარე რეიტინგის თანახმად, ოლიმპიური ლიცენზია მხოლოდ ნიკოლოზ ბასილაშვილს ერგო. იქვე განმარტებულია წყვილთა თანრიგში ლიცენზიების განაწილების კრიტერიუმები.

უტყუარი ფაქტია, რომ ქართული წყვილი იმ მომენტისთვის საერთაშორისო ფედერაციის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა და ამიტომაც არ შეიყვანა ლიცენზიანტთა სიაში. სეოკ-ს არავითარი უფლებამოსილება არ ჰქონდა, მიემართა ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისთვის და მოეთხოვა ჩვენი წყვილისთვის ლიცენზიის მინიჭება. რა მოხდა, 16 ივნისის შემდეგ, რომელი წესისა და დებულების საფუძველზე განაწილდა ლიცენზიები წყვილთა თანრიგში, ეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეროგატივაა და თუ რაიმე არასწორად გაკეთდა, პასუხი უპირველესად საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უნდა მოითხოვოს.

თავის მხრივ, სეოკ-ი სისლხორცეულად არის დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი ქართველი სპორტსმენი წარსდგეს ოლიმპიურ თამაშებზე, შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და, თუ ამის შანსი და საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს, ზემდგომი ორგანიზაციისგან მოითხოვოს ლიცენზიის გადმოცემა.
დიახ, ეს არის საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პირდაპირი მოვალეობა. ოლიმპიურ ლიცენზიების ანაწილებს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია და ამასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს არც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს და არც თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მით უმეტეს – არც სეოკ-ს.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტი მხოლოდ კვოტებს აწესებს სპორტის ოლიმპიური სახეობებისთვის, დანარჩენი კი შესაბამისი საერთაშორისო ფედერაციის მიერ დადგენილი წესებით რეგულირდება.

მოკლედ, ოქსანა კალაშნიკოვამ, ჩოგბურთის გულშემატკივრებმა, ყველა დაინტერესებულმა მხარემ სწორედ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან უნდა მოვითხოვოთ პასუხი კითხვაზე: რატომ გაჩნდა ეჭვები ქართული წყვილის მიმართ მიღებულ შესაძლო უსამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართა ჩვენმა ფედერაციამ ამ საკითხის გასარკვევად.”


 

რუსი ნიჩბოსნები ტოკიოს ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნეს

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ნიჩბოსნები, რომლებსაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოთხადგილიანი ნავებით უნდა ეასპარეზათ, ღონისძიებიდან მოხსნეს. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ოთხიდან ორ სპორტსმენს ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდათ.

დოპინგის წესები ნიკიტა მორგაჩევმა და პაველ სორინმა დაარღვიეს. მათი სინჯები საბერძნეთში აიღეს.

თავდაპირველად, რუსულმა მხარემ სპორტსმენების ოლიმპიადიდან მოხსნის მიზეზად ვარჯიშებზე დაბალი შედეგების ჩვენება დაასახელა, მაგრამ მოგვიანებით ნიჩბოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ მათ მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ განცხადება გაავრცელა.

რუსი ნიჩბოსნების მაგივრად, ამ დისციპლინაში ლიეტუვას ნაკრები იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში დოპინგის ჭარბი რაოდენობის მიღების გამო, რუსეთის ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დროშის გარეშე იასპარეზებს. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ რუსი სპორტსმენი ოქროს მედალს მოიპოვებს, დაჯილდოვების ცერემონიალზე რუსეთის ჰიმნი არ აჟღერდება.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის, ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებას, ტოკიოს ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში მის მონაწილეობასთან დაკავშირებული გაუგებრობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მიიღო ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის ლიცენზია ერთეულთა თანრიგში.

მიუხედავად მიღებული ერთი ლიცენზიისა, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დათქმულ ვადაში მიაწოდა ოლიმპიური ლიცენზიანტების გაფართოებული სია, რის შემდეგაც, საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა, ნიკოლოზ ბასილაშვილის განაცხადთან ერთად, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს წარუდგინა პოტენციური ოლიმპიელების კანდიდატურები.

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, რომლებიც მრავალი წელია აღნიშნულ საქმეს ემსახურებიან და კარგად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. აქედან გამომდინარე, საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია იმედს იტოვებს, რომ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა პირნათლად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა, ყველა წესის დაცვით წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უმოკლეს დროში დაადგენს და ყველა დაინტერესებულ მხარეს აცნობებს, რა მიზეზით ვერ მიიღეს ქართველმა ჩოგბურთელებმა წყვილთა თანრიგში ოლიმპიური ლიცენზიები და რა კრიტერიუმებით მოხვდნენ ტოკიოს ოლიმპიადაზე რეიტინგით ქართველებზე უკან მდგომი ნაკრები გუნდები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებით, მას ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა შეეძლო, მაგრამ ქართულმა მხარემ განაცხადი არ გააგზავნა.