ლუჩანო სპალეტის მოთხოვნით – ხვიჩა იტალიაში სულ მალე ჩავა

იტალიური მედიის ინფორმაციით, “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის, ლუჩანო სპალეტის მოთხოვნით, ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში ივლისის დასაწყისში ჩავა.

გუშინ კვარაცხელიამ ბულგარეთთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა “ნაპოლის” შეკრება ივლისში აქვს ჩანიშნული.

ბათუმის “დინამოს” ივნისში ეროვნული ლიგის 3 მატჩი უწევს, ხოლო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდი 5-6 ივლისს იწყება.

ძალიან დიდი ალბათობით, კვარა ბათუმს პირველ შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება.

მისი დატვირთვა ელიგაშიც ნაკლებად მოხდება.

ობი მიკელი ლუკაკუზე: “პრემიერლიგა ძალიან ძლიერია, იტალიაში თამაში კი 40 წლამდე შეიძლება”

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი თვლის, რომ ინგლისის პრემიერლიგა სიძლიერით იტალიის სერია A-ს ბევრად აღემატება. ნიგერიელის აზრით, სწორედ ამიტომ ვერ ბრწყინავს რომელუ ლუკაკუ “ჩელსიში” ისე, როგორც – მილანის “ინტერში”.

“პრემიერლიგა სულ სხვანაირი ლიგაა. ინგლისის ჩემპიონატი ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი ლიგაა, სერია A კი საკმაოდ ნელია. ინგლისის პრემიერლიგა ძალზედ ხარისხიანი ლიგაა. იტალიის ჩემპიონატთან შედარებით აქ ტემპი საკმაოდ მაღალია. იტალიაში თამაში 40 წლამდე შესაძლებელია, ინგლისში ასპარეზობა კი გაცილებით მეტ ძალისხმევას მოითხოვს”, – ციტირებს ობი მიკელის სიტყვებს Goal-ი.

როგორც ცნობილია, რომელუ ლუკაკუს “ინტერში” დაბრუნება სურს.

ოფიციალურად: კიელინი “ლოს-ანჯელესში” გადავიდა

იტალიელი მცველი ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. 37 წლის ფეხბურთელი MLS-ის ბინადარ “ლოს-ანჯელესის” რიგებში ითამაშებს. ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი 2005 წლიდან ტურინის “იუვენტუსის” ღრისებას იცავდა. მან ამ პერიოდის განმავლობაში “ბებერი სინიორას” რიგებში 559 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. კიელინიმ გუნდთან ერთად ცხრაჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, ხუთ-ხუთჯერ კი ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა.

ბათუმის “დინამოს” მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე 5-მდე შემცირდა

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოს” მომდევნო ხუთი გუნდიდან ერთ-ერთი შეხვდება.

  • “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი)
  • “ლინკოლნი” (გიბრალტარი)
  • “შემროკი” (ირლანდია)
  • “შერიფი” (მოლდოვა)
  • “სლოვანი” (სლოვაკეთი)

ყველაზე სასურველი “როვერსი” ან “ლინკოლნი” იქნება.

ხუთი ცვლილების წესი მუდმივი გახდა

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მატჩში ხუთი ცვლილების წესი სამუდამოდ დაწესდა.

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს კორონავირუსული პანდემიის გამო ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ ფიფას მოთხოვნით წესებში დროებითი ცვლილება შეიტანა. კერძოდ, ფეხბურთელთა უსაფრთხოების მიზნით ეროვნულ და საერთაშორისო შეჯიბრებებში გუნდებს მატჩის მიმდინარეობისას ხუთი ცვლილების განხორციელების უფლება ჰქონდათ. აღნიშნული წესი მომდევნო პერიოდებშიც გაგრძელდა.

ფეხბურთის საერთაშორისო ასოციაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს მთელი რიგი რეკომენდაციები, ხუთი ცვლილების წესი კი მუდმივი გახდა. გარდა ამისა, შეჯიბრებების ორგანიზატორებს გუნდში სათადარიგო ფეხბურთელთა მაქსიმალური რაოდენობის 12-დან 15-მდე გაზრდის უფლება მიეცათ.

ვის კანდიდატურაზე შეჩერდა პარიზელთა არჩევანი ზიდანის უარის შემდეგ

“პარი სენ-ჟერმენი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. გუნდის მოქმედი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო უახლოეს პერიოდში პოსტს დატოვებს.

პარიზელებს ზინედინ ზიდანის მოწვევა სურდათ, თუმცა ფრანგი სპეციალისტისგან შემოთავაზებაზე უარი მიიღეს.

Get French Football News-ის ინფორმაციით, ახლა “პარი სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის მთავარ კანდიდატად “ნიცას” მოქმედი თავკაცი კრისტოფ გალტიე ითვლება, თუმცა კილიან მბაპე მისი მოწვევის წინააღმდეგია. კლუბის ოფიციალური პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ “პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, “ნიცამ” კი მეექვსე პოზიცია დაიკავა.

“საბურთალო” ლაშა ნოზაძეს ჩააბარეს

“საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე გახდა, რომელიც წლებია დედაქალაქურ კლუბში მუშაობს – აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ ფეხბურთელებს ნოზაძე დღეს ოფიციალურად წარუდგინა და წარმატებები უსურვა.

42 წლის სპეციალისტი “საბურთალოში” 2013 წლიდან მუშაობს. ლაშას დამხმარე მწვრთნელის რანგში მოგებული აქვს ეროვნული ლიგა (2018), ორჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის თასის (2019, 2021) და სუპერთასის (2020) გამარჯვებული. 2015 წელს კი პირველი ლიგის ჩემპიონი გახდა, რის შემდეგაც “საბურთალომ” უძლიერესთა რიგებში თამაშის უფლება მოიპოვა.

ოფიციალური წარდგენის შემდეგ, ლაშა ნოზაძემ კომენტარი გააკეთა:

“დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელობა, ვეცდები იმედების გამართლებას. “საბურთალოს” მიზანი უცვლელია – სამეულში მოხვედრა, ევროტურნირებზე რამდენიმე ეტაპის გადალახვა და ტიტულის შენარჩუნება.
წლებია უკვე “საბურთალოში” ვმუშაობ, სამწვრთნელო კარიერა ამ კლუბში დავიწყე, “საბურთალო” ჩემთვის რიგითი გუნდი არაა – ძალიან მიყვარს, ჩემი მეორე ოჯახია.
მადლობა მინდა ვუთხრა ტარიელ ხეჩიკაშვილს, კახა კაშიას, კახა ამირიძეს გვერდში დგომისა და ნდობის გამოცხადებისთვის. მადლობა ლევან კორღალიძეს, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული “საბურთალოსთვის. მადლობა ფეხბურთელებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს და გვერდში მიდგას”, – განმარტა ნოზაძემ.

Fcsaburtalo.ge

ლაშა დვალი: “99%-ით “ფერენცვაროშს” დავტოვებ”

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ლაშა დვალმა ბულგარეთთან თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“დაახლოებით 2 კვირა ვემზადებოდით მატჩებისთის. მოვახერხე სათანადოდ მომზადება. რა თქმა უნდა, მეორე ტაიმში შედარებით რთული იყო ჩემთვის, მაგრამ არა შეუძლებელი. შეგვეძლო მოგება –  შემართება, ბრძოლა, გუნდურობა, არაფერი გვაკლდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით. ველოდებით სექტემბრის თამაშებს”

“99%-ით დავტოვებ “ფერენცვაროშს”, თუმცა სად გადავალ, ჯერ არ ვიცი”.

27 წლის დვალი “ფერენცვაროშში” 2019 წელს “პოგონიდან” გადავიდა და უნგრეთის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა.

წასვლიდან 3 დღეში ვაისი “სლოვანში” მიბრუნდა

სლოვაკური “სლოვანის” დატოვებიდან რამდენიმე დღეში ვლადიმერ ვაისი გუნდში ისევ დაბრუნდა.

როგორც “სლოვანის” წარმომადგენლები ინფორმაციას ავრცელებენ, ამჯერად მხარეებმა შეთანხმება მოახერხეს და მთავარი მწვრთნელი კვლავ ვაისი იქნება.

ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გუშინ გურამ კაშიამაც გააკეთა და პრაქტიკულად უარყო ცნობები მისი და ჯაბა კანკავას გუნდიდან წამოსვლის შესახებ.

“ვაისი დაბრუნდა” – კაშია.

საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი “სლოვანიდან” შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების გამო წავიდა.

მიქაუტაძე “ჰალ სიტიზე”: “მე ფეხბურთს ვთამაშობ, დანარჩენს აგენტები აკეთებენ”

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ჟორჟ მიქაუტაძემ ბულგარეთთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო. ჩემთვის ამდენი ხალხის წინაშე პირველი მატჩი გამოდგა. თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ ბულგარეთი ზედმეტად უკან იდგა და გატანა ვერ მოვახერხეთ. მეც კარგი თავური ამიღო მეკარემ, ხვიჩასაც. საერთო ჯამში, წარმატებული შეკრება გამოგვივიდა”

“ჰალ სიტი”? ჩემმა აგენტებმა უნდა ნახონ. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია” – განაცხადა მიქაუტაძემ.

მიქაუტაძე ამ 4 თამაშის განმავლობაში ბუდუ ზივზივაძესთან ერთად ჩვენი ნაკრების მთავარ შეტევით ხაზს წარმოადგენდა.

 

ხვიჩა კვარაცხელია: “ზუსტად არ ვიცი, “ნაპოლის” შეკრება ივლისშია ჩანიშნული”

საქართველოს ნაკრების უდავო ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბულგარეთთან დაფიქსირებული ყაიმის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“პირველ რიგში მადლობა ყველას ვინც მოვიდა. ამდენი ხალხი იყო და ძალიან მაგარი ატმოსფერო შეიქმნა. დასანანი იყო, რომ ვერ მოვიპოვეთ 3 ქულა. ვერ გამოვიყენეთ მომენტები და არც გაგვიმართლა. დაცვაში გვეთამაშობდნენ. თქვენც ხედავდით, რომ შტურმი მოვუწყვეთ ბოლო წუთებში. არაუშავს, ველოდებით სექტემბერს და ჩრდ.მაკედონიას სახლში აუცილებლად უნდა მოვუგოთ. რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთელი იმისთვის ხარ, რომ ასეთ დატვირთვებს გაუძლო” – განაცხადა ხვიჩამ.

“ნაპოლიზე” ჯერ ზუსტად ვერაფერს ვიტყვი და ზუსტად არ ვიცი. შეკრება ივლისში არის ჩანიშნული”.

კვარაცხელიამ 4-ვე თამაში ძირითადში ითამაშა.

 

სანიოლი: “ბოლოს საწვავი გაგვითავდა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგის გათამაშებაში ბულგარეთთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

ბოლო მატჩებზე: “რა თქმა უნდა, ამ ოთხმატჩიან ციკლს დადებითად შევაფასებდი. ორი კვირის წინ 10 ქულას ბევრი არ ელოდა. გასაგებია, რომ ცოტა იმედგაცრუებულები დავრჩით, თუმცა ეს კარგია – ჩვენ ამბიციურები ვართ. არ მინდა მხოლოდ ბოლო ოთხ მატჩზე ვისაუბრო. დავიწყოთ ოქტომბრიდან – 9 მატჩი, 7 გამარჯვება და კარი მშრალად 7-ჯერ შევინახეთ. მომთხოვნი მწვრთნელი ვარ და ფეხბურთელებს დისციპლინაზე ბევრს ვესაუბრებოდით. მოთამაშეებმა მეტ-ნაკლებად ყველა ის დავალება შეასრულეს, რაც მე მათ მივეცი.”

ბულგარეთთან მატჩზე: “ჩვენ 90 წუთი ვითამაშეთ ბულგარეთის წინააღმდეგ, მეტოქეს 1 საგოლე მომენტიც არ ჰქონია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაცვის ხაზი ძალიან კარგი იყო. 10 დღეში ოთხი მატჩის ჩატარება რთულია და ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა. ბოლო დღეებში ვუყურე გერმანიის, საფრანგეთისა და ბელგიის თამაშებს და შეიძლება ითქვას, თუ დიდ გუნდებს შევადარებთ, ჩვენც კარგი ინტენსივობით ვითამაშეთ. ამ ბოლო ორ კვირაში ჩვენი გუნდის ყველა წევრი ბოლომდე დაიხარჯა, ეს ეხება ფეხბურთელებსაც და ნაკრების პერსონალსაც.

ლობჟანიძე მარჯვენა ფლანგზე სიტუაციას ხშირად ამწვავებდა, ამიტომაც კაკაბაძე თამაშში არ ჩავრთე. ბოლოს რამდენიმე ფეხბურთელი დაღლილი იყო. ცვლილებების გაკეთება ჩემი პასუხისმგებლობაა, ზოგჯერ გადაწყვეტილებები სწორია, ზოგჯერ – არა.

გვქონდა გოლის გატანის შანსები, ბულგარელმა მეკარემ კარგად ითამაშა. დღეს ბევრი რამ იყო დამოკიდებული ფიზიკურ მომზადებაზე, სწრაფად მოძრაობაზე. შეიძლება ითქვას, ბოლოს საწვავი გაგვითავდა. პირველ ნახევარში მსაჯმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მომწონს, რომ ფეხბურთელები ფრის შემდეგ უკმაყოფილოები არიან. თუ ორი კვირის წინ ვინმე მეტყოდა, რომ 10 ქულას ავიღებდით და უკმაყოფილოები დავრჩებოდით, ამას ხელს მოვაწერდით. დღეს მთავარი პრობლემა ენერგიის არქონა იყო.

გულშემატკივარმა გუნდს ბოლომდე დაუჭირა მხარი. დარწმუნებული ვარ, სექტემბერში გულშემატკივრებით სავსე სტადიონზე წარმატებას მივაღწევთ.”

როტაციაზე: “მატჩიდან მატჩამდე ცვლილებების მიზეზი გადატვირთული გრაფიკია. შეუძლებელია 10 დღეში 4 მატჩი ერთი და იმავე შემადგენლობით ჩაატარო. როგორც ყველა მწვრთნელს, მეც მაქვს ჩემს თავში ჩამოყალიბებული სასტარტო თერთმეტეული, მაგრამ ვაწყდებით ტრავმებს და ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. კარგია, რომ ცვლილებების მიუხედავად, ჩვენი იდენტობა არ დაგვიკარგავს. ამ პერიოდში, შეკრებაზე, 29 ფეხბურთელი მყავდა და შემეძლო ყველასათვის თანაბრად გამომეცხადა ნდობა, რითაც მოხარული ვარ.”