კიელინიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაში “იუვენტუსის” მთავარი კონკურენტები დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაში “ბებერი სინიორას” უმთავრესი კონკურენტები დაასახელა.

“იუვენტუსი” დაუმარცხებელი გგონიათ? ეს ასე არ არის. ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტები “ნაპოლი” და “ინტერი” არიან. “მილანიც” ძლიერდება, “რომა” კი ახალგაზრდული გუნდია. ეს კლუბები ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოლებენ”, – ციტირებს კიელინის სიტყვებს Football Italia.

“იუვენტუსს” საწყისი რვა ტურის შემდეგ აქტივში 24 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფი “ნაპოლი” მას ექვსი ქულით ჩამორჩება, მათმა მადევარმა “ინტერმა” კი 16 ქულას მოუყარა თავი.

კიელინი თურქეთში “ფენერბაჰჩეს” წარმომადგენლებს შეხვდა (ფოტო)

თურქული მედიის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” მცველი ჯორჯო კიელინი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც “ფენერბაჰჩეს” წარმომადგენლებთან ერთად ისადილა.

ადგილობრივი პრესის თანახმად, ვიზიტის ერთ-ერთ მიზანს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები წარმოადგენდა. “ფენერბაჰჩე” ბრუნო ალვეშის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ მთავარ ვარიანტად სწორედ კიელინის კანდიდატურას განიხილავს.

თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იტალიის ნაკრების მცველმა სერია A-ს გამარჯვებული გუნდი დატოვოს და “ფენერბაჰჩეში” გადასვლას დათანხმდეს. ცნობისთვის, ჯორჯო კიელინისა და “იუვენტუსს” შორის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისს გასდის.

Giorgio Chiellini in Turkey

სუარესი ფიფასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა სურვილი გამოთქვა, რომ ფიფამ მის მიმართ გამოტანილი სასჯელის გამო ბოდიში მოიხადოს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის უკბინა, რის გამოც ურუგვაელმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დონეზე ცხრამატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

Chiellini - Suarez

“როდესაც დიეგო გოდინმა გოლი გაიტანა, ისე ვერ აღვნიშნე, როგორც მინდოდა, რადგან გაცნობიერებული მქონდა, რომ შეცდომა დავუშვი და ამის გამო შეიძლება დავსჯილიყავი. ვფიქრობ, ფიფას სადისციპლინო კომიტეტში ხვდებიან, რომ ზედმეტად მკაცრი სასჯელი გამომიტანეს. ვისურვებდი, ბოდიში მოიხადონ და აღიარონ, რომ დისკვალიფიკაცია გადაჭარბებული იყო. მე ეს ყველაფერი მოვინანიე.

როდესაც ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ფიფას მიერ გამოტანილი დისკვალიფიკაცია გამაცნო, ვცდილობდი, სიმშვიდე შემენარჩუნებინა, თუმცა ცრემლები მაინც ვერ შევიკავე. შეცდომას ყველა უშვებს, თუმცა მატჩებზე დასწრების აკრძალვა ჩემთვის გაუგებარი რამ გახლავთ”, – სუარესის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

 

კიელინიმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ დღევანდელი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა. შეგახსენებთ, რომ მისი გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც 6 ივნისს “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

გავრცელებული ცნობით, კიელინიმ წვივის კუნთები დაიშავა. ტრავმის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც იტალიელი ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ჯორჯო კიელინიმ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაზე ერთად 40 მატჩი ჩაატარა.

 

სუარესი: “ივანოვიჩი და კიელინიც არიან დამნაშავენი იმაში, რომ ვუკბინე”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ბრანისლავ ივანოვიჩისა და ჯორჯო კიელინისთვის კბენის ფაქტები. ურუგვაელი ფეხბურთელი ამბობს, რომ ეს მცველები მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ უკბინა კიდეც.

“არსებობენ ადამიანები, რომლებიც პრობლემების მოგვარებაში მეხმარებიან. ნაწილობრივ ჩემი ბრალია, თუმცა ნაწილობრივ მცველების ბრალიცაა, რომლებიც პროვოცირებას ცდილობდნენ. მაგალითად, კიელინი და ივანოვიჩი მუდმივად იმის ცდაში არიან, რომ თავდამსხმელი წყობიდან გამოიყვანონ. მათ ძალიან ადვილად შეუძლიათ მეტოქის გაღიზიანება, თუმცა ახლა უკვე სხვანაირად ვიქცევი. მე თავად ვახდენ მცველების პროვოცირებას. მანამდე მათთან ორთაბრძოლებში ვებმეოდი, ახლა უბრალოდ ვერიდები კონფლიქტურ სიტუაციებს”, – ციტირებს სუარესის სიტყვებს cope.es.

 

სუარესი სასამართლო სხდომას დაესწრო (ფოტო)

“ბარსელონასა” და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი ლოზანის სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს სხდომას დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუარესმა იტალიის ნაკრების მცველ ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფასგან ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.

ურუგვაელი ფეხბურთელი ცდილობს, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაცია შეიმციროს.

სასამართლოს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

სუარესმა „ლივერპული“ 25 მილიონით აზარალა

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, რის გამოც ფიფამ ურუგვაელი თავდამსხმელი ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სუარესს ოთხი თვის განმავლობაში ყველანაირი საფეხბურთო საქმიანობა აკრძალული აქვს.

ამ გახმაურებულმა ინციდენტმა ინგლისური „ლივერპული“ 25 მილინი ფუნტით აზარალა.

ბრიტანული „დეილი მეილის“ ცნობით, მერსისაიდული კლუბი სუარესს 100 მილიონ ფუნტად აფასებდა. 27 წლის ფეხბურელის მიმართ სერიოზულ დაინტერესებას იჩენდნენ მადრიდის „რეალი“ და „ბარსელონა“. მუნდიალზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ „ლივერპულმა“ სუარესის ღირებულება 75 მილიონ ფუნტამდე შეამცირა. საბოლოო ჯამში, ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ გუნდში გადავიდა.

სუარესი „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი იქნება. ურუგვაელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს ამ კვირაში მოაწერს ხელს. სუარესი კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს, რაც მხოლოდ ლიონელ მესის, ნეიმარის და ანდრეს ინიესტას ჯამაგირს ჩამოუვარდება.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კონტრაქტში სპეციალური პუნქტი ჩაიწერება, რომლის თანახმადაც, თუ სუარესი კიდევ ეცდება ვინმეს კბენას, მისი ხელფასი 30 პროცენტით (წელიწადში 3 მილიონი) შემცირდება.

სხვათა შორის, სუარესის დისკვალიფიკაციაზე კომენტარი გააკეთა ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელის მიმართ მეტად მკაცრი ზომები გატარდა.

„სადისციპლინო სანქციები დამოუკიდებელ ორგანოს გამოაქვს. ადრე ამას აღმასრულებელი კომიტეტი აკეთებდა. ახლა ასეთ საკითხებზე სულ სხვა ხალხი მუშაობს. ვთვლი, რომ სუარესს მკაცრი სასჯელი გამოუტანეს. როგორც ადამიანი და გულშემატკივარი, ფეხბურთელს თანაგრძნობას ვუცხადებ, მაგრამ როგორც ფიფას პრეზიდენტი, მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას. მჯერა, რომ სუარესი დაბრუნდება და კვლავ გვიჩვენებს თავის დონეს. ის მართლაც საოცარი მოთამაშეა“, – განაცხადა ბლატერმა.

 

ფაულერი: „სუარესი „ლივერპულის“ სახელის ტალახში ამოსვრას განაგრძობს“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობი ფაულერმა ამავე კლუბის თავდამსხმელის, ლუის სუარესის შესახებ ისაუბრა, რომელსაც იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გუშინ გამართულ მატჩში (1:0) ჯორჯო კიელინისთვის კბენაში სდებენ ბრალს. ფაულერი ურუგვაელ ფორვარდს საქციელს არ უწონებს. მეტიც, ინგლისელი ფეხბურთელი ამბობს, რომ სუარესმა კიდევ ერთხელ მოსვარა ტალახით „ლივერპულის“ სახელი და გასაკვირი არ იქნება, თუ ის „ენფილდს“ დატოვებს.

„როგორც ფეხბურთელი, სუარესი „ლივერპულის“ ბევრ ქომაგს უყვარს, მაგრამ ის კლუბის სახელის ტალახში ამოთხვრას განაგრძობს. მისი მხრიდან ეს არასწორი საქციელია. არადა, მან ბოლო ინციდენტის დროს დიდი მხადაჭერა მიიღო.

არ გამიკვირდება, თუ სუარესი გუნდიდან წავა. მან „ლივერპულის“ სახელი კვლავ მოსვარა ტალახით. ეს დაუშვებელია. მისი დაცვა არ შეიძლება. კი ბატონო, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მომწონს, მაგრამ ასეთ ქმედებებზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება“, – აღნიშნა ფაულერმა.

 

გუშინდელ ფაქტს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა „ლივერპულის“ ადმინისტრაცია.

„საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“ ამ ეტაპზე არ აპირებს, რაიმე განცხადების გაკეთებას ლუის სუარესთან მიმართებაში, რადგან საქმე განსახილველად ფიფაშია. დადგენილი წესით უნდა მოხდეს მოთამაშისა და ურუგვაის ნაკრების მიმართ რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფიფა აღნიშნული ინციდენტის განხილვას დღეს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციით, თუ სუარესს ბრალდება დაუმტკიცდება, მას მინიმუმ ორმატჩიანი, მაქსიმუმ კი — 24-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ვრცელდება ცნობაც იმის შესახებ, რომ ურუგვაელი თავდამსხმელი ფიფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

კიელინიმ სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

იტალიის სერია A-ს სადისციპლინო კომიტეტმა გათამაშების 37-ე ტურში „რომასა“ და ტურნირის „იუვენტუსს“ შორის გამართულ მატჩში (0:1) მომხდარი ეპიზოდი განიხილა. აღნიშნულ შეხვედრაში „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ მასპინძელთა ნახევარმცველ მირალემ პიანიჩს იდაყვით დაარტყა.

სადისციპლინო კომიტეტმა კიელინი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

ამრიგად, 29 წლის მცველი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ბოლო ტურში „კალიარისთან“ გასამართ მატჩს და მომდევნო სეზონის ორ შეხვედრას გამოტოვებს.

 

კიელინი: „ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით“

უეფას ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ტურინის „იუვენტუსსა“ და ლისაბონის „ბენფიკას“ შორის გამართული განმეორებითი მატჩი უგოლოდ დასრულდა. პირველი შეხვედრა პორტუგალიელებს ანგარიშით 2:1 ჰქონდათ მოგებული და შესაბამისად, ფინალის საგზური მათ მოიპოვეს.

მატჩის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მცველმა ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ ფინალში გასვლას „იუვენტუსი“ იმსახურებდა.

„ბენფიკას“ პატივს ვცემთ, მაგრამ ვთვლი, რომ ფინალში გასვლას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ძალიან ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე დასრულდა. თითოეული ჩვენგანი იმედგაცრუებულია, რომ საშინაო ფინალში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჩვენივე შეცდომების გამო დავისაჯეთ, თუმცა ეს გაკვეთილად უნდა იქცეს. ვწუხვარ, რომ ფინალში არ ვიქნებით“, – კიელინის სიტყვები „ტუტომერკატომ“ გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩი „სევილიასა“ და „ბენფიკას“ შორის 14 მაისს, ტურინში შედგება.

ბექა დოგრაშვილი

კიელინი: „მინდა, რომ ევროპის ლიგის ფინალში „ნაპოლის“ შევხვდეთ“

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჯორჯო კიელინი ამბობს, რომ მის გუნდს ევროპის ლიგის ფინალში გასვლა აქვს მიზნად დასახული. იტალიელი მცველის თქმით, მას ფინალურ მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ თამაში სურს.

„გვჯერა, რომ ევროპის ლიგის მოგება შეგვიძლია. გულით მინდა, რომ ფინალში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ვითამაშოთ. ტურინულ ფინალში ორი იტალიური გუნდის გასვლა საამაყო საქმე იქნება“, – კიელინის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე „იუვენტუსი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება.

ბექა დოგრაშვილი