ჩრდ.მაკედონიელები: “საქართველოს ყველაზე სუსტი რგოლი დაცვაა”

ჩრდ.მაკედონიური მედია საქართველოსთან მატჩის წინ თავისი ნაკრების შანსებზე და მოწინააღმდეგების სუსტ წერტილებზე წერს.

“გიბრალტართან მოგება არაფერს ნიშნავს, ისედაც ვიცოდით, რომ მოვიგებდით. ხოლო, ბულგარეთთან ფრე წარმატებულად მაშინ ჩაითვლებოდა, თუ საქართველო გამარჯვებას ვერ შეძლებდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა და საქართველოსთან გამარჯვება გვჭირდება, ჯგუფში ლიდერის სტატუსი რომ დავიბრუნოთ”

“მათი მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ბევრი ფეხბურთელი გუნდში ადგილობრივი ბათუმის “დინამოდან” არის, რომელსაც ევროტურნირებზე გასვლა სურს. შეტევების უმეტესობა გიორგი აბურჯანიაზე არის აწყობილი და ჩვენები მასთან ფრთხილად უნდა იყვნენ”

“საქართველოს მთავარი სუსტი რგოლი დაცვაა. მცველები ხისტად თამაშობენ, თუმცა ნელები არიან. წესით, ტრაიკოვსკისა და ელმასს საქმე უნდა გაუადვილდეთ. ჩვენი თავდამსხმელები მათზე უკეთესები არიან, მიუხედავად იმისა, რომ დაბლები არიან”

“საქართველოს ბულგარეთთან ნაკლები ბურთის ფლობა ჰქონდა, თუმცა 2-მატჩში 9 გოლი გაიტანეს. ეს კარგად გასათვალისწინებელია”, – წერენ ჩვენზე.

მატჩი 22:45 წუთზე დაიწყება და საქართველოს 2-წლინ წინანდელი რევანში აქვს ასაღები.

ჩრდ.მაკედონიის მეკარე: “საქართველოს ნაკრებს გოლის გაუშვებლად მოვუგებთ”

ჩრდ.მაკედონიის მეკარემ, სტოლე დიმიტრიევსკიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ჩვენ ვემზადებით შეხვედრისთვის, ყველანაირად, როგორც შეგვიძლია. პირადად, ვფიქრობ,რომ გოლსაც არ გავუშვებ და საქართველოს ისე დავამარცხებთ. სახლში თამაში მიყვარს, აქ განსხვავებული ემოციებია. დიდი იმედი მაქვს, ფანები მოვლენ და მხარს დაგვიჭერენ”, – განაცხადა მეკარემ.

თამაში 22:45 წუთზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს “პირველი არხი” უზრუნველყოფს.

“საბურთალოში” ფეხბურთელებს ხელფასი რამდენიმე თვეა არ აუღიათ

“საბურთალომ” ოფიციალურად დაადასტურა მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის წასვლა.

კორღალიძემ “საბურთალო” უკვე მეორედ დატოვა, არადა გუნდი 1 თვეში ევროტურნირებზე უნდა გამოვიდეს და ქვეყნის ღირსება კონფერენს ლიგაზე დაიცვას.

გარდა კორღალიძისა, გავრცელებული ინფორმაციით, გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა, რადგან რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ.

მათი ზუსტი ვინაობა უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ მოთამაშეები სხვადასხვა ქართულ გუნდებში გადანაწილდნენ და მათ შორის, ქუთაისის “ტორპედოში”.

თემურ ქეცბაია – სიტყვის კაცი, რომელიც თავისიანებს არასდროს ღალატობს!

ყველა კვიპროსული პრესა უკვე აქტიურად წერს, რომ თემურ ქეცბაიას მეორე სამწვრთნელო ერა “ანორთოსისში” დასრულებულია.

ქეცბაიას პოსტი სპორტულ დირექტორთან კონფლიქტს შეეწირა. სპორტული დირექტორი სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებს მოითხოვდა, ქეცბას ასისტენტების წასვლას, მათ შორის, ქართველი სოსო ჭედიასი, რასაც თემური არ დათანხმდა.

ქეცბას ასეთი ულტიმატუმი წაუყენეს: გამოცვალე 2 კაცი სამწვრთნელო შტაბში და გააგრძელებ მუშაობას. ან კლუბის დატოვება მოგიწევს. მან მეორე ვარიანტი ამოირჩია და “ანორთოსისიდან” წამოვიდა.

კვიპროსელი ფეხბურთელები, რომლებიც თემურს კარგად იცნობენ, მის საქციელს ღირსეულს უწოდებენ და უფრო მეტად გაოცებულები იქნებოდნენ იმით, ის რომ სხვანაირად მოქცეულიყო.

სამაგიეროდ, ჩვენებური “ანორთოსისთვის” 1 ცენტის შერჩენასაც არ აპირებს და წლიურ ხელფასს, 270 ათას ევროს სრულად ითხოვს.

თუ შეხვალთ სოციალურ ქსელ Twitter-ზე, დღე არ გავა, ქეცბაია “ნიუკასლის” ფანებმა არ გაიხსენონ.

გატუზოს “ვალენსიაში” თავისი მეკარე მიჰყავს?

ესპანური Eldesmarque-ს ინფორმაციით, “ვალენსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება, რომელიც გუნდში 2 კოლუმბიელი ფეხბურთელის, დავიდ ოსპინასა და ხამეს როდრიგესის მიყვანას ცდილობს.

გატუზო ოსპინას “ნაპოლიში” წვრთნიდა, ხამეს როდრიგესის აგენტი, ხორხე მენდესი კი “ვალენსიას” მფლობელთან, პიტერ ლიმთან ძალიან კარგ ურთიერთობაშია და მისი ხამესს კატარიდან ევროპაში დაბრუნება სურს.

აღსანიშნავია, რომ ოსპინას დამატებით მადრიდის “რეალი” და პირადად კარლო ანჩელოტი არის დაინტერესებული, რომელსაც მეკარე ტიბო კურტუას შემცვლელად მიაჩნია.

თავის მხრივ, ის “ნაპოლისგან” 3 მილიონს იღებს და ხელმძღვანელობა მხოლოდ 2 მილიონზეა თანახმა.

“ვალენსიაში” ახალი 3 მეკარე – მამარდაშვილი, სილესენი და ხაუმე ირიცხებიან. სილესენი მიდის, ხაუმე რჩება, მამარდას კი ჯერ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია.

ანდრეა პირლო სამუშაოდ თურქეთში მიდის

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავკაცი ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერას თურქეთში განაახლებს.

წყაროს თანახმად, პირლო “ფათიჰ ქარაგიუმრიუქს” ჩაიბარებს. მხარეებს შორის ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

გასულ სეზონში “ფათიჰ ქარაგიუმრიუქმა” თურქეთის ჩემპიონატში მერვე პოზიცია დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლო “იუვენტუსს” 2020-დან 2021 წლამდე თავკაცობდა. მას სხვა სამწვრთნელო გამოცდილება არ აქვს.

რამდენ ათას ევროს მიიღებს “რუსთავი” “ვალენსიასგან” მამარდაშვილის გამო?

როგორც დავწერეთ, საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” “ვალენსიას” FIFA-ში უჩივლა და მამარდას აღზრდისთვისა და ვარჯიშისთვის, კომპენსაციური ფინანსური დავაც მოიგო.

ეს საერთაშორისო სპორტული სამართლით მიღებული ფაქტია და FIFA-ს სპეციალური რეგულაციები აქვს შემუშავებული, რათა ფეხბურთელის პირველმა გუნდმა მისი აღზრდისთვის კომპენსაცია მიიღოს. საუბარია 12-წლიდან 21 წლამდე მოთამაშეზე.

“რუსთავმაც” ეს საშუალება გამოიყენა და უცხოური იურიდიული ფირმის დახმარებით, გამარჯვება შეძლო. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად რა თანხას მიიღებს ქართული კლუბი, მაგრამ მინიმუმ 75 ათასი ევრო იქნება. შესაძლოა, მოცულობა გაიზარდოს.

ველოდებით “რუსთავის” სპორტული დირექტორის, ბაჩანა ცხადაძის კომენტარს, რომელსაც მსგავს საკითხებში დიდი გამოცდილება აქვს.

ლაშა ტალახაძე: “მწვრთნელს არ დავუჯერე, ეს ჩემთვის კარგი გაკვეთილი იყო”

ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატისასთვის მოსამზადებელ ეტაპზე მიღებული ტრავმის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, 5 ივნისს ტალახაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეექვსედ გახდა, თუმცა ამ ტრიუმფამდე ერთი თვით ადრე მან კუნთის უმძიმესი ტრავმა მიიღო.

“ტრავმის მიღებამდე ძალიან კარგ ფორმაში ვიყავი. ვარჯიშისას, ერთ მისვლაზე ჩვენს მთავარ მწვრთნელს [გიორგი ასანიძეს] არ დავუჯერე. მან მითხრა, რომ წონის ასაწევად არ მივსულიყავი, მაგრამ მინდოდა ის შეკრება კარგად დამესრულებინა. რა თქმა უნდა, როცა ასეთ წონებზე ვარჯიშობ, დაზღვეული არაფრისგან ხარ. ეს ჩემი შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, ფეხის ტრავმა მივიღე.

ეს ჩემთვის ძალიან კარგი გაკვეთილი იყო. სერიოზული ტრავმა აქამდე არასოდეს მიმიღია, ამიტომ ფსიქოლოგიურად უფრო გამიჭირდა, ვიდრე ფიზიკურად.

წინ საქართველოსა და მსოფლიოს ჩემპიონატები გვაქვს. მე მზად ვარ, რომ ასპარეზობა გავაგრძელო. ფსიქოლოგიურად, ვირწმუნე, რომ ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. შეჯიბრის შემდეგ აღარაფერი მაწუხებს. პირიქით, დავრწმუნდი, რომ მეტი შემიძლია”, – განაცხადა 28 წლის სპორტსმენმა პირველი არხის ეთერში.

ტალახაძის ტრავმის ამსახველი ვიდეო

ჩავიმ დი მარიასთან შესაძლო თანამშრომლობა განიხილა

“ბარსელონამ” ანხელ დი მარიას მიმართ ინტერესი გამოხატა.

ესპანური “ასის” ცნობით, კატალონიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა პირადად განიხილა არგენტინელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.

ანხელ დი მარიას “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. მხარეები შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებენ.

დი მარიას კარიერის გაგრძელების კიდევ ერთ ვარიანტად ტურინის “იუვენტუსი” აქვს, თუმცა იტალიურ კლუბთან ოფიციალური შეთანხმება არ მიღწეულა.

ანხელ დი მარიამ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 26 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ვან პერსიმ ყველაზე საფეხბურთო ქვეყანა დაასახელა

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების, ლონდონის “არსენალისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა ინგლისური საფეხბურთო ატმოსფეროს შესახებ ისაუბრა.

“ინგლისში ფანებმა საოცარი დაფასება იციან. როდესაც “ფენერბაჰჩესთან” ერთად “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ სათამაშოდ ჩამოვედი, ფანების მხრიდან ისევ ვიგრძენი უდიდესი პატივისცემა.

ინგლისი საცხოვრებლად დიდებული ქვეყანაა. ხალხი თბილი და მეგობრულია. როტედრამიდან ფრენას სულ რაღაც 40 წუთი სჭირდება, თუმცა სრულიად განსხვავებულ, უმშვენიერეს სამყაროში ხვდები.

ინგლისური ფეხბურთი შემეფერება. პრემიერლიგა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ლიგაა. მოედნები ბილიარდის მაგიდებს ჰგავს. ყველა სტადიონი დიდი ზომისაა და გულშემატკივარი ყველას ბოლომდე ავსებს. ინგლისი ფეხბურთით სუნთქავს”, – ვან პერსის სიტყვები “მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა. ის 2004–2012 წლებში “არსენალის”, 2012–2015 წლებში კი “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც 2012-2013 წლების სეზონში პრემიერლიგა მოიგო.

“რუსთავმა” “ვალენსიას” FIFA-ში ფინანსური დავა მოუგო

გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოდან” “ვალენსიაში” 850 ათასი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, თუმცა “დინამოში” არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია და მისი ეროვნულ ლიგაში დებიუტი “რუსთავის” შემადგენლობაში შედგა.

სწორედ “რუსთავში” კარგი თამაშით გაითქვა სახელი. მაგალითისთვის, “დინამოდან” რუსთავში გადასვლისას 25 ათასი ევრო ღირდა, დაბრუნებისას კი 250 ათას ევროდ იყო შეფასებული.

შესაბამისად, “რუსთავმა” მოითხოვა მისი აღზრდისთვისა და გუნდში ვარჯისთვის კომპენსაცია “ვალენსიასგან”, რაც საერთაშორისო სამართლით მიღებული ფაქტია.

“რუსთავმა” FIFA-ში “ვალენსიას” წინააღმდეგ დავა წამოიწყო და როგორც SilaLawCompany წერს, FIFA-ს მსაჯულთა პალატამ გამარჯვება “რუსთავს” მიაკუთვნა, რომელიც ესპანური გუნდისგან კომპენსაციას მიიღებს.

ჯერჯერობით კლუბებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

კოსტა ჯანაშიამ მერაბ დვალიშვილით ივარჯიშა (ვიდეო)

“ქართველმა ხარმა” კოსტა ჯანაშიამ UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ცალი ხელით აწია და მაგრად ივარჯიშა.