“საბურთალომ” გამოსავალი მოძებნა! ფეხბურთს გულშემატკივარი არ სჭირდება!

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” განცხადებას ავრცელებს.

“გეცოდინებათ, რომ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდება. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით, შეხვედრაზე დაიშვებიან მხოლოდ აკრედიტირებული ჟურნალისტები და მცირე რაოდენობის “საბურთალოსა” და ბათუმის “დინამოს” ქომაგები, რომლებიც ისარგებლებენ სპეციალურად დამზადებული მოსაწვევებით” – წერია განცხადებაში.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, “დინამო არენაზე” მომხდარ ამბავს უკავშირდება, როცა “დინამოების” შეხვედრას 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო და სტადიონზე შეჭრა მოხდა. მაგრამ, საერთოდ, რამდენი ხალხი დადის ხოლმე “საბურთალოს” თამაშებზე?

ფოტო: საბურთალო

დრეიკმა გეიჯის გამარჯვებაზე დიდი თანხა დადო, მაგრამ კვლავ წააგო

ცნობილი რეპერი დრეიკი აგრძელებს წარუმატებელი ფსონები განთავსებას. ამჯერად, დრეიკმა UFC-ის საჩემპიონო ბრძოლაში გეიჯი – ოლივეირას წინააღმდეგ არასწორი მხარე აირჩია და გეიჯის მოგებაზე 550 ათასი დოლარი დადო, რაც მას 1 მილიონ 375 ათას დოლარს მოუტანდა, მაგრამ წააგო.

ოლივეირამ მეტოქე დაამარცხა და თვითონ გამოიმუშავა 500 ათას დოლარზე მეტი.

დრეიკმა მანამდე ხორხე მასვიდალი – კონვიგტონის დაპირისპირებაზე 275 ათასი წააგო. თებერვალში 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი კი ამერიკულ ფეხბურთზე ჩამოვიდა.

“თუ მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონი შემოგვთავაზეს, არ გავყიდოთ?” – ესპანეთში ქართველი მეკარის გაყიდვიდან მოგებას განიხილავენ

“ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოდან” 850 ათასი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მისი გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ესპანელი ფანები ხელმძღვანელობას მისი გამოსასყიდი თანხის მაქსიმალურად სწრაფად გაზრდისკენ მოუწოდებენ, თუმცა რაიმე ახალი ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა. არადა, გიორგი ლა ლიგამ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა და მისით პრემიერ ლიგის გუნდებიც დაინტერესდნენ.

ახლა “ვალენსიას” გულშემატკივრები განიხილავენ, ფინანსური კრიზისის გამო, რამდენი მილიონის სანაცვლოდ დათმობენ მამარდაშვილს.

“წარმოიდგინეთ გუნდი მოვიდა და გიორგის სანაცვლოდ 40 მილიონი დადო. უნდა გავყიდოთ?”

“40 მილიონი? ძალიან თავბრუდამხვევი შემოთავაზება იქნება”

“40 მილიონის მოგება იქნება. 1 მილიონიც კი არ გადაგვიხდია”

“მე მაინც არ გავყიდიდი. ის კლუბის მომავალია”

“მამარდაშვილი ახლა ყველაზე საჭირო ტიპია მოედანზე. მის გარეშე ქულასაც ვერ მოვიპოვებდით”

“100 მილიონი ევრო დავადოთ და მინიმუმ 10 წელი ჩვენი კარი დაიცვას!”

“და მაგ ფულით რას ვიზამთ? მეკარე არ გვინდა? ვის იმედზე უნდა ვიყოთ?”

როგორც ესპანური პრესა წერს, ხელმძღვანელობა გამოსასყიდ თანხად მომდევნო სეზონისთვის სულ მცირე 50 მილიონს განიხილავს.

იტალიურ კლუბებს “VAR ჩელენჯის” დანერგვა სურთ

იტალიური გამოცემა “ტუტოსპორტი” იუწყება, რომ სერია A-ს კლუბებს ჩემპიონატში “VAR ჩელენჯის” დანერგვა სურთ.

წყაროს თანახმად, იტალიური კლუბების სურვილია, მათ თითოეულ შეხვედრაში ვიდეოგამეორების ერთხელ ან ორჯერ გამოყენების უფლება ჰქონდეთ, რაც, მათი აზრით, თამაშის სამართლიანობისა და გამჭირვალობის ხარისხს აამაღლებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გათამაშების ხელმძღვანელთა პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

უეფამ ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცა

დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართულ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე ევროტურნირების ახალი ფორმატი დაამტკიცეს.

2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე გუნდთა რაოდენობა 32-დან 36-მდე გაიზრდება. ერთ საგზურს ევროპის რეიტინგით მეხუთე ეროვნული ჩემპიონატის მესამეადგილოსანი მიიღებს, ერთი დამატებით ადგილი საკვალიფიკაციო ეტაპის ე.წ. “ჩემპიონის გზით” გაირკვევა. თითო-თითო საგზურს მიიღებენ ის გუნდები, რომლებიც ევროტურნირების გასული სეზონის შედეგებით საუკეთესო რეზულტატს აჩვენებენ.

ევროთასებზე ამოქმედდება “შვეიცარიული სისტემა”. თუ მანამდე კლუბი სამი მეტოქის წინააღმდეგ ექვს შეხვედრას ატარებდა (3 შინ, 3 სტუმრად), ახალი ფორმატით თითოეული გუნდი მინიმუმ რვა მატჩს ჩაატარებს რვა სხვადასხვა მეტოქის წინააღმდეგ (4 შინ, 4 სტუმრად), რის შემდეგაც შედგება საერთო სატურნირო ცხრილი. 1-8 ადგილებზე გასული გუნდები მერვედფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მიიღებენ, 9-24 პოზიციაზე მყოფი გუნდები კი მომდევნო სტადიისთვის ერთმანეთში ორმატჩიან საპლეიოფო თამაშს ჩაატარებენ.

ასეთივე ფორმატჩი ჩატარდება ევროპის ლიგა (8 მატჩი საერთო ეტაპზე) და კონფერენციის ლიგა (6 მატჩი საერთო ეტაპზე). ამ ტურნირებზეც 36-36 გუნდი ითამაშებს.

რუსი ექსპერტი: “კვარაცხელიამ ერთხელ გაიბრწყინა და მისგან პელე გამოიყვანეს”

რუსი საფეხბურთო სელექციონერი და ექსპერტად წოდებული პაველ სტიპიდი “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს აფასებს. სტიპიდი “სოკოლში”, “დინამოში”, “ანჟიში” და “ტერეკში მუშაობდა.

“შეხედეთ იტალიის ჩემპიონატს რად იქცა? წაიკითხეთ ტოპ ფეხბურთელების კომენტარები, რომლებმაც მანამდე სერია A-ში ითამაშეს. ახლა ამბობენ, რომ იტალიის ჩემპიონატი ფსკერია და მე მათ ვეთანხმები. როცა ხალხი 36, 38 ან 42 წლის ასაკში თამაშობს, ეს მათ მოსიარულე ლიგად აქცევთ.

მაგრამ კვარაცხელიას იტალიაში თამაში არც გამოუვა, რადგან, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მისი დონე საქართველოს ჩემპიონატია. რუსეთში ერთხელ გაიბრწყინა და ჩვენმა ჟურნალისტებმა მისგან პელე გამოიყვანეს და შემდეგ უცებ ჩაიფუშა. თუ ის ძლიერი ფეხბურთელია, მაშინ ვინ უშლიდა ხელს? ჯერ კიდევ ვეჭვობ, რომ მართლა გადავა “ნაპოლიში”, – განაცხადა სტიპიდმა.

ეს რუსების მხრიდან პირველი შემთხვევა არ არის, როცა კვარაცხელიას მიმართ ასეთ დამოკიდებულებას ავლენენ.

სამსონ ფრუიძის ეფექტი | ჩიხურა მე-3 ლიგიდან ვარდება!

საჩხერის “ჩიხურა” დღეს მე-3 ლიგაში გამოდის, 5 ტურის შემდეგ 5 წაგება აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

იყო დრო, “ჩიხურა” ევროპა ლიგაზე საქართველოს მთავარი წარმდგენი იყო, ყველაზე ბოლოს ვარდებოდა და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა.

ამაში უდიდესი წვლილი 12 წლის განმავლობაში სოსო ფრუიძემ შეიტანა, რომელმაც გუნდი 2020 წლის იანვარში დატოვა და 2 წლის განმავლობაში კლუბი, შესაძლოა, მე-4 ლიგაში ვიხილოთ.

არადა, სოსოს ხელმძღვანელობით საჩხერლები უმაღლეს ლიგაში 2011 წლიდან გამოდიონენ და ყველაზე დაბალი, მე-5 პოზიცია ჰქონდათ დაკავებული. მოიგეს საქართველოს თასი და სუპერთასი.

2020 წლის სეზონში კლუბმა ელიგაში მე-9 პოზიცია დაიკავა და პლეი-აუტში “სამგურალთან”, ორი მატჩის ჯამში, 3-0 დამარცხდა.

2021 წლის სეზონში ფინანსური კრიზისი დაიწყო, 14-ზე მეტი ფეხბურთელი წავიდა, აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდა და ეროვნულ ლიგა 2-ში 36 შეხვედრიდან მხოლოდ ორის მოგება შეძლეს. ჯამში, ბოლო 2 წელში 61-დან მხოლოდ 5-ში იმარჯვეს.

2022 წელი “ჩიხურამ” კვლაც საკმაოდ ცუდად დაიწყო, რამდენიმე უცნობ ლეგიონერთან ერთად, გუნდში მხოლოდ ახალგაზრდები არიან და სხვადასხვა ფაქტორების გამო, ქულის მოპოვება კვლავ ძალიან ურთულდებათ.

სამწუხაროა, რომ ერთ დროს საკმაოდ ძლიერი გუნდი, დღეს ასეთ სიტუაციაშია.

“რაკუვი” ლუკა გაგნიძის რუსებისგან გამოსყიდვას აპირებს

პოლონეთის თასის მფლობელი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “რაკუვი” ლუკა გაგნიძის მოსკოვის “დინამოსგან” გამოსყიდვას აპირებს.

გაგნიძე “რაკუვში” “ურალიდან” 30 ივნისამდე წავიდა, თავის გამოჩენის შანსი ჯერ არ მისცემია, მაგრამ, როგორც მისი აგენტი ირაკლი ლილუაშვილი ამბობს, პოლონელებს გაგნიძის გამოსყიდვის სურვილი აქვს.

“რაკუვი” საჩემპიონო რბოლაშია და მთავარი მწვრთნელი შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებას არ ჩქარობს. დიდწილად, სწორედ ამით და თავდაპირველი მცირე ტრავმით აიხსნება გაგნიძის უთამაშებლობა.

მოსკოვის “დინამომ” თბილისის “დინამოდან” 19 წლის ნახევარმცველი 1.5 მილიონ ევროდ დაიმატა. ევროპელები ფიფას საბოლოო გადაწყვეტილებასაც ელოდებიან, რამდენად მისცემს ორგანიზაცია ფეხბურთელებს უფლებას, რუსეთიდან პირდაპირ კონტრაქტის გაწყვეტით წამოვიდნენ.

სალაჰი ერთ-ერთი ყველაზე ეგოისტი ფეხბურთელია?! (ვიდეო)

“ლივერპულმა” “ტოტენჰემის” დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი 1-1 დასრულდა. ერთ-ერთმა ფანმა ვიდეო გააკეთა, თუ რამდენჯერ დააიგნორა მოჰამედ სალაჰმა ლუიზ დიასი და ასევე მისი სხვა თანაგუნდელებიც.

ანრი: “ყველა ევროპულ კლუბს “რეალის” ეშინია”, “რეალს” კი – “ბარსელონასი”

საფრანგეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

“ყველა ევროპულ კლუბს ეშინია “რეალის”, “რეალს” კი – “ბარსელონასი”, თუმცა პირადად მე მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგას “ლივერპული” მოიგებს. მერსისაიდელები მადრიდელებმა ძლიერები არიან”, – ციტირებს ანრის სიტყვებს CBS Sports-ი.

“ლივერპულსა” და “რეალს” შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 28 მაისს, პარიზის “სტად დე ფრანსზე” გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

იტალიელი ფანი: “ბათუმის “დინამოს” ვგულშემატკივრობ, მინდა ხვიჩამ…”

გორის “დილასთან” ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი გოლი გაიტანა, რომელიც იტალიელების და ნეაპოლური მედიის განსახილველი თემა კვლავ გახდა.

გამოსარჩევი ერთ-ერთი იტალიელის კომენტარი იყო, რომელიც “დინამოს” ჩემპიონობას გულშემატკივრობდა.

“მე ბათუმის “დინამოს” ჩემპიონობა მსურს. იმედია, კვარაცხელია ჩემპიონობის ჟინს მოიკლავს და მომდევნო 2-3 წელი მისი სატრანსფერო ფასის გაზრდაზე იქნება გადართული. 10 მილიონიდან მინიმუმ რამდენიმე უნდა მოუმატოს” – წერს მარსელო.

იქვე, მას კომენტარებში უწერენ, რომ საქართველოს ჩემპიონატი დეკემბერში მთავრდება და ხვიჩა “ნაპოლიში” ზაფხულში ჩავა.

ერთ-ერთი მათგანი ხვიჩას გვარის გამოთქმაზეც “დარდობს”, თუმცა თუ კალეხონის წარმოთქმა ისწავლეს, კვარაცხელიაც არ უნდა გაუჭირდეთ.

“ნაპოლის” გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ქართველის გუნდში მისვლა პრობლემებს ვიქტორ ოსიმენსაც შეუქმნის, რომელიც 2020 წელს “ლილიდან” მივიდა და საკმაოდ გამტანი თავდამხმელია.

ფაქტია, მისი ტრანსფერი “ნაპოლიში” სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იქნება და იტალიელები მას განსაკუთრებულად ელიან.

“ბაიერნი” მანეს ტრანსფერზე მუშაობას იწყებს

გერმანული “სქაის” ინფორმაციით, “ლივერპულის” თავდამსხმელმა სადიო მანემ კარიერა შესაძლოა მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელოს.

წყაროს თანახმად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბავარიული გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სენეგალელი ფეხბურთელი იქნება. კლუბებს მოლაპარაკება ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა გასულ უქმეებზე “ბაიერნის” სპორტული დირექტორი ჰასან სამიჰამიჯიჩი შესაძლო ტრანსფერის განსახილველად მანეს აგენტს შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ სადიო მანე “ლივერპულში” 2016 წელს “საუთჰემპტონიდან” გადავიდა. 30 წლის ფეხბურთელმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 32 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.