“პანათინაიკოსი” — “ოლიმპიაკოსი” არეულობის გამო შეწყდა
საბერძნეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “პანათინაიკოსსა” და “ოლიმპიაკოსს” შორის გამართული მატჩი 70-ე წუთზე შეწყდა, როდესაც ანგარიში “წითელ-თეთრების” სასარგებლოდ 1:0 იყო. ამის მიზეზი ტრიბუნებსა და სტადიონის მიღმა მომხდარი არეულობა გახდა.
შეხვედრა პირველად მე-5 წუთზე შეჩერდა, როდესაც “პანათინაიკოსის” ფანებმა “ოლიმპიაკოსის” სათადარიგოთა სკამს შეუტიეს. მატჩი რვა წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო.
მატჩის 53-ე წუთზე “ოლიმპიაკოსის” თავდამსხმელმა მიგელ გერერომ ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე “პანათინაიკოსის” 50-მდე მხარდამჭერი სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და კვამლის ყუმბარები გამოიყენა. შედეგად, სტადიონზე კვამლი ჩამოწვა. შეხვედრის გერმანელი არბიტრი მარკო ფრიცი 70-ე წუთზე იძულებული გახდა, მატჩი შეეწყვიტა.
სამართალდამცველებმა რვა პირი დააკავეს.