“პორტუ” პორტუგალიის ჩემპიონია
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე “პორტუმ” ჩემპიონის ტიტული გაინაღდა. გუნდმა 32-ე ტურის მატჩში ლისაბონის “სპორტინგი” მიიღო და მეტოქე დანილუ პერეირასა და მუსა მარეგას მიერ გატანილი გოლების წყალობით, ანგარიშით 2:0 დაამარცხა, რითაც ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ “ბენფიკასთან” სხვაობა 7 ქულამდე გაზარდა. ამდენად, “არწივებს” დარჩენილ ორ ტურში “პორტუსთან” დაწევის თეორიული შანსიც აღარ აქვთ.
“პორტუმ” პორტუგალიის ჩემპიონატი 29-ედ, ხოლო უშუალოდ სერჟიუ კონსეისაუს თავკაცობით მეორედ მოიგო. ამ მხრივ რეკორდი “ბენფიკას” ეკუთვნის, რომელსაც ქვეყნის უმთავრესი ტურნირი 37-ჯერ აქვს მოგებული.
როგორც მოგეხსენებათ, პორტუგალიის ჩემპიონს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური ავტომატურად გადაეცემა, ხოლო მეორეადგილოსანს მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოუწევს ტურნირში ჩართვა.