რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი “ფეისბუქს” უჩივის
რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და დღესდღეობით ვოლგოგრადის “როტორის” მთავარი მწვრთნელი დმიტრი ხოხლოვი “ფეისბუქს” უჩივის.
როგორც ირკვევა, ამერიკული სოციალური ქსელი ხოხლოვის გვარს უკრაინელი ხალხის დამამცირებელ სახელად მიიჩნევს, რის გამოც რუს მწვრთნელს ბლოკავს.
“პრობლემა ის არის, რომ ჩემი სახელი დაბლოკილია. ამიტომ, არც მე და არც ჩემს მეგობრებსა თუ ნაცნობებს არ შეუძლიათ “ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის” ნორმალურად გამოყენება. ბევრმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი გვარის ნებისმიერი ფორმით ხსენება იბლოკება. ეს პირველად ამ გაზაფხულის ბოლოს შევამჩნიეთ”, – თქვა ხოხლოვმა.
რუსმა “ფეისბუქის” წინააღმდეგ სარჩელი მოამზადა, რომელშიც წამოყენებული მოთხოვნა, რომ “სოციალურმა ქსელმა ხოხლოვთან დაკავშირებით გარკვეული ქმედებების განხორციელება შეწყვიტოს”. გარდა ამისა, რუსი მორალური ზიანისთვის ამერიკული კომპანიისგან 150 მილიონ რუბლს (ორ მილიონ დოლარზე მეტი) ითხოვს.