“სან პაულუ” ერნან კრესპოს ჩააბარეს
ბრაზილიური “სან პაულუს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე არგენტინის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ერნან კრესპო დაინიშნა. მხარეებს შორის ორწლიან შრომით ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ერნან კრესპომ სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს “პარმას” ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი იტალიის სერია B-ს ბინადარი “მოდენა” ჩაიბარა, რომელსაც წარუმატებელი შედეგების გამო მხოლოდ ერთი არასრული სეზონის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 2017-2018 წლებში კრესპო “პარმას” ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე მუშაობდა. 2018 წლის დეკემბერში მან არგენტინულ “ბანფილდთან” 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მუშაობის პირველ სეზონში გუნდმა მე-16 ადგილი დაიკავა და კრესპო კლუბიდან გაათავისუფლეს.
45 წლის სპეციალისტი გასულ სეზონში არგენტინულ “დეფენსა ი ხუსტისიას” ედგა სათავეში და გუნდთან ერთად სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი კოპა სუდამერიკანა მოიგო.