ზიდანი: “ნეიმარის არყოფნა არაფერს ნიშნავს – მათ დი მარია ჰყავთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრებია. ერთ-ერთ მატჩში მადრიდის “რეალი” საფრანგეთს ესტუმრება და “პარი სენ-ჟერმენს” შეხვდება.

“ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

“აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ კარგი შეხვედრა ჩავატაროთ. კონცენტრაცია არ გვაკლია და ყველანაირად ფოკუზირებულნი ვართ იმაზე, რომ მეტოქე შევაწუხოთ და სასურველ შედეგს ასე მივღწიოთ. გასული მატჩის რეზულტატზე ბევრს არ ვფიქრობთ, რადგან ეს ახალი გამოწვევაა და წინ შეიძლება მოულოდნელობა შეგვხვდეს. შესაძლოა, მოგვიწიოს 90 წუთი ან უფრო მეტი თამაში. წინ ცეცხლოვანი ატმოსფერო გველის. თუმცა, ეს ყოველთვის ასეა, როცა “რეალის” მსგავს გუნდს ხვდები.”

“ნეიმარის არყოფნა არაფერს ცვლის. მათ ჰყავთ სხვა ფეხბურთელი, რომელიც დამატებითი მოტივაციით გამოვა მოედანზე. მაგალითად, ასეთია დი მარია, რომელსაც ბევრ პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა. მას აქვს კარგი დრიბლინგი და დარტყმა მარცხენათი. ამიტომ, ნეიმარის ტრავმამ არ უნდა მოგვადუნოს,” – ამბობს “ზიზუ”.

რაფა ბენიტესს მადრიდის “რეალის” შემტევის შეძენა სურს

“ნიუკასლ იუნატედის” დამრიგებელს, რაფა ბენიტესს ლუკას ვასკესის თავის გუნდში ხილვა სურს. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა, Mirror-ი წერს.

ვასკესი 2015 წლის ზაფხულზე სწორედ ბენიტესის დიდი აქტიურობის შემდეგ დაბრუნდა “ესპანიოლიდან” “რეალში” და მას შემდეგ დაიწყო კლუბში თავის დამკვიდრება. წინა სეზონში ესპანელ მოთამაშეს “ბლნკოსის” მიერ ჩატარებული მატჩების ყველაზე დიდ რაოდენობაში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. სწორედ ვასკესი იყო ის მოთამაშე, რომელიც 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველი თერთმეტმეტრიანი შეასრულა, გაიტანა და გუნდის წარმატებულ სვლას დასაბამი მისცა.

ბენიტესი, რა თქმა უნდა, აცნობიერებს, ლუკასის გადაბირება ურთულესი იქნება. თუმცა, მისი მთავარი კოზირი ვასკესის იმაში დარწმუნებაა, რომ მას “რეალში” აღარ ექნება დიდი სათამაშო დრო. ასენსიო, ისკო, BBC გუნდშია და 26 წლის მოთამაშეს, ესპანელი სპეციალისტის აზრით, დიდი ხნის გატარება არა მოედანზე, არამედ სათადარიგოთა სკამზე მოუწევს.

თავის მხრივ, ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ ბედნიერია იმ შემადგენლობით, რაც ჰყავს და არავის შეძენას ან გაშვებას არ აპირებს.