“საბურთალო” – “შუქურა”: პოლარის სისტემის შედეგები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ეროვნულ ლიგაში უკვე ზედიზედ მეორედ იქნა გამოყენებული პოლარის სისტემა, რომელიც ფეხბურთელთა ფიზიკური აქტივობის ანალიტიკურ სურათს იძლევა.

თავდაპირველად, დაგეგმილი იყო პოლარის სისტემის გამოყენება ტორპედო-დინამოს მატჩზე, თუმცა სფფ-ის მედიაპარტნიორ ჯიეფემ სტუდიოსთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ პოლარი ისეთ მატჩზე დატესტილიყო, რომელიც ინტერნეტსივრცეში გადაიცემოდა, რაც მხარეებს საშუალებას აძლევდა, პირველად დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ფეხბურთელთა მონაცემები პირდაპირ ეთერში ასახულიყო ეკრანზე.

საბოლოოდ, არჩევანი საბურთალო-შუქურაზე შეჩერდა და ამ გუნდების საუკეთესო სამ-სამი ფეხბურთელის მონაცემებს თანდართულ გრაფიკაზე იხილავთ. დაფარული მანძილით ორივე გუნდში საუკეთესო თორნიკე თარხნიშვილი გახდა 11,24 კილომეტრით. სპრინტების რაოდენობით კი მისმა თანაგუნდელმა, ნოდარ იაშვილმა იპირველა – 65 სპრინტი. მაქსიმალური სიჩქარითაც საბურთალოელი გამოირჩა – ლუკა ლაკვეხელიანმა 34,9 კმ/სთ აჩვენა.

სიახლე ეროვნულ ლიგაში: პოლარის სისტემა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ხვალ, 16 სექტემბერს, სამტრედია – ლოკომოტივის მატჩში გამოიყენება თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული საწვრთნელი ტექნოლოგია, რომელიც სპორტის სხვა სახეობებშიც პოპულარულია და „პოლარის“ სახელითაა ცნობილი.

დაფარული დისტანციის, აჩქარებების რაოდენობის, ტემპის ცვალებადობისა და დატვირთვების გაზომვა და ანალიზი რეალურ დროში – ამ სისტემით სხვა უამრავი ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი, რაც დღევანდელ ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი საშუალებაა მწვრთნელებისთვის გუნდის მომზადების პროცესში. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მზადაა, კვლავ აქტიურად ითანამშრომლოს კლუბებთან და ახლო მომავალში სხვა საინტერესო სიახლეებიც დანერგოს ეროვნულ ლიგაში.

Eliga.Ge