“ანჟიმ” “არსენალს” სძლია – ლორია კვლავ სასტარტოშია!

რუსეთის პრემიერ ლიგის მეთოთხმეტე ტურში მახაჩყალაში ადგილობრივმა “ანჟიმ” ტულას “არსენალს” უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3-2 სძლია.

ორივე გუნდის შემადგენლობაში ირიცხება ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სასტარტოში მხოლოდ საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. მიუხედავად ორი გაშვებული გოლისა, კიპერმა კარგად ითამაშა და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი სანაკრებო პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორედ მოხვდა სასტარტოში, რაც მართლაც სასიხარულოა. “ტულას” სათადარიგოთა შორის იყო ქართველი მცველი გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 33-ე წუთზე ჩაერთო.

ამ გამარჯვების შემდეგ, “ანჟიმ” ბოლო ადგილს თავი მაინც ვერ დააღწია. რაც შეეხება გრიგალავას გუნდს, ისინი მეცხრე ადგილზე იმყოფებიან.

კვირკველიას “ლოკომოტივი” “უფასთან” დამარცხდა

რუსეთის პრემიერ ლიგაში მეცამეტე ტურის შეხვედრები გაიმართა.

საბა კვირკველიას “ლოკომოტივი” სტუმრად ეწვია “უფას” და 1-0 დამარცხდა. მინდორზე 90 წუთი გაატარა კვირკველიამ და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. “ლოკომოტივს” ძალიან კარგი შანსი ჰქონდა ამ გამარჯვების შემთხვევაში “ზენიტისთვის” გადაესწრო და პირველ ადგილზე გადასულიყო.

თავის მხრივ დღეს რუსეთში მეორე ქართველმა ფეხბურთელმაც ითამაშა მე-13 ტურის შეხვედრაში. “არსენალ ტულას” სათადარიგოთა შორის იყო გია გრიგალავა, რომელიც შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო, სტუმრად მისმა გუნდმა “ზენიტი” დაამარცხა.

კვირკველიას “ლოკომოტივი” მეორე ადგილზეა, გრიგალავას “ტულა” კი მეცხრეზე.