კავაზაშვილი: “სამწუხაროა, რომ ხვიჩას რუსეთიდან უკანმოუხედავად გაქცევას აიძულებენ”

საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის “ტორპედოს” ყოფილმა მეკარემ ანზორ კავაზაშვილმა ინტერნეტპორტალ Metaratings.ru-სთან კომენტარი გააკეთა რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიას ოჯახს ემუქრებიან იმის გამო, რომ 21 წლის ფეხბურთელს რუსეთი ამ დრომდე არ დაუტოვებია. კავაზაშვილმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

“ეს რა არის? ჩემთვის გაუგებარია ცალკეული პიროვნებების ქმედებები, რომელთაც სხვა ქვეყნებში მყოფი ქართველების დაშინება შეუძლიათ. ეს ნამდვილი დანაშაულია! ასე არ შეიძლება. დღეს საქართველოში 30 ათასზე მეტი რუსი იმყოფება. გავიგე, რომ ზოგიერთ რესტორანში ხულიგნობით არიან დაკავებულნი – ამბობენ, რომ რუსებს არ ემსახურებიან, თუმცა ეს ერთეული შემთხვევებია! დანარჩენი ქართველები, ადამიანურები მიდიან და სჯიან მათ, ვინც ასეთ წარწერებს აკეთებენ.

აღშფოთებული ვარ! ასე როგორ შეიძლება?! ოჯახის მიმართ მუქარა მხოლოდ არასწორი ქმედება არაა. ვინც ამას ბედავს, ყველანი ციხეში უნდა ჩასვან! ქართველებისა და რუსების ერთმანეთის საწინააღმდეგოდ განწყობა აბსურდია, ჩვენ ერთმორწმუნე ერები ვართ, მთელი ცხოვრება ერთმანეთს ვუჭერდით მხარს. რა გამოდის? სადამდე დაეცა მსოფლიო?

გაიგეთ, რომ ხვიჩას კი არა, მის ოჯახს, მის მშობლებს ემუქრებიან. თუ საქართველოში არ დარჩება, შესაძლოა, მისი ოჯახის წევრებს რაღაც დაუშავონ. ვფიქრობ, მას რუსეთის დატოვება მოუწევს. ეს გუნდისთვის დარტყმაა, თანაც “რუბინი” ახლა არც ისე კარგად თამაშობს. ეს სულელური წაგებები გუნდზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს.

ხვიჩა კარგი ბიჭია. სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში ბიჭს აიძულებენ, უკანმოუხედავად გაიქცეს, იქ, სადაც მას არ სურს. დღესდღეობით საქართველოში საფეხბურთო დონე ძალიან დაბალია! ის რუსეთში ავითარებს ოსტატობას. მას “რუბინის” შემდეგ გაეხსნა კარი როგორც კარგ მოსვოკურ გუნდებში, ასევე ევროპაში. ძალიან სამწუხაროა”, – თქვა კავაზაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებით იტალიური “ნაპოლი” არის დაინტერესებული.