2006 წელს ტურინმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა: ქალაქში ტურისტების ცვენა იყო, გაიხსნა მეტრო და სამოცზე მეტი ახალი შენობა. 12 წლის შემდეგ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ოლიმპიური სოფელი იმყოფება – ახლა იქ მიგრანტები ცხოვრობენ.
თამაშების დასრულების შემდეგ, შენობები დიდი ხნის მანძილზე ცარიელი იყო – განსხვავებით არენებისა და სასტუმროებისა, რომლებიც შემდეგში მდიდარმა კომპანიებმა შეისყიდეს. სერჯიო კამპარინომ, ტურინის მმართველმა 2001-2011 წლებში, აღიარა, რომ ქალაქში მუდამ იდგა გამოუყენებელი ობიექტების პრობლემა, რაც ქვეყნის ეკონომიკას დიდ დარტყმას აყენებდა.
ოლიმპიურ სოფელში ყველაფერი ხუთი წლის წინ აირია, როდესაც აფრიკელი მიგრანტები (ძირითადად სომალელები და ლიბიელები) ერთ-ერთ შენობას დაეპატრონენ. რამდენიმე კვირაში ათვისებული კორპუსების რაოდენობა ხუთჯერ გაიზარდა.
ამ ხალხს წასასვლელი არსად ჰქონდა – ადრე მიგრანტები, რომლებიც ლამპედუზას კუნძულზე ბინადრობდნენ, მიღების დროებით ცენტრებში გადაანაწილეს, მისცეს საცხოვრებელი და სამუშაო. 2013 წელს კი ეს პროგრამა დაიხურა და მიგრანტებიც ქუჩაში გაყარეს.
ლტოლვილები, რომლებმაც ოლიმპიური სოფელი დაიკავეს, თავიანთ ამ ქმედებაში სიმბოლურ პროტესტს ხედავენ. წლების განმავლობაში ამ კორპუსებში ათასზე მეტი აფრიკელი ცხოვრობდა, რომლებსაც პოლიციელები რეიდებით არ აწუხებდნენ, მაგრამ არც მხარს უჭერდნენ. მიგრანტების თქმით, მათი მიზანია, აჩვენონ იტალიურ მთავრობას, თუ რამდენად ერთიანები არიან ისინი და როგორი რწმენა გააჩნიათ.
იტალიის მთავრობა 2020 წლამდე ყველა ამ შენობის დემონტაჟს გეგმავს იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ყველა მიგრანტი სამუშაოს, საცხოვრებელსა და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის საშუალებას მიიღებს.