მატჩის დროს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენა, მინისტრის მიერ დაშლილი კლუბი, ქვეყნები, სადაც ფეხბურთი იკრძალება — „ფეხბურთოლოგია“

რუბრიკა „ფეხბურთოლოგიის“ დღევანდელ ნაწილში გთავაზობთ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან ოთხ საინტერესო ფაქტს: როგორ გააკეთა ფეხბურთელმა მატჩის დროს უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა, სად არის აკრძალული ფეხბურთის თამაში, რომელია ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უხეში შეხვედრა და რატომ დაშალა ბრაზილიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბი.

იტალიის ქალაქ ასტიში ადგილობრივი კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა მასკიომ ერთ-ერთი ამხანაგური მატჩიც მიმდინარეობისას ფეხი ბურთს ააცილა და მიწას დაჰკრა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელმა ფეხი სერიოზულად დაიზიანა. შემთხვევის ადგილზე ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომელსაც ისტორიული ღირებულება გააჩნდა. მასკიომ ამ „არქეოლოგიური აღმოჩენისთვის“ ფულადი ჯილდო და სპეციალური პრიზიც მიიღო.

ფეხბურთი ოფიციალურად ექვს ქვეყანაში არის აკრძალული, მათ შორის – ავღანეთში, კამბოჯასა და გრენლანდიაში. ამერიკის შტატ იუტაში ფეხბურთის თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, თუ მოედანი ეკლესიიდან არანაკლებ 1,5 მილის დაშორებითაა. ბეისბოლისთვის, გოლფისა და ამერიკული ფეხბურთისთვის ეს მანძილი 0,5 მილით განისაზღვრება.

1969 წლის 3 ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უდისციპლინო მატჩი გაიმართა. „ტონგჰემის ახალგაზრდულ კლუბსა“ (სურეი) და „ჰაუ-ლის“ (ჰანთსი) შორის შეხვედრა იმდენად უხეში გამოდგა, რომ მსაჯმა 22-ივე მოთამაშე დასაჯა, აქედან ერთ-ერთი ფეხბურთელი და გვერდითი არბიტრი სულაც საავადმყოფოში გააქანეს.

ბრაზილიური საფეხბურთო კლუბი „რა“, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგები ჰქონდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაშალა. საქმე იმაში გახლავთ, რომ გუნდი ძირითადად პოლიციელებისგან შედგებოდა და როდესაც მათი მონაწილეობით მატჩები იმართებოდა, მათ საგულშემატკივროდ სტადიონზე დანარჩენი პოლიციელებიც მიდიოდნენ. ამით სარგებლობდნენ ბოროტმოქმედნი და ქალაქში ქაოსს აწყობდნენ. სამაგიეროდ, ტრიბუნებზე იყო სამაგალითო წესრიგი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

მუნდიალის დაკარგული თასი, კლუბის საფირმო ჰაერი, სოკერის წარმოშობა და განელთა ტრადიცია — „ფეხბურთოლოგია“

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში ახალი რუბრიკა დავამკვიდრეთ – სახელწოდებით „ფეხბურთოლოგია“. წინა ნომერში აღნიშნულ რუბრიკას საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს კიდევ გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ისტორიას მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.

განელთა ტრადიცია
ვინც 2013 წელს გამართულ კონფედერაციის თასის გათამაშების ტელეტრანსლაციებს თვალყურს აქტიურად ადევნებდით, გემახსოვრებათ კომენტატორმა სანდრო ცნობილაძემ ნიგერიის ნაკრების ნახევარმცველ სანდეი მბაზე რომ თქვა, სახელიდან გამომდინარე, ეს ბიჭი, უეჭველად, კვირა დღეს დაიბადაო. ნიგერიისა რა მოგახსენოთ და განაში ეს ტრადიცია მართლაც არსებობს. ამ ქვეყნის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ დაბადების დღე ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოახდენს გავლენას. განაში თითქმის ყველა ბავშვს პირველ ან მეორე სახელად სწორედ იმას უბოძებენ, რომელ დღესაც დაიბადება იგი. ასე მაგალითად, გაეროს ყოფილ გენერალურ მდივან კოფი ანანის სახელი „პარასკევს“ ნიშნავს. „მილანის“ ცნობილი ფეხბურთელის, მაიკლ ესიენის მეორე სახელი კოჯო გახლავთ, რაც „ორშაბათს“ აღნიშნავს.

მუნდიალის დაკარგული თასი
1966 წლის ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ცოტა ხნით ადრე ტურნირის თასი საჯარო გამოფენიდან მოიპარეს. საქმეში პოლიცია და სკოტლანდ-იარდიც ჩაერთო, მაგრამ, მათი გაფაციცებული ძებნის მიუხედავად, ტიტულს ბერ პოულობდნენ. მთავრობამ თასის მპოვნელს ჯილდოდ 60 ათასი ფუნტ სტერლინგიც დაუწესა. ტიტული მხოლოდ შვიდი დღის შემდეგ იქნა ნაპოვნი და ისიც ძაღლის დახმარებით. სასეირნოდ გასულმა ფინია ძაღლმა სახელად პიკლზმა უცაბედად ბუჩქებისკენ ისკუპა, პატრონიც მიჰყვა და ჰოი, საოცრაბავ, ჟიულ რიმეს სახელწოდების თასი! ის ჩემპიონატი ინგლისის ნაკრებმა მოიგო. ტურნირის ბოლოს გამართულ ბანკეტზე ძაღლიც მიიწვიეს და ფეხბურთელთა თეფშებიდან ჭამის უფლებაც მისცეს.

კლუბის საფირმო ჰაერი
გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს „ფიორენტინა“ ბრწყინავდა. კლუბმა წარმატებული ასპარეზობით მრავალი ქომაგის გულიც მოიგო. ამით „ფიორენტინას“ მესვეურებმა ხეირის ნახვა ისურვეს და კლუბის საფირმო მაღაზიებში ქილით ჰაერის გაყიდვა დაიწყეს. კოლექციაში სხვადასხვა სახელწოდების ჰაერს იპოვიდით: „ტრიბუნის სული“, „გამარჯვების ესენცია“ და „გასახდელის ატმოსფერო“.

სოკერის წარმოშობა
აშშ-ში ფეხბურთს „სოკერს“ უწოდებენ, ტერმინი Football-ი კი მათში სპორტის იმ სახეობას ჰქვია, რომელსაც ჩვენ ამერიკულ ფეხბურთს ვუწოდებთ. ამის მიუხედავად, სიტყვა „სოკერი“ სულაც არ გახლავთ ამერიკული წარმოშობისა. ეს ტერმინი 1880-იან წლებში, ინგლისში ოქსფორდული სლენგიდან გავრცელდა. მანამდე ინგლისში ფეხბურთს ოფიციალურად ერქვა „association football“, რათა რაგბისგან გაერჩიათ (რაგბის სახელწოდება იყო „rugby football“). სიტყვა association-ის შემოკლებითა და სუფიქს er-ის დამატებით მივიღეთ ტერმინი „soccer“-ი.

ბექა დოგრაშვილი
ინტერნეტ-ჟურნალი Fanebi.com

უცანური მიზეზით დასრულებული კარიერა, დასკოტჩილი პირი და ფეხბურთი ცუდ ამინდში — „ფეხბურთოლოგია“

როგორც მოგეხსენებათ, Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის მეოთხე ნომერში ახალი რუბრიკა დავნერგეთ — სახელწოდებით „ფეხბურთოლოგია“. დღეს გთავაზობთ ამ რუბრიკის ეგიდით გამოქვეყნებულ პუბლიკაციებს.

დღეიდან ჩვენი ინტერნეტ-ჟურნალი ახალ რუბრიკას გთავაზობთ, რომელიც „ფეხბურთოლოგიად“ მოვნათლეთ. მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ბევრი ისეთი რამ მომხდარა, რაც ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩენილა. არადა, ზოგიერთ ასეთ ფაქტს მხოლოდ იმიტომაც უნდა გავეცნოთ, რომ კარგად ვიხალისოთ. დღეიდან გთავაზობთ რუბრიკას, რომლის ეგიდითაც გაგაცნობთ სახალისო და საინტერესო ფაქტებს მსოფლიო ფეხბურთის ისტორიიდან.


სამყაროს აღსასრულის შიშით დასრულებული კარიერა
იყო ასეთი არგენტინელი მეკარე კარლოს როა, რომელიც ერთხანს ესპანური „მალიორკას“ ღირსებას იცავდა. ბევრის გასაკვირად, კარიერის პიკზე მყოფმა როამ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდვა გადაწყვიტა, არადა, მის მიმართ ყურადღებას ისეთი კლუბები იჩენდნენ, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „ჩელსი“. არგენტინელმა მეკარემ განმარტა, რომ მესამე ათასწლეულის დამდეგს სამყაროს აღსასრულს ელოდა და კარიერაც ამიტომ დაასრულა. მოგვიანებით ის ფეხბურთში დაბრუნდა, თუმცა ქვედა დივიზიონის კლუბებში მოუწია ასპარეზობა.


პროტესტის ნიშნად დასკოტჩილი პირი
მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ჯოვანი ელბერმა „შტუტგარტში“ ასპარეზობის პერიოდში, ერთ-ერთი მატჩის პირველ ტაიმში მსაჯთან შელაპრაკების გამო ყვითელი ბარათი მიიღო. როგორც ჩანს, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩათვალა, რომ არბიტრი მას უსამართლოდ მოექცა და შეხვედრის მეორე ნახევარში, ელბერმა პროტესტის ნიშნად პირზე წითელი წებოვანი ლენტი აიკრა.


ფეხბურთი ცუდ ამინდში
ჩვენ ნებისმიერ ამინდში გვიყვარს ინგლისური ფეხბურთის ცქერა, მაგრამ ზამთარში თამაში ფეხბურთელებისა და მსაჯებისთვის ნამდვილი წამებაა. როგორც წესი, მოედანი და ტრიბუნები სქელ ნისლში ეხვევა ხოლმე და რთულია გაარჩიო, თუ რა ხდება მინდორზე. ერთ-ერთი ასეთი მატჩის შემდეგ, რომელიც ანგარიშით 3:3 დასრულდა, თავდამსხმელმა ჯორჯ ოდცმა თქვა: „ზუსტად მახსოვს, რომ ხუთი გოლი გავიტანე, მაგრამ არ ვიცი, რომელ კარში“. მატჩის შემდეგ მსაჯმა შენიშნა, რომ თითოეულ გუნდში 18 ფეხბურთელი თამაშობდა.

ბექა დოგრაშვილი