საფრანგეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი მონაკოს „ლუი მეორის“ სტადიონზე შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა გათამაშების ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ მიიღო.
ანგარიში პარიზელებმა გახსნეს. მე-8 წუთზე სტუმართა შემტევმა ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ ზუსტი დარტყმით „პსჟ“ წინ გაიყვანა. ლორამ ბლანის გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა მატჩის დასრულებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე ტიაგო სილვამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიშიც გათანაბრდა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ბულგარელ თავდამსხმელ დიმიტარ ბერბატოვს, რომელიც მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.
გუნდებმა სატურნირო ცხრილში პოზიციები შეინარჩუნეს. „პარი სენ-ჟერმენი“ გათამაშებას 55 ქულით ლიდერობს, მადევარ „მონაკოს“ 50 ქულა აქვს.
საფრანგეთის ჩემპიონატი
24-ე ტური
„მონაკო“—„პარი სენ-ჟერმენი“ 1:1 (0:1)
გოლები: ტიაგო სილვა 74′ (ა.გ.) — პასტორე 8′.
გაფრთხილებები: რიკარდუ კარვალიუ 36′, როდრიგესი 38′ — ვერატი 40′.
ბექა დოგრაშვილი