შსს აკადემიამ სუპერთასი მოიგო

სპორტკომპლექს არენაში საკალათბურთო სეზონის უკანასკნელი შეხვედრა შედგა. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ ქვეყნის ჩემპიონი „შსს-აკადემია“ და თასისი მფლობელი თბილისის „დინამო“ წარსდგნენ.

შეხვედრა პირველივე წუთებიდან თანაბრად წარიმართა, თუმცა სასტარტო მეოთხედი „აკადემიელთა“ მცირე უპირატესობით, 25:21 დასრულდა. მატჩის მსვლელობა არც მეორე პერიოდში შეიცვალა და დიდ შესვენებაზე გუნდები 5 ქულიანი სხვაობით გავიდნენ – 45:40.

შესვენების შემდეგ ნომინალური მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. „დინამო“ მეტოქის შეჩერებას შორეული ტყორცნებით ცდილობდა, მაგრამ ხოშტარიას შეგირდები ბევრ შეცდომას უშვებდნენ და საბოლოოდ დასკვნითი მეთხედის წინ ტაბოლზე 13 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 70:57.

ბოლო მეოთხედში, მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე „დინამომ“ სხვოაბის შემცირება 5 ქულამდე მოახერხა და შეხვედრას ცოტა ხნით ინტრიგა დაუბრუნდა, თუმცა მეტის გაკეთება თასის მფლობელებმა ვეღარ შეძლეს და საბოლოოდ შსს-მ დამაჯერებლად, 84:76 იმარჯვა.

შსს-აკადემიას ბექა წივწივაძემ ულიდერა, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. 16 ქულით შეეწია გამარჯვებულებს გიორგი შარაბიძე, გიორგი ცინცძის ანგარიშზე კი 15 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა დაგროვდა. დინამოში საუკეთესო იყო ბესო ლეჟავა, რომელმაც დიდი შედეგიანობა გამოავლინა და შეხვედრა 36 ქულით დაასრულა. 15 ქულით დახურა სეზონი გიორგი ვახანიამ.

 

შსს აკადემია 84-76 დინამო

კოტე ტუღუში (,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი, სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელი): ძალიან ბედნიერი ვარ, საქართველოს ჩემპიონობას თავისი დატვირთვა აქვს, სუპერთასს – თავისი. ამიტომ მიხარია, რომ სეზონი ასეთი გამარჯვებით დავხურეთ. ძალიან დიდი შრომა იყო ამ ყველაფერში ჩადებული და მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს, როგორც მოთამაშეებს, ასევე მწვრთნელებს, ექიმებს, გუნდის ხელმძღვანელობას, პრეზიდენტს, აბსოლუტურად ყველას, მათ უდიდესი შრომა გაწიეს… რთულად დავიწყეთ, მაგრამ, როგორც იტყვიან, ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი

საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშის პრიზი ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის ოჯახმა დააწესა და მისი მფლობელი გახდა კლუბ ოლიმპის მოთამაშე ნოდარ გოგოძე.  სეზონის  საუკეთესო  ახალგაზრდას პრიზი ზვიად მიქაძის შვილებმა სალომემ და იოანამ გადასცეს.

გამორჩეული მოთამაშის პრიზი

აღნიშნული პრიზი წლეულს პირველად გათამაშდა. პრიზი დიდი ქართველი კალათბურთელის, გელა დარსაძის სახელობისაა და ის სეზონის გამორჩეული მოთამაშისთვის დარსაძის ოჯახმა დააწესა. მისი მფლობელი გახდა ოლიმპის მოთამაშე ნოდარ გოგოძე, რომელსაც გელა დარსაძის სახელობის თასი დაღუპული კალათბურთელის მეუღლემ, ქალბატონმა ნინო ადამიამ გადასცა.

ნოდარ გოგოძე (სუპერლიგის 2014-2015 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა კალათბურთელი): ძალიან გახარებული ვარ, ჩემთვის პირველი ინდივიდუალური პრიზებია , რა თქმა უნდა, სასიხარულოა და ძალიან დიდი სტიმულია. ორმაგად ბედნიერი ვარ, რომ გელა დარსაძის სახელობის პრიზი მივიღე, გელა დარსაძე ჩემი ნათლია და ერთ-ერთი მასწავლებელი იყო.

საუკეთესო მოთამაშე (MVP)

2014-2015 წლების საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომელშიც მონაწილეობა სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა მიიღეს. სეზონის საუკეთესო მოთამაშედ შსს-აკადემიას ლიდერი გიორგი ცინცაძე გახდა, რომელსაც პრიზი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა გადასცა.

გიორგი ცინცაძე (2014-2015 წლების სეზონის სუპერლიგის საუკეთესო კალათბურთელი): წარმატებული სეზონი იყო, როგორც ჩემთვის, ისე მთლიანად გუნდისთვის. შსს-აკადემიამ თითქმის ყველა ტურნირი მოიგო, რომელშიც სრულად ჩამოყალიბების შემდეგ მიიღო მონაწილეობა. სუპერთასი ჩვენი რიგით მესამე ტიტულია ამ სეზონში და ეს დიდი შრომის ხარჯზე მოხდა. დიდი მადლობა გუნდელებს, მწვრთნელებს, კლუბისა და სუპერლიგის ხელმძღვანელობას, გულშემატკივარს და საერთოდ, ყველას, ვინც ჩვენს მატჩებზე დადიოდა.

შსს აკადემია საქართველოს ჩემპიონია!

„შსს-აკადემია“ საქართველოს ჩემპიონია. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა სუპერლიგის ფინალური სერიის მე-4 მატჩში „დინამოს“ დამაჯერებელი სხვაობით – 76:62 სძლია და ქვეყნის ჩემპიონი მეორედ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი პირველად ჩემპიონი 2013 წელს გახდა, როცა ფინალური სერია „ოლიმპს“ 3:2 მოუგო. დღეს დასრულებული ჩემპიონატის წინ აკადემიელებმა ლეგიონერის ჩამოყვანაზე უარი თქვეს და კოტე ტუღუშმა გუნდი ძირითადად  ეროვნული ნაკრების წევრებითა და კანდიდატებით დააკომპლექტა.

შსს-აკადემიამ რეგულარული ჩემპიონატი მცირე ჩავარდნებით განვლო და ყველაზე დიდ წინაღობას „სოხუმის“ სახით მეოთხედფინალში შეხვდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა აკადემიელებს სერიის 2 მატჩი მოუგო და მეხუთე, გადამწყვეტ შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლაში წააგო. მომდევნო – ნახევარფინალური და ფინალური სერიები ტუღუშის გუნდმა ერთი ამოსუნთქვით განვლო: ნახევარფინალში „ბათუმს“ 3:0 მოუგო, ხოლო ფინალში დინამოსთან ერთი მარცხის შემდეგ საჩემპიონო სერია დამაჯერებელი სხვაობით – 3:1 მოიგო.

საჩემპიონო მატჩი აკადემიელებმა დიდი უპირატესობით მოიგეს. პირველი ტაიმის შემდეგ ტუღუშის გუნდი ორმაგი უპირატესობით – 50:25 იგებდა. განსაკუთრებით მეორე პერიოდში იყოჩაღეს აკადემიელებმა, რომელიც 36:18 მოიგეს და მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყვიტეს.

მატჩის ბომბარდირი გახდა „შსს-აკადემიის“ კაპიტანი ბექა წივწივაძე, რომლის შედეგიანი გარღვევები და ზუსტი სროლები ტუღუშის გუნდს გაქცევაში დიდად დაეხმარა. სოლიდური შედეგიანობით გამოირჩა გიორგი ცინცაძე, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა. ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა შეხვედრა 15 ქულით, 13 მოხსნითა და 9 პასით დაასრულა. 15 ქულა დააგროვა ბექა ჩიკვილაძემაც. დინამოელთაგან საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ლეგიონერმა, გარიკ შერმანმა დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა და ამდენივე მოხსნა მიითვალა.

,,დინამოს’’ გუნდი ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა, გივი ბიჭიაშვილმა და გია სანაძემ დააჯილდოვეს.

გამარჯვებულ აკადემიელებს სპეციალურად დამზადებული ოქროს მედლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი ქართველიშვილმა გადასცეს. საჩემპიონო თასი ,,შსს აკადემიის’’ კაპიტანმა, ბექა წივწივაძემ ჩაიბარა.

სუპერლიგის 2014-15 წლების სეზონი 31 მაისს დაიხურება, როცა სუპერთასისთვის ერთმანეთს კვლავ „შსს-აკადემია“ და „დინამო“ დაუპირისპირდებიან.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა ჩემს თითოეულ მოთამაშეს, მწვრთნელებს, ჩვენი კოლექტივის თითოეულ წევრს, რომლებმაც ძალიან რთული გზა განვლეს, სანამ დღემდე მოვიდოდით. მადლობა მათ, რომ ყველაფერს გავუძელით და ყველაფერი გადავიტანეთ. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა ,,დინამოს’’ გუნდს და ირაკლის ღირსეული წინააღმდეგობისთვის. მიუხედავად ანგარიშისა, არც ერთი თამაში არ ყოფილა იოლი და დაძაბულობის გარეშე არც ერთ თამაშს არ ჩაუვლია. მინდა ირაკლის და მის გუნდს მომავალში წარმატებები ვუსურვო, სამწუხაროა, რომ ფინალურ სერიას დანაკლისებით შეხვდნენ. წელს ,,შსს აკადემია’’ მეორედ გახდა ჩემპიონი და კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემს გუნდს ამ დიდ წარმატებას.

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს’’ მთავარი მწვრთნელი): მინდა მივულოცო ,,შსს აკადემიას’’ კოტეს ხელმძღვანელობით და წარმატებები ვუსურვო მათ. არ დავიწყებ იმ პრობლემებზე და სირთულეებზე საუბარს, რომლებიც გვქონდა. არ მიყვარს მარცხის შემდეგ მიზეზებზე საუბარი, ახლა მითუმეტეს უადგილოა ეს. მადლობა ჩემს მოთამაშეებს ბრძოლისთვის, ფინალში გასვლისთვის, თასის მოგებისთვის. წინ სუპერთასია, შევეცდებით დავისვენოთ ამ დღეებში და ამ შემადგენლობით ღირსეულად ვითამაშოთ და ღირსეულად დავასრულოთ სეზონი. მადლობა სუპერლიგის ხელმძღვანელობას, წარმატებებს ვუსურვებ მათ მომავალში, მადლობა, ასევე, ჟურნალისტებს ყურადღებისთვის.

“შსს-აკადემია” ფინალურ სერიაში დაწინაურდა

თბილისის სპორტის სასახლეში დღეს საკალათბუფთო სუპერლიგის ფინალური სერიის პირველი შეხვედრა შედგა. შეგახსენებთ, რომ სეზონის გადაწმყვეტ დუელში ერთმაენთის წინააღმდეგ თბილისის “დინამო” და “შსს-აკადემია” წარსდგნენ.

დღევნდელი მაჩის პირველი მეოთხედი “აკადემიამ” აქტიურად დაიწყო და უპირატესობას სასტარტო წუთებიდანვე დაეუფლა. “დინამოელები” დიდი ხნის განმავლობაში ქულების მოგროვებასაც კი ვერ ახერხედნენ და საბოლოოდ პირველი პერიოდის შემდეგ 7 ქულიანი ჩამორჩენით, 13:20 მარცხდებოდნენ. მეორე პერიოდში კი ნომინალური მასპინძლები გამოცოცხლდნენ და მატჩიც გაცილებით სანახაობრივი გახდა. იმატა ტემპმაც და საბოლოოდ “დინამომ” ანგარიშის გათანაბრება მეოთხედის ბოლო წამზე, რიჩარდ მათიაშვილის ზუსტი სამიანით შეძლო.

თამაშის სცენარი არც დიდი შესვენების შემდეგ შეცვლილა. მესამე პერიოდი გარდამავალი უპირატესობით, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და კოტე ტუღუშის შეგირდების მინიმალური გამარჯვებით დასრულდა, რის შედეგადაც დასკვნითი მეოთხედის წინ “აკადემიელები” 55:54-ს იგებდნენ.

გადამწყვეტი პერიოდი “აკადემიამ” კარგად დაწიყო და წინ გაიჭრა, შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი 10 ქულით დაწინაურდა, რის შემდეგაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო. საბოლოოდ, ტუღუშის გუნდმა 77:66 გაიმარჯვა და სერიაში დაწინაურდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 25 ქულით “აკადემიელი” ნიკა მეტრეველი გახდა. შსს-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი გიორგი ცინცაძის 19 ქულამაც შეიტანა. “დინამოს” მხრიდან კი ტრადიციულად აქტიურები გამყრელიძე, დიდია (12 ქ), შერმანი (11 ქ.) და ლონდარიძე (10 ქ.) იყვნენ.

ფინალური სერიის მეორე დაპირისპირება სპორტის სასახლეში ხვალ, 18 საათზე დაიწყება.

 

დინამო თბილისი 66:77 შსსაკადემია

შსს აკადემია ფინალშია, დინამო კი რუსთავთან 2:1 დაწინაურდა

დღეს სუპერლიგის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა „შსს-აკადემიამ“ ბათუმში ნახევარფინალური სერიის მესამე მატჩიც მოუგო ადგილობრივ გუნდს და საჩემპიონო სერიაში გავიდა.

აკადემიელებს სერიის საწყისი 2 შეხვედრა თბილისში დამაჯერებლად ჰქონდათ მოგებული და ბათუმში გამარჯვების შემთხვევაში ფინალში გადიოდნენ. მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ რთული სათქმელი იყო, რომ თბილისური გუნდი გამარჯვების მოპოვებას მოახერხებდა. „ბათუმმა“ 2 მეოთხედის შემდეგ 18-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა.

მესამე პერიოდი „შსს-აკადემიას“ სრული დომინირებით წარიმართა და 10-წუთეულის მიწურულს სტუმრებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 61:62. ბოლო მეოთხედის წინ „ბათუმი“ 3 ქულით იგებდა, თუმცა აკადემიელებმა მოახერხეს ბოლომდე მებრძოლი ბათუმელების გატეხვა. აკაკი ლომოურის ორმა სამქულიანმა ტუღუშის გუნდს ლიდერობა მოუპოვა, რაც აკადემიელებმა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს და 76:74 მოგების შემდეგ სერია სათავისოდ, მშრალი ანგარიშით – 3:0 დაასრულეს.

შედეგიანად ითამაშა აკადემიელთა ლიდერმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით და 6 პასით დაასრულა. 19 ქულა და 13 მოხსნა მოაგროვა გიორგი შარაბიძემ, ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. „ბათუმში” 28 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა ბიჯეი იანგმა, 15 ქულა კრის ფელჩერის ანგარიშზეა, ნიკ კელოგმა კი ორმაგი დუბლი – 12 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

დღესვე რუსთავში ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრა ჩატარდა ადგილობრივ გუნდსა და „დინამოს“ შორის. სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისში გაიმართა, სადაც ერთ-ერთში  რუსთაველებმა იმარჯვეს და მოედნის უპირატესობა მოიპოვეს. ეს უპირატესობა დღეს რუსთაველებმა დაკარგეს. მიხეილ ბერუაშვილის გუნდმა სერიის მესამე შეხვედრა შინ 70:78 წააგო.

რუსთაველებმა შედეგიანი პირველი ტაიმი ჩაატარეს, რომლის შემდეგაც 7 ქულით იგებდნენ, თუმცა სტუმრებმა მესამე პერიოდში მეტოქის თამაშს ალღო აუღეს, შესაბამისი ტაქტიკა დაუპირისპირეს და შედეგიც მოიმკეს. მესამე ათწუთეული დინამოელებმა 27:14 მოიგეს და დარჩენილ დროში მოპოვებული სოლიდური უპირატესობა აღარ დაუკარგავთ.

გამარჯვებულებს 24 ქულით და 10 მოხსნით გარი შერმანმა ულიდერა, 13 ქულა მიითვალა გიორგი გამყრელიძემ, ილია ლონდარიძემ კი თავი 10-10 ქულა-მოხსნას მოუყარა. „რუსთავში“ 17 ქულით და 14 მოხსნით საუკეთესო აკაკი დვალიშვილი იყო, 13 ქულა ჰაიდენ ჰამსის ანგარიშზე, მეორე ამერიკელმა, ტერენს ოგლზბიმ კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

რუსთავი – დინამო    70:78

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით მეორე ნახევარში და ის უპირატესობა, რაც თავიდან მოვიპოვეთ, ქარს გავატანეთ. დღევანდელი მატჩიდან დასკვნებს გამოვიტანთ და ვეცდებით, ხვალინდელ შეხვედრაში ნაკლები შეცდომები დავუშვათ“.

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„დიდი მადლობა ჩემი გუნდის მოთამაშეებს, რომლებმაც ის დავალება, რაც პირველი ტაიმის შემდეგ, შესვენებაზე მივეცი, ზედმიწევნით შეასრულეს. მესამე პერიოდში მინიმუმამდე დავიყვანეთ შეცდომები და შეტევაში შედეგიანი თამაშით დამაჯერებლად დავწინაურდით. იმედი მაქვს, ხვალამდე მოვასწრებთ ამ რთული თამაშის შემდეგ დასვენებას და ვეცდებით, მეოთხე მატჩშიც წარმატებას მივაღწიოთ“.

ბათუმი – შსს აკადემია 74:76

კოტე ტუღუში (შსს აკადემიას მთავარი მწვრთნელი): უმძიმესი თამაში იყო,  ბათუმის გუნდი და მისი გულშემატკივარი სულ სხვა შემართებით დაგვხდა.  პირველივე წუთებიდან მეტოქეს ყველაფერი გამოსდიოდა და საკმაოდ დიდი სხვაობითაც ვაგებდით, თუმცა შეხვედრის მეორე ნახევარში ჩვენი გუნდი სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. გამოვავლინეთ ჩვენი ხასიათი, მოვახდინეთ მობილიზება და ბრწყინვალე გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ ბიჭებს და ჩვენს გულშემატკივარებს, რომლებიც დღეს თამაშზე მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირეს.

დავით უსტიაშვილი (ბათუმის მთავარი მწვრთნელი): ძალიან კარგად დავიწყეთ მატჩი, თუმცა შემდეგ ჩვენს გუნდს დაღლა დაეტყო. ბოლომდე ვიბრძოდით, მოგების კარგი შანსიც მოგვეცა ბოლოს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. ჩემს  ბიჭებს მადლობას გადავუხდი, ზედიზედ ამდენი მატჩი ითამაშეს და ძალიან გადაიღალნენ. წინ მე-3 ადილისთვის გველოდება თამაში და მაქსიმალურად მოვემზადებით.  მივულოცავ შსს აკადემიას დამსახურებულ გამარჯვებას და ფინალში წარმატებებს ვუსურვებ.

“შსს-აკადემია” ფინალს უახლოვდება

სუპერლიგის ნახევარფინალური პელიოფის მეორე შეხვედრასი “შსს-აკადემიამ” “ბათუმი” დამაჯერებლად დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა.

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი პირველივე წუთებიდნა მასპინძლეთა უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი ტუღუშის გუნდმა 11 ქულიანი სხვაობით მოიგო და დარჩენილ პერიოდებში ეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და საბოლოოდ 95:83 გაიმარჯვა.

მასპინძელთა შემადგენლობაში 20 ქულით ყველაზე შედეგიანი ნიკა მეტრეველი გახლდათ. 17, 16 და 15 ქულით შსს-ს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს წივწივაძე, შარაბიძემ და ცინცაძემ. დამარცხებული გუნდის მხრიდან ყველაზე მეტი, 25 ქულა და 12 მოხსნა პელჩერმა მოიპოვა, რომელიც მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეც გახდა. ტრადიციულად აქტიურები იყვნენ კელოგი და იანგიც.

ნახევარფინალური სერიის მორიგი შეხვედრა ამ გუნდებს შორის ბათუმში 16 მაისს შედგება.

შსს-აკადემია 95-83 ბათუმი

პრესკონფერენცია

ტუღუში: „პლეიოფში ყველა მატჩი რთულია“

„შსს არმია“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის წარმომადგენლებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს. წარმოგიდგენთ „აშშ არმიის“ მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის კომენტარს.

„დღევანდელი მატჩი ძალიან რთული გამოდგა. ორივე გუნდი პლეიოფისთვის ემზადება და საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენებას ვცდილობდით. „ქუთაისი“ ძლიერი მეტოქეა, მიმდინარე სეზონში მას პირველად მოვუგეთ.

პლეიოფის არც ერთი ეტაპი ადვილი არაა. თანაც, არის შანსი, კვლავ ნახევარფინალში შევხვდეთ.

დღევანდელი მატჩის მნიშვნელობაზე მსაჯების განხილვაც მეტყველებს, იმ ქულასაც დიდი მნიშვნლობა ჰქონდა. მოსაგებად ორი ქულა გვჭირდებოდა.

„ქუთაისს“ პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, გუნდი ამ ეტაპს ჯანმრთელი შეხვდება“, – განაცხადა ტუღუშმა.

„შსს აკადემიამ“ „ქუთაისს“ ბოლო წამზე მოუგო

დღეს საქართველოს სუპერლიგის რეგუალრული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

ყველაზე საინტერესო „შსს აკადემიისა“ და „ქუთაისს“ შორის გაიმართა. იმერული კლუბი გამარჯვების შემთხვევაში რეგულარულ ჩემპიონატში პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩნებდა.

შეხვედრა „შსს აკადემიას“ უპირატესობით დაიწყო, რაც ანგარიშზეც აისახა. მეორეწ წუთისთვის ქუთაისელებს წუთშესვენების აღება მოუწიათ – ამ პერიოდისთვის ისინი 8:2-ს აგებდნენ.

პირველი ემოთხედის დარჩენილ დროში მასპინძლებმა სხვაობა 8 ქულამდე გაზარდეს და მეორე ათწუთიანი პერიოდისთვის ანაგრიშთ 20:12 იგებდნენ. მეორე მეოთხედში სტუმრებმა სხვაობა ექვსამდე შეამცირეს. დიდი შესვენების წინ შშს-ელები ანგარიშთ 37:31 იგებდნენ. პირველი ნახევრვის ბოლოს გიორგი შარაბიძისა და აბდულა ნ დოიეს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

მიმდინარე სეზონში ქუთაისელებს მეორე ნახევრიდან თამაში რამდენიმეჯერ გაუუმჯობესებიათ, რაც დღესა მოხდა. მესამე მეოთხედში მათ სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს, გადამწყვეტ ბოლო მეოთხედში კი წინ 5 ქულითაც იყვნენ და თითქოს შეხვედრა მათი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში – 68:68 იყო – ქუთაისელებმა თავისი მომენტი ვერ გამოიყენეს, კონტრშეტევაში წასული თბილისელების შეტევის ბოლოს კი იმერელთა ფართან ერეულობითმიხეილ ბერიშვილმა ისარგებლა და ბურთი მეტოქის ფარში ჩატენა. რამდენიმეწამიანი დისკუსიის შემდეგ მსაჯებმა ამ ბურთის ჩათვლა გადაწყვიტეს და, შესაბამისად, გამარჯვება კოტე ტუღუშის გუნდმა აღნიშნა.

გამარჯვებულთა მხრიდან 20 ქულით, 4 მოხსნითა და 6 პასით გიორგი ცინცაძე გამოირჩა, ხოლო „ქუთაისის“ რიგებიდან“ 18 ქულითა და 6 პასით საუკეთესო ზაურ ფაშაევი იყო. გამორჩეული სტუმართა მხრიდან აბდულა ნ დოიეც იყო, რომელმაც თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა და ჯამში 14 მოხსნა მიითვალა.

„შსს აკადემია“ – „ქუთაისი“ 70:68 (20:12, 17:19, 14:17, 19:20)

„შსს აკადემია“: ცინცაძე (20 ქ. 4 მ. 6 პ.), შარაბიძე (15 ქ. 10 მ.), მეტრეველი (14 ქ. 8 მ.), ლომოური (8 ქ. 9 მ.), როგავა (6 ქ. 5 მ. 2 პ.), ბერიშვილი (4 ქ. 3 მ. 1 ა.)
„ქუთაისი“: ფაშაევი (18 ქ. 11 მ. 6 პ.), ნ დოიე (14 ქ. 14 მ. 1 პ.), სარალია (12 ქ. 6 პ.), ლომინაშვილი (8 ქ. 1 მ. 1 პ.), დავით ბარბაქაძე (7 ქ. 2 პ. 2 მ.), გრძელიძე (5 ქ. 3 ნ, 2 პ.), გიორგი ბარბაქაძე (3 ქ. 2 მ. 2 პ.)

სხვა მატჩების შედეგები:

„ოლიმპი“ – „ბათუმი“ 98:69

„სოხუმი“ – „დინამო“ 74:113

შსს აკადემია მემორიალის გამარჯვებულია (მატჩისშემდგომი კომენტარები)

ოლიმპიური ჩემპიონების – ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას რიგით მეათე მემორიალური ტურნირი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდმა მოიგო. ფინალური მატჩი პირველად ისტორიაში ქუთაისში, ლეგენდარული კალათბურთელების მშობლიურ ქალაქში ჩატარდა. საინტერესო და დაძაბულ მატჩში კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა „რუსთავს“ 84:79 მოუგეს.

„შსს-აკადემიამ“ ქორქია-საკანდელიძის მემორიალი პირველად მოიგო. აკადემიელებს აქამდე 2 ფინალი ჰქონდათ წაგებული: 2010 წელს რუსთავის „ენერჯი-ინვესტთან“ დამარცხდნენ, ხოლო 2012 წელს მემორიალური ტიტული „არმიასთან“ დათმეს.

მესამე ცდაზე „შსს-აკადემიამ“ საწადელს მიაღწია. რუსთაველებმა მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი თამაშის მანძილზე აგებდნენ, გამარჯვების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ.

გარდამტეხი ეპიზოდი ბოლო მეოთხედში იყო, როცა აკადემიელმა ბექა ჩიკვილაძემ ზედიზედ სამჯერ ჩაჭრა ბურთი და სამჯერვე შეტევა შედეგიანად დააგვირგვინა. ტუღუშის გუნდის უპირატესობამ ორციფრიან ნიშნულს მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ რუსთაველებმა მაინც მოახერხეს მეტოქესთან მიახლოება, „შსს-აკადემიას“ მოპოვებული უპირატესობა აღარ დაუთმია.

ჩიკვილაძე ტურნირის საუკეთესო ფორვარდად დასახელდა, ხოლო საუკეთესო უკანახაზელად „რუსთავის“ ამერიკელი ლეგიონერი ტერენს ოგლსბი აღიარეს. ჩიკვილაძემ საბოლოოდ 20 ქულა დააგროვა, ხოლო მის თანაგუნდელმა გიორგი ცინცაძემ თავი 18 ქულას და 9 პასს მოუყარა. ორმაგი დუბლი შეასრულა გიორგი შარაბიძემ – 12 ქულა, 10 მოხსნა.

რუსთაველთაგან 32 ქულა და 7 პასი მიითვალა ნორვეგიული ფესვებისა და ამერიკული მოქალაქეობის მქონე ტერენს ოგლსბიმ, ხოლო ქვემოქართლური გუნდის მეორე მოთამაშე, რომელიც 10-ქულიან ზღვარს ასცდა, 14 ქულის მომგროვებელი მიხეილ ჭოჭუაა.

ვეტერან კალათბურთელებთან და ქორქია-საკანდელიძის ოჯახის წევრებთან ერთად თამაშს იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ესწრებოდნენ.

მატჩის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა, რომელზეც საპატივცემულო სტუმრებმა გამარჯვებული გუნდი და საუკეთესოდ აღიარებული კალათბურთელები დააჯილდოვეს.

მატჩისშემდგომი კომენტარები

შსსაკადემია – რუსთავი 84:79

ლევან ყიფიანი(სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი): ფინალი ტურნირის შესაფერისი გამოდგა. ორი ღირსეული გუნდი შეხვდა ერთმანეთს. მივულოცავ შსს აკადემიას დამსახურებულ გამარჯვებას, თუმცა, უნდა აღვნიშნო რუსთავის გუნდი, რომელმაც ღირსეული მეტოქეობა გაუწია. რაც შეეხება ტურნირს, მემორიალი ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიებაა. ქუთაისის მერთან ერთად დავგეგმეთ, რომ მომავალ წელს  ამ ტურნირს მთლიანად ქუთაისმა უმასპინძლოს. ვიმედოვნებ, ეს ტურნირი მომავალში საერთაშორისო მასშტაბით გაიმართება. სამინისტრო ყველანაირად მხარს დაუჭერს და შეუწყობს ხელს, რომ ტურნირი იყოს ისეთი, როგორიც ქუთაისს, კალათბურთელებს და ზოგადად სპორტის ამ სახეობას ეკუთვნის.

კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ისეთი დაძაბული  თამაში იყო, როგორიც ფინალს შეეფერებოდა. პირველივე წუთებიდან მთელი თამაშის განმავლობაში ვიგებდით, თუმცა ერთი წამითაც არ გვქონია მოდუნების საშუალება. ღირსეული  და ძლიერი  მეტოქე გვყავდა  და კარგი თამაში გამოვიდა. მივულოცავ მთელ გუნდს და მთლიანად შსს აკადემიას ამ გამარჯვებას. პირველად მოვიგეთ ეს ტუტული  და  იმედია, ეს ჩვენი მომავალი წარმატების დასაწყისი იქნება.

 ბექა ჩიკვილაძე (ტურნირის საუკეთესო ფორვარდი, შსს აკადემია): მთელი გულითა და სულით ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ფინალში გავედით და აქაც ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ. ძალიან ინტესიურად ვემზადებოდით და დღეში 2-ჯერ ვვარჯიშობდით, როგორც ფიზიკურად, ასევე სროლებში. ეს ყველაფერი თამაშზეც გადმოვიტანეთ,  გავიმარჯვეთ და ვულოცავ მთელ გუნდს. რაც შეეხება საუკეთესო თავდამსხმელის ტიტულს, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა, ისინი რომ არა, ამას ვერ მივაღწევდი.

ტერენს ოგლსბი (ტურნირის საუკეთესო უკანახაზელი, რუსთავი): სასიამოვნო იყი ფინალში თამაში, საინტერესო და თანაბარი მატჩი იყო, თუმცა სამწუხაროდ წარმატებას ვერ მივაღწიეთ. შსს ბრწყინვალე გუნდია, კარგი მსროლელებით დაკომპლექტებული და დღეს დაიმსახურა გამარჯვება. რაც შეეხება ჩემს ჯილდოს, გამიმართლა, ეს ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაა. “რუსთავის” ახალი წევრი ვარ, ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ და ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილი გავხდი.

superleague.ge

ნაკრების ტრიომ შსს-ს ბათუმთან ულიდერა

საკალათბურთო სუპერლიგის მე-4 ტური გამორჩეულია. ოთხივე მატჩში მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის გუნდები ხვდებიან და სავარაუდოდ, მაყურებელი საინტერესო ბრძოლებს იხილავენ. პირველმა მატჩმა მოლოდინი ნაწილობრივ გაამართლა. „შსს-აკადემიის“ და „ბათუმის“ მატჩში ბრძოლა არ შედგა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა აკადემიელებმა აჭარული გუნდი 15 ქულის სხვაობით – 85:70 დაამარცხა.

„შსს-აკადემია“ დღევანდელ მატჩს მნიშვნელოვანი ცვლილებით შეხვდა. გუნდიდან წავიდა და კარიერას ევროლიგის რუსულ გუნდ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გააგრძელებს  ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ფაცაცია. ტუღუშმა ფაცაციას ღირსეული შემცვლელი მოუძებმა – „შსს-აკადემიაში“ ჩაირიცხა და დღეს, ბათუმთანაც ითამაშა საქართველოს ნაკრების ძირითადმა პლეიმეიკერმა გიორგი ცინცაძემ.

შედეგად, „შსს-აკადემიამ“ ეროვნული ნაკრების ტრიო შეინარჩუნა – ცინცაძესთან ერთად ტუღუშის გუნდში თამაშობს ბექა წივწივაძე და გიორგი შარაბიძე. სამივენი დღეს შეუდარებელნი იყვნენ. შარაბიძე სამწამიან ზონაში შეუჩერებელი იყო ბათუმელი მეფარეებისთვის – გიორგიმ 35 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა.

წინა მატჩის მსგავსად,კვლავ სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა წივწივაძე, რომელმაც 19 ქულა, 10 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. გიორგი ცინცაძემ კი გუნდში დებიუტის კვალობაზე შესანიშნავად ითამაშა – 14 ქულა და 5 პასი მოაგროვა.

აღნიშნული ტრიოს შედეგიანობის ფონზე ბათუმელებისთვის ძნელი იყო წარმატებაზე ფიქრი. „შსს-აკადემიამ“ პირველი მეოთხედი 26:12 რომ მოიგო, შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიუშვია. მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხეს ზღვისპირელებმა ჩამორჩენის 9 ქულამდე შემცირება, თუმცა ბექა ჩიკვილაძის საპასუხო სამქულიანმა ბათუმელთა იმედის ნაპერწკალი ჩააქრო.

დამარცხებულთაგან ტრადიციულად ლეგიონერები გამოირჩნენ. ნიკ კელოგმა 20 ქულა მოაგროვა, ხოლო ცენტრმა კრის ფელჩერმა პირად ანგარიშზე 17 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა.

მატჩის სტატისტიკა

superleague.ge

მე-5 ადგილისთვის შსს აკადემია რუსთავს შეხვდება

მეოთხედფინალურ სერიებში დამარცხებული გუნდები სუპერლიგის V-VII ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთვნენ. პლეი აუტის მატჩები ერთ მოგებამდეა და პირველ წყვილში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “ოლიმპი” შეხვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდი ნახევარფინალურ სერიაში “ბათუმთან” 1:3 დამარცხდა, არადა ამ არჩილ ჟღენტის გუნდს გაცილებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა და მე-5 ადგილის მოგება სავარაუდოდ ძვირად არ უღირს.

ამის მიუხედავად, “შსს-აკადემიამ” მაინც იოლად იმარჯვა და მე-5 ადგილისთვი მატჩში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც ძალოვნებ “სოხუმსა” და “რუსთავს” შორის გამარჯვებული ,,რუსთავი’’ შეხვდება.

რაც შეეხება “ოლიმპთან” მატჩს, შეხვედრა, რომ იტყვიან, ცალფარა გამოდგა. დავით თორთლაძის გუნდს ლიდერი, რიჩარდ მათიაშვილი აკლდა და ისედაც აუტსაიდერად მიჩნეულმა, 39-ქულიანი მარცხი განიცადა. აკადემიელთა შვიდმა წევრმა 10-ქულიან ზღვარს გადააბიჯა, რომელთა შორისაც ყველაზე მეტი – 21 ქულა, კოკა ტომარაძემ მიითვალა. 19 ქულა ჰქონდა რეზო როგავას. “ოლიმპში” ყველაზე მეტი – 15 ქულა რევაზ ათანელიშვილს დაუგროვდა.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

შსს აკადემია – ოლიმპი 115:76

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი): სამწუხაროდ, ჩვენი მიზანი და ამოცანა, რაც საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას გულისხმობდა, ვერ შევასრულეთ, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ და მე-5 ადგილის დაკავება უკვე პრესტიჟის ამბავია. ,,ოლიმპი’’ დღეს შესუსტებული შემადგენლობით იყო და გამარჯვების მოპოვება არ გაგვჭირვებია. მოვემზადებით ხვალინდელი მატჩისთვის და შევეცდებით მე-5 ადგილი დავიკავოთ.

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ჩვენთვის პრინციპული ხვალინდელი მატჩი იქნება. მართალია, რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა, თუმცა სრული შემდაგნელობითაც ,,შსს აკადემიის’’ წინააღმდეგ მიზერული შანსები გვქონდა. გულდასაწყვეტია, რომ ძალიან ცოტა თამაში ჩავატარეთ. პლეიაუტის მატჩებს ის მიზანი აქვს, რომ გუნდმა მეტი თამაში ჩაატაროს, უმჯობესი იქნებოდა ეს თამაშებიც 2 ან 3 მოგებამდე ყოფილიყო. წელს ბევრი მიზეზის გამო სუსტად ვიასპარეზეთ, თუმცა საპრიზო ადგილების მოპოვების ამბიცია არც გვქონია.  წარმატებებს ვუსურვებ ,,შსს აკადემიას’’, ჩვენ კი ხვალინდელი თამაშისთვის მოვემზადებით.

ლექსო ლაფანაშვილი(,,შსს აკადემია’’): მართალია, ჩვენი ამოცანა ვერ შევასრულეთ, თუმცა გვინდა, რომ სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ, ხვალაც ასეთი შემართებით ვიასპარეზებთ და ვეცდებით, გამარჯვება მოვოპოვოთ.

 

მე-5 ადგილისთვის მატჩში “შსს-აკადემიას” “რუსთავი” დაუპირისპირდება. ქვემოქართლელებმა დღეს “სოხუმი” დაამარცხეს. მეოთხედფინალში “ქუთაისთან” გმირულად ნაბრძოლი და მე-5, გადამწყვეტ მატჩში დამარცხებული სოხუმელები ძირითადი გამთამაშებლის გარეშე თამაშობდნენ, ხოლო დღევანდელი მატჩის მეორე ნახევარში გუნდის ლიდერმა ირაკლი ჩლაიძემ ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

რუსთაველებმა საბოლოოდ 102:97 მოუგეს “სოხუმს” და მე-5 ადგილისთვის მატჩში შსს-ს დაუპირისპირდებიან. მე-7 ადგილისთვის შეხვედრაში “ოლიმპი” “სოხუმს” შეხვდება. ორივე მატჩი ხვალ, 10 მაისს, სპორტის სასახლეში გაიმართება.

 მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

სოხუმი – რუსთავი 97:102 

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ფსიქოლოგიურად ბიჭები ძალიან დაძაბულები და გადაღლილები იყვნენ, ,,ქუთაისთან’’ თამაშმა ყველანაირი ძალები გამოგვაცალა,

ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, გაგვიმართლა, ,,სოხუმი’’ ფიზიკურად და ემოციურად დაცლილი იყო, არადა მათ ჰქონდათ შანსი მაღალი მიზნებისთვის ებრძოლათ. ,,ქუთაისთან’’ წაგების შემდეგ, დღეს არ იყვნენ ისეთი განწყობით, როგორც ჩვევიათ. ამით ვისარგებლეთ და გავიმარჯვეთ.  ხვალ რა იქნება, არ ვიცი. ზედიზედ 2 თამაშის ჩატარებას არ ვართ მიჩვეული, ამიტომ გაგვიჭირდება. კარგი იქნებოდა, 1 დღე მაინც გვქონოდა დასვენება.

ირაკლი ჩლაიძე(,,სოხუმი’’): მინდა მივულოცო ,,რუსთავის’’ გუნდს გამარჯვება, ყოველთვის კარგი გუნდი ჰყავთ, წელს პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელებით იყვნენ დაკომპლექტებული. რაც შეგვეხება ჩვენ, დღეს არც ერთი მოთამაშე არ იყო ბრძოლისთვის მოტივირებული. ჩვენი პირდაპირი მიზანი ,,ქუთაისის’’ გამოგდება იყო პლეიოფიდან, დიდი ომი და ბრძოლები გადავიტანეთ და დამარცხებულები ჩვენ გამოვედით. ამიტომ, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის ბრძოლა ჩვენთვის მთავარი აღარაა. დღეს ყველაფერი სამართლიანად და ლოგიკურად მოხდა, ჩვენს ახალგაზრდებს სათამაშო დრო მიეცათ და ამ გამოცდილებას მომავალში გამოიყენებენ. რუსთავმაც დამსახურებულად მოიგო, წაგებას ჩემი ფეხის გადაბრუნებას ან ბააკაშვილის არყოფნას ვერ დავაბრალებ. ჩვენმა გუნდმა წელს ბევრ რამეს გაუძლო, მხოლოდ ენთუზიაზმის და სპორტული ჟინის ხარჯზე ვთამაშობდით და ვფიქრობ, ვერავინ მოგვთხოვს პასუხს საპრიზო ადგილების დაუკავებლობის გამო. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემი გუნდის თითოეულ წელს გაწეული შრომის და თავდადებისთვის.

superleague.ge

ბათუმი შსს-სთან სერიაში დაწინაურდა

დღეს, თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის პლეი ოფების შეხვედრებმა აიღო სტარტი. პირველ მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ რეგულარულ ჩემპიონატში მე-4 და მე-5 პოზიციებზე გასული “შსს” და “ბათუმი” წარსდგნენ.

მატჩი მასპინძელთა დომინირებით დაიწყო. ჟღენტის გუნდმა პირველივე წუთებიდან მოახერხა უპირატესობის მოპოვება და მეტოქეს 12-2 უგებდა. საბოლოოდ, პირველი მეოთხედი აკადემიალთა გამარჯვებით, 19-10 დასრულდა.

მეორე პერიოდში “ბათუმმა” თამაში მნიშნველოვნად გამოასწორა, რაც ლეგიონერების და ლაშა კეშელავას ზუსტი სამიანების დამსახურება იყო.პირველი ნახევარი ფრედ, 31-31 მთავრდებოდა, თუმცა ბათუმელთა ახალგაზრდა მოთამაშე ნიკა რამიშვილმა საკუთარი ნახევრიდან სირენასთან ერთად ჩააგდო ულამაზესი სამიანი და დიდ შესვენებაზე სტუმრები მცირე უპირატესობით გავიდნენ.

მატჩის მეორე ნახევარში “ბათუმმა” მოპოვებული უპირატესობის განვითარება შესძლეს. მეოთხე პერიოდი კობეშავიძის გუნდისთვის შეხვედრაში საუკეთესო იყო. ბათუმელებმა 15 ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრაც მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

საინტერესო დაპირისპირების მეორე სერია ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში 14:00 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ბათუმის’’ გუნდს, კარგად ითამაშეს და ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს. რაც შეგვეხება ჩვენ, იმ პერიოდში, რაც არჩილ ჟღენტი გუნდის მთავარი მწვრთნელია, ასეთი ცუდი თამაში ჯერ არ ჩაგვიტარებია – არანაირი გუნდურობა, არაზუსტი შორი სროლები, არაფერი გამოგვივიდა. თუმცა, გავარჩევთ დღევანდელ მატჩს, ვიდეოანალიზს გავაკეთებთ და ვეცდებით, გამოვასწოროთ შეცდომები. კარგია, რომ პლეი ოფები 3 მოგებამდე გრძელდება და ნამდვილად უძლიერესი და ღირსეული გაიმარჯვებს. შანსი გვაქვს და ვეცდებით, ხვალ სხვა თამაში ვაჩვენოთ.

მიხეილ კობეშავიძე(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი):  შანსებზე ვერაფერს ვიტყვი და პროგნოზსაც ვერ გავაკეთებ. დღეს ვიბრძოლეთ და ასე იქნება ყველა თამაშზე, თბილისშიც და ბათუმშიც. ბიჭებს ვულოცავ ამ გამარჯვებას, თუმცა მთავარი ბრძოლა ჩვენთვის ხვალ იწყება. დღევანდელი დღე უკვე ჩავლილია და ყველაფერი წინაა.

ლერი კვანტალიანი(,,შსს აკადემია’’): მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას. დავეთანხმები მწვრთნელს, ბევრი ხარვეზი გქვონდა და იმედია, ხვალ სხვანაირ თამაშს ვაჩვენებთ

ნიკა რამიშვილი(,,ბათუმი’’): მივულოცავ ჩვენს გუნდს და გულშემატკივარს ამ წარმატებას. კარგი შეხვედრა გამოვიდა. ეს გამარჯვება ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან გვჭირდებოდა. თავიდან გაგვიჭირდა, თუმცა შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. პლეი ოფების სერია 3 მოგებამდე გრძელდება და დარწმუნებული ვარ, საინტერესო თამაშები გველოდება. წარმატებებს ვუსურვებ მეტოქესაც და ჩვენს გუნდსაც.

 

IMG_1995IMG_1994IMG_1984IMG_1952IMG_1938IMG_1921IMG_1914IMG_1893IMG_1881IMG_1868IMG_1861IMG_1854IMG_1843IMG_1837IMG_1832IMG_1794IMG_1783IMG_1781IMG_1777IMG_1763IMG_1757IMG_1714IMG_2019

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები

“შსს აკადემიამ” “ოლიმპი” დაამარცხა

მილე ილიჩის გარეშე მოთამაშე “შსს აკადემიას” “ოლიმპის” დამარცხება არ გასჭირვებია. ლეგიონერის შეცვლა აკაკი ლომოურს მოუწია, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში “ოლიმპის” ლიდერ რიჩარდ მათიაშვილის წინააღმდეგ თამაშობდა და ამ ამოცანას თავი კარგადაც გაართვა.

პირველი მეოთხედი თანაბრად მიმდინარეობდა, თუმცა “შსს”-ს მცირე უპირატესობით დასრულდა 16-11. გადამწყვეტი მომენტი კი, მეორე ნახევრის ბოლოს დადგა, როდესაც ჟღენტის შეგირდები 12 ქულის სხაობით იგებდნენ, რაც პირველ რიგში ბრაუნის და როგავას დამსახურება იყო.

მესამე პერიოდში “ოლიმპელებმა” გაიბრძოლა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება თორთლაძის შეგირდებმა ვეღარ მოახერხეს და “აკადემიელები” კვლავ ინარჩუნებდნენ სოლიდურ უპირატესობას, რომელიც მეოთხე პერიოდის ბოლოს 22 ქულიანი სხვაობით დასრულდა

 სტატისტიკა

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): კიდევ ერთხელ დავმარცხდით და გუნდში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. რწმენა დაკარგული გვაქვს, თუმცა მე მაინც მჯერა ჩემი მოთამაშეების. ვეცდებით, ნელ-ნელა გამოვასწოროთ და პლეიოფებამდე უშუალო კონკურენტებთან მაინც გავიმარჯვოთ. დღეს ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ,,შსს აკადემია’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია და დავმარცხდით.

არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): შედეგით კმაყოფილი ვარ, რასაც თამაშის ხარისხზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. იყო ეპიზოდები, როცა ძალიან კარგად ვთამაშობდით და იყო მომენტები, როცა ბევრი შეცდომა დავუშვით. თანაც გუნდს მილე ილიჩი აკლდა. მოვემზადებით მომავალი შეხვედრისთვის, რომელსაც ქუთაისში ჩავატარებთ.

ირაკლი გულისაბედაშვილი(,,ოლიმპი’’): თავიდან კარგად დავიწყეთ, თუმცა დაცვაში უამრავი შეცდომა დავუშვით. ელემენტარულ შეცდომები გვქონდა და ამის გამოსწორება ისეთ გუნდთან, როგორიც ,,შსს აკადემიაა’’, საკმაოდ რთულია. შსს ახალგაზრდული, მებრძოლი გუნდია და მათი კარგი თამაში დღესაც გამოჩნდა.

 

მერაბ მირზიაშვილი(,,შსს აკადემია’’): მობილიზებულად ვითამაშეთ და შედეგი სახეზეა. კარგი დაცვის ხარჯზე მოვიგეთ და მივულოცავ ჩემს გუნდს დღევანდელ გამარჯვებას.