შოთა არველაძემ “ქასიმფაშა” დატოვა

შოთა არველაძემ “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

თურქეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში “ქასიმფაშა” სტუმრად “ქონიასპორთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არველაძემ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კლუბის თავკაცის პოსტი დატოვა.

“ჩემ ადგილას სხვაც ასე მოიქცეოდა. მატჩის შემდეგ ბიჭებს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ გუნდის დატოვებას ვაპირებდი. კლუბში მომუშავე ყველა პირს მადლობას ვუხდი. ყველანი ჩემი მეგობრები ხართ და წარმატებებს გისურვებთ”, – განაცხადა არველაძემ პრესკონფერენციაზე.

“ქასიმფაშამ” თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ორი გამარჯვება მოიპოვა. გუნდს 29 ქულით სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიცია უკავია.

შოთა არველაძე “ქასიმფაშას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2012 წლიდან მუშაობდა.

 

შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია

თურქეთის სუპერლიგის XIV ტურში “ბალიკესირსპორსა” და “ქასიმფაშას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას სტუმართა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე მისივე გუნდის ფეხბურთელმა კინაღამ წააქცია. ქართველმა სპეციალისტმა “ქასიმფაშას” ინერციით მომავალი მოთამაშის შეჩერება სცადა, თუმცა ფეხბურთელი წაიქცა და კინაღამ თავკაციც წააქცია.

მატჩი “ბალიკესირსპორის” გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა. “ქასიმფაშა” სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციამდე დაეშვა.

არველაძე „ქასიმფაშაში“ 2017 წლამდე

შოთა არველაძე „ქასიმფაშაში“ 2017 წლამდე დარჩება. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთის ქართველმა სპეციალისტმა თურქული კლუბი 2012 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მაშინ მხარეებს შორის კონტრაქტი „1,5 + 3“ სქემით გაფორმდა. როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა არველაძის მუშაობით კმაყოფილია და მასთან დამდეგი სამი წლის განმავლობაშიც აპირებს თანამშრომლობას.

შოთა არველაძემ ხელშეკრულება „ბეშიქთაშთან“ გამართულ მატჩამდე გაახანგრძლივა. „ათათურქზე“ შემდგარი მატჩი „ბეშიქთაშის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

არველაძის „ქასიმფაშას“ სატურნირო ცხრილში 47 ქულით მე-6 ადგილი აქვს დაკავებული.

ბექა დოგრაშვილი

არველაძის „ქასიმფაშამ“ მანჩინის „გალათასარაი“ გაანადგურა

თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ რობერტო მანჩინის „გალათასარაის“ ესტუმრა და მრისხანე მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მასპინძლები მე-7 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდნენ. მოედნიდან „გალათასარაის“ მცველი ჰაქან ბალთა გააძევეს, რომელმაც საკუთარ საჯარიმო მოედანზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელი წააქცია. პენალტი „ქასიმფაშას“ არგენტინელმა ნახევარმცველმა ეზეკიელ სკარიონემ გაიტანა. პირველი ტაიმი სტუმრების მინიმალური უპირატესობით დასრულდა, თუმცა შოთა არველაძის გუნდმა შეხვედრის მეორე ნახევარში მეტოქეს წირვა გამოუყვანა. 51-ე წუთზე „გალათასარაის“ მცველების უხეირო თამაშით სტუმრების ურუგვაელმა თავდამსხმელმა ტაბარე ვიუდესმა ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა გაზარდა. შემდეგ სკარიონემ გაახერხა დუბლი. მასპინძელთა ტანჯვას წერტილი იალჯინ აიჰანმა დაუსვა, რომელმაც კუთხურის მოწოდების შემდეგ ბურთს თავი შეაგება და ფერნანდო მუსლერას კარის ბადე მეოთხედ შეარხია.

მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ იმედი გამოთქვა, რომ დარჩენილ 4 ტურში მისი გუნდი მაქსიმუმს გაიღებს და 12 ქულას მოიპოვებს.

ამ გამარჯვების შემდეგ არველაძის „ქასიმფაშამ“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა გუნდს ევროთასებზე მოხვედრის კარგი შანსიც გაუჩნდა.

 

ბექა დოგრაშვილი

შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა

კიდევ ერთი მარცხი იწვნია შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“, რომელიც თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში „ფენერბაჰჩეს“ ესტუმრა. მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ გაილია, 64-ე წუთზე მასპინძელთა გამოცდილმა ნახევარმცველმა ემრე ბელიოზოღლუმ ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა, 79-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სანჰარიბ მალკიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ორ წუთში ბექირ ირტეგიუნმა მასპინძლები კვლავ დააწინაურა და მათ 3 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთიდან „ქასიმფაშა“ მოედანზე 10 კაცით თამაშობდა, რადგან ნახევარმცველ ქერემ სერასს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს.

ამრიგად, „ქასიმფაშამ“ ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, მოუგებელი სერია კი 10 მატჩამდე გაიზარდა, შოთა არველაძის გუნდმა უკანასკნელად გასული წლის 9 ნოემბერს „გაზიანთეფი“ დაამარცხა (3:0). შედეგად, „ქასიმფაშას“ თუ ერთი პერიოდი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილი ჰქონდა დაკავებული, ახლა 30 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. რაც შეეხება „ფენერბაჰჩეს“, გუნდი სატურნირო ცხრილს 47 ქულით ლიდერობს.

შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ „ბეშიქთაშს“ სძლია

თურქეთის სუპერლიგის XV ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თანაქალაქელ „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. არადა, სტუმრები შეხვედრის მე-3 წუთზე დაწინაურდნენ – გოლი უგო ალმეიდამ გაიტანა. არველაძის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა მეორე ტაიმში მოახერხა და 47-ე წუთზე ჯერ ჰალილ ჩოლაქმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 71-ე წუთზე ესეკიელ სკარიონემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩის 82-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის ერთბაშად ორი ფეხბურთელი – რამონი და უგო ალმეიდა გააძევა. შეხვედრის 30-ე წუთზე საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც „ბეშიქთაშის“ შეტევა „ქასიმფაშას“ ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა მოედანზე არსებული მეორე ბურთით შეაჩერა. როგორ განვითარდა აღნიშნული ეპიზოდი, ეს ქვემოთ მოცემული ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ დონკს საქციელი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი არასწორად მოიქცა.

15 ტურის შემდეგ „ქასიმფაშა“, რომელსაც აქტივში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ბეშიქთაში“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არველაძის „ქასიმფაშა“ სუპერლიგაში უკანასკნელად 29 სექტემბერს, „ესკიშეჰირსპორთან“ დამარცხდა.

ბექა დოგრაშვილი