“რეალმა” საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

მაროკოს დედაქალაქში მდებარე სტადიონ „სტად დე მარაკეშზე“ დასრულდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელშიც მადრიდის “რეალმა” არგენტინული “სან ლორენსო” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

37-ე წუთზე ტონი კროოსის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ სერხიო რამოსმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი გარეტ ბეილმა ისკოს პასი შეირგო და მეორედ შეარხია “სან ლორენსოს” კარის ბადე.

ამრიგად, “რეალი” არსებობის მანძილზე პირველად გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი
ფინალური მატჩი:
“რეალი” (ესპანეთი) — “სან ლორენსო” (არგენტინა) 2:0 (1:0)

გოლები: რამოსი 37′ (1:0), ბეილი 51′ (2:0).
გაფრთხილებები: რამოსი 22′, კარვახალი 30′ — ორტიგოსა 12′, ბარიენტოსი 16′, ბუფარინი 55′, კანემანი 85′.
მთავარი მსაჯი: ვალტერ ლოპესი (გვატემალა).

ზეპ ბლატერმა სტატისტიკური შეცდომა დაუშვა

ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის განხილვის დროს უხეში შეცდომა დაუშვა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა „რაჯა კასაბლანკა“ ტურნირის მასპინძელ პირველ გუნდად მოიხსენია, რომელმაც ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„აფრიკის ჩემპიონი („ალ აჰლი“) ტურნირიდან გამოვარდა, მასპინძელი კი ფინალისთვის ემზადება. ისტორიაში პირველად მოხდება, რომ ფინალურ მატჩში ერთმანეთს ორი კონტინენტის ჩემპიონი არ შეხვდება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ფინალის მონაწილეები ტურნირის საუკეთესო გუნდებია“, – აღნიშნა ბლატერმა.

თავად ბლატერმა 2000 წლის 14 იანვარს პირადად გადასცა „კორინთიანსის“ კაპიტან ფრედი რინკონს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის თასი. მაშინ „კორინთიანსი“ ტურნირზე სწორედ მასპინძლის სტატუსით თამაშობდა. ბრაზილიურმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის „რეალს“ აჯობა, ფინალურ მატჩში კი, პენალტების სერიაში „ვასკო და გამა“ დაამარაცხა. ეს იყო პირველი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი. კომერციული მიზეზის გამო, მომდევნო ტურნირი 2005 წელს შედგა, ჩემპიონი კი „სან პაულო“ გახდა.

ბექა დოგრაშვილი

რონალდინიო „დააყაჩაღეს“ (ვიდეო)

საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში რონალდინიოს „ატლეტიკო მინეირო“ მაროკოულ „კასაბლანკასთან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ბრაზილიელთა მხრიდან ეს ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმით სწორედ რონალდინიომ გაიტანა (იხილეთ გოლის ვიდეო).

მატჩის შემდეგ „კასაბლანკას“ ფეხბურთელები სათითაოდ გადაეხვივნენ „მინეიროს“ მე-10 ნომერს და რაც შეძლეს, თითქმის ყველაფერი გახადეს.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბრაზილიური კლუბი ჩინურ „გუანჩჟოუ ევერგრანდს“ დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს სტარტს.

ფინალური მატჩი მიუნხენის „ბაიერნსა“ და „კასაბლანკას“ შორის შაბათს შედგება და ჩვენი დროით 23:30 საათზე დაიწყება.

მკაცრი მაროკოელები და „ბაიერნის“ სერიოზული მზადება ჩინელებთან სათამაშოდ

მაშინ, როცა ევროპაში დიდთოვლობას ებრძვიან (თოვლი თვით სტამბულშიც მოვიდა), მიუნხენის „ბაიერნი“ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატში ჩასართველად ემზადება. ტურნირი თბილ მაროკოში მიმდინარეობს. გერმანელები ნახევარფინალური ეტაპიდან ერთვებიან და დღეს ჩინურ „გუანჩჟოუ ევერგრანდს“ დაუპირისპირდებიან.

„ბაიერნი“ საკმაოდ სერიოზულად ემზადება და არა იმიტომ, რომ გერმანელები ჩინურ კლუბს ასე აფასებენ, არამედ იმიტომ, რომ სავარჯიშო მოედნის ღობის გადაღმა მკაცრად მომზირალნი მაროკოელი ყმაწვილების თვალწინ ლაზღანდარობის უფლებას მხოლოდ გიჟი თუ მისცემდა საკუთარ თავს (ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა).

მატჩი „გუანჩჟოუ ევერგრანდსა“ და „ბაიერნს“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე აიღებს სტარტს.

ცნობისთვის, მეორე ნახევარფინალური მატჩი 18 დეკემბერს შედგება და ერთმანეთს მაროკოული „კასაბლანკა“ და ბრაზილიური „ატლეტიკო მინეირო“ დაუპირისპირდებიან.

ბექა დოგრაშვილი