2016 წლის ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში გადამწყვეტი ტურის მატჩები გაიმართა. “სტად დე ლიონზე” ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. არცერთ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა განაღდებული არ ჰქონდა. შეხვედრა საინტერესოდ, დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა.
მატჩი მაღალ ტემპში დაიწყო. პირველ ტაიმში ბურთს უფრო მეტად პორტუგალიელები ფლობდნენ, თუმცა უნგრელები დაცვაში საიმედოდ მოქმედებდნენ. მე-19 წუთზე კი ზოლტან გერამ ყუმბარისებური დარტყმით უნგრეტის ნაკრები დააწინაურა კიდეც. მალე ალეშ ელეკს უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მეკარე რუი პატრისიუმ იყოჩაღა. ტაიმის ბოლო პორტუგალიელებმა წონასწორობის აღდგენა შეძლეს: კრისტიანუ რონალდუმ მახვილგონივრული გადაცემით ლუიშ ნანი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა – 1:1.
მატჩის მეორე ტაიმი ძალზედ საინტერესოდ დაიწყო, მაყურებელმა საწყის ათ წუში სამი გოლი იხილა. 47-ე წუთზე ბალაჟ ჯუჯაკმა საჯარიმო დარტყმით უნგრელები კვლავ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ამ ეპიზოდში რიკოშეტი იყო და მეკარემ რეაგირება ვეღარ მოასწრო. 50-ე წუთზე კი კრიშტიანუ რონალდუმ ქუსლით ძალზედ ეფექტური გოლი გაიტანა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა – 2:2. ზუსტად ხუთ წუთში ჯუჯაკმა ისევ რიკოშეტით, თუმცა ამჯერად უკვე თამაშიდან კიდევ ერთი გოლი გაიტანა და უნგრეთის ნაკრები ამ შეხვედრაში მესამედ დააწინაურა. 62-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ამ მატჩში მეორედ აღადგინა წონასწორობა: მოედანზე ერთი წუთის წინ გამოსულმა რიკარდო კუარეჟმამ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, იქ კი დასწრებაზე თავით რონალდუმ ითამაშა და ანგარიში კლავ გათანაბრდა – 3:3. მომდევნო ეპიზოდში უნგრეთის ნაკრებს კვლავ შეეძლო დაწინაურება, თუმცა აკოშ ელეკმა ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა. ტაიმის შუაწელს ტემპი დაეცა, ფეხბურთელები იმდენად აქტიურად აღარ უტევდნენ. საბოლოო ჯამში, ანგარიში აღარ შეცვლილა: უნგრეთის ნაკრები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, ისლანდიამ ავსტრიასთან მატჩი მოიგო და მეორე პოზიცია დაიკავა, პორტუგალია კი მესამე ადგილზე დარჩა.
ევრო-2016
F ჯგუფი
უნგრეთი — პორტუგალია 3:3 (1:1)
უნგრეთი: კირაი; ლანგი, გუზმიჩი, იუჰაში, კორჰუტი; გერა (ბეშე 46′), პინტერი; ჯუჯაკი, ელეკი, ლოვრენჩიჩი (შტიბერი 83′); შალაი (ნემეტი 71′).
მთავარი მწვრთნელი: ბერნდ შტორკი.
პორტუგალია: რუი პატრისიო; ვიერინია, პეპე, რიკარდუ კარვალიუ, ელიზეუ;- ანდრე გომეში (რიკარდო კუარეჟმა 61′), ვილიამ კარვალიუ, ჟოაო მოუტინიო (რენატო სანჩესი 46′), ჟოაო მარიო; რონალდუ, ნანი (დანილუ 81′).
მთავარი მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში.
გოლები: გერა 19′ ჯუჯაკი 47′ 55′ — ნანი 42′, რონალდუ 50′, 62′.
გაფრთხილებები: გუზმიჩი 13′, იუჰაში 28′, გერა 34′, ჯუჯაკი 56′
მთავარი მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი).