იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, ბევრისდა მოულოდნელად, „რომა“ სტუმრად „კატანიასთან“ ანგარიშით 1:4 განადგურდა, რითაც ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი მოისპო.
„იუვენტუსს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 93 ქულით პირველი ადგილი უკავია და მადევარ „რომას“ მთელი 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილ ორ ტურში „მგლებს“ ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორიული შანსიც არ გააჩნიათ.
ამრიგად, „იუვენტუსი“ მიჯრით მესამედ ხდება სერია A-ს გამარჯვებული, სულ კი – „ბიანკონერის“ 30-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონატი მოგებული, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ეს მათი 32-ე ჩემპიონობაა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და „იუვენტუსს“ შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.
კერძოდ, აქამდე „იუვენტუსს“ გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე ექნებათ.
ბექა დოგრაშვილი