იტალიური კლუბები ევროთასების მეოთხედფინალს მიღმა 2001 წლის შემდეგ პირველად დარჩნენ

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე არცერთი იტალიური კლუბი არ ითამაშებს.

ტურინის “იუვენტუსი” და “რომა” ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალურ ეტაპზე დაემშვიდობნენ, ხოლო დღეს პრაღის “სპარტამ” რომის “ლაციო” გამოაგდო ევროპის ლიგის გათამაშებიდან (ორი მატჩის ჯამში 4:1).

ამრიგად, 2000-2001 წლების სეზონის შემდეგ სერია A-ს ევროთასების მეოთხედფინალურ ეტაპზე არცერთი წარმომადგენელი არ ეყოლება.

 

ფინანსური “ტიტანიკი” სერია A-ში

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ განაცხადა, რომ ქვეყნის მრავალი კლუბი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშეა.

“გასულ სეზონში ფინანსური პრობლემები დიდი ქალაქების კლუბებსაც კი ჰქონდათ. გაგვაფრთხილეს, რომ მომდევნო სეზონიდან მათ თავიანთი ბალანსი უნდა მოაწესრიგონ. სხვა შემთხვევაში, სანქციებს დაგვიწესებენ. ახალ წესებს ამ ზაფხულს რომ იღებდნენ, ლიცენზირების გავლას მხოლოდ ხუთი კლუბი შეძლებდა. სერია A “ტიტანიკის” გზას ადგას. არ შეიძლება, კიდევ დავუშვათ ის, რაც “პარმას” მოუვიდა.

ყველა პრობლემას ერთბაშად ვერ მოვაგვარებთ, თუმცა ხუთწლიანი გეგმა დაგვეხმარება, რომ იტალიური ფეხბურთი გაკოტრებისგან ვიხსნათ”, – ციტირებს ტავეკიოს სიტყვებს Football Italia.

 

„რომა“ ტოტის დუბლით დერბიში მარცხს გადაურჩა

„რომასა“ და „ლაციოს“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალურმა მატჩმა გულშემატკივართა იმედი გაამართლა.

შეხვედრა ნომინალური მასპინძლების აქტიური თამაშით დაიწყო და პირველ ოც წუთში „ჯალოროსიმ“ „ლაციოს“ კარს რამდენიმეჯერ სახიფათოდ შეუტია, თუმცა ანგარიში მაინც სტეფანო პიოლის გუნდმა გახსნა – 25-ე წუთზე ფელიპე ანდერსონის მეტოქის საჯარიმოში ჩინებულ ჩაწოდებას სტერფანო მაურის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 0:1. ოთხ წუთში ანდერსონმა კვლავ გაიბრწყინა, ამჯერად ბრაზილიელმა თვითონ დაარტყა და თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევრის უკვე მე-3 წუთზე „რომამ“ ანგარიშის სხვაობის შემცირება შეძლო – ფრანჩესკო ტოტიმ ფედერიკო მარკეტი უშანსოდ დატოვა. ამის შემდეგ „ჯალოროსის“ ფეხბურთელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, რამაც შედეგი მოიტანა. 64-ე წუთზე „ლაციოს“ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ფრანჩესკო ტოტიმ ბრწყინვალე გოლით დააგვირგვინა – 2:2! გატანილი გოლი „იმპერატორმა“ „სელფით“ აღნიშნა. დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის 89-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც „რომას“ კარს შეცვლაზე შესულმა მიროსლავ კლოზემ დაუმიზნა, თუმცა რუდი გარსიას გუნდი მეკარე მორგან დე სანქტისმა გადაარჩინა.

საბოლოოდ, 2:2 და ამ ფრით „რომა“ მინიმუმ ოთხი საათით ქულების რაოდენობით პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთაბარდა, რომელიც დღეს გასვლაზე „ნაპოლის“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

რაც შეეხება „ლაციოს“, პიოლის გუნდი 31 ქულით მესამე ადგილზე დარჩა, თუმცა „ნაპოლის“ მოგების შემთხვევაში გუნდი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდება.

პირლო წლის ფეხბურთელად დასახელდა

გუშნ 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანდრეა პირლო, ხოლო საუკეთესი მწვღთნელად ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე დასახელდა.

სერია ა-ს საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელის პრიზი გონსალო იგუაინს გადასცეს, თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა თავის გუნდის ფეხბურთელებს დაჯილდოვების ცერემონიალზე დასწრება აუკრძალა.

აქვე წარმოგიდგენთ იტალიის პირველობის 2014 წლის სიმბოლურ ნაკრებს: ჯანლუიჯი ბუფონი („იუვენტუსი“) – მატეო დარმიანი („ტორინო“), ანდრეა ბარძალი („იუვენტუსი“), მეხდი ბენატია („რომა“/„ბაიერნი“), კვანდვო ასამოა („იუვენტუსი“) – პოლ პოგბა („იუვენტუსი“), ანდრეა პირლო („იუვენტუსი“), არტურო ვიდალი („იუვენტუსი“) – ჩირო იმობილე („ტორინო“/ „ბორუსია“), კარლოს ტევესი („იუვენტუსი“), გონსალო იგუაინი („ნაპოლი“).

„ფიორენტინა“ – „იუვენტუსი“ უგოლოდ დასრულდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს მე-14 ტური ფლორენციაში გაიხსნა – ადგილობრივმა „ფიორენტინამ“ გათამაშების ცხრილის ლიდერი ტურინის „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

შედეგად, „ბიანკონერის“ 35 ქულა დაუგროვა და, „რომას“ მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე მყოფილი გუნდი უახლოეს მდევარს მხოლოდ ქულით გაუსწრებს. რაც შეეხება „ფიორენტინას“, ფლორენციელები 20 ქულით ამჟამად მერვე ადგილს იკავებენ.

ბენიტესი: „ნაპოლი“ სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტი არ არის“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ნეაპოლიტანურ კლუბს სკუდეტოსთვის ბრძოლაში ფავორიტად არ თვლის.

„ყველა ამბობს, რომ „ნაპოლი“ ტიტულისთვის ბრძოლაში ფავორიტია, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. პირველ რიგში, უნდა დავასახელოთ „იუვენტუსი“ და „რომა“, რომლებმაც წინა სეზონში გვაჯობეს. აქვეა „მილანი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“.

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს. მეტოქეებს პატივს ვცემთ და მხოლოდ ჩვენი გუნდის თამაშზე ვფიქრობთ“, – ციტირებს რაფა ბენიტესის სიტყვებს „ტუტომერკატო“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში „ნაპოლიმ“ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ნეაპოლიტანურმა გუნდმა წინა სეზონში იტალიის თასი მოიგო.

 

„დერბი დელა მადონინა“ „მილანმა“ მოიგო

იტალიის სერია A-ს ცენტრალური შეხვედრა „ჯუზეპე მეაზაზე“ გაიმართა, სადაც „მილანი“ თანაქალაქელ „ინტერს“ დაუპირისპირდა. მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 65-ე წუთზე ნაიჯელ დე იონგმა თავური დარტყმით გაიტანა. დარჩენილ დროში ბევრი საინტერესო არც არაფერი მომხდარა და „მილანმა“ „დერბი დელა მადონინა“ ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით „მილანმა“ 54 ქულას მოუყარა თავი და მე-8 პოზიციაზე აღზევდა. „ინტერი“ 57 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.

იტალიის სერია A
36-ე ტური
„მილანი“ — „ინტერი“ 1:0 (0:0)
გოლი: დე იონგი 65′.
გაფრთხილებები: მექსესი 16′, დე იონგი 89′, აბიატი 90+2′ —კამბიასო 39′, სამუელი 75′, რანოკია 80′.

„იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია

იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში, ბევრისდა მოულოდნელად, „რომა“ სტუმრად „კატანიასთან“ ანგარიშით 1:4 განადგურდა, რითაც ჩემპიონატის მოგების თეორიული შანსი მოისპო.

„იუვენტუსს“, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 93 ქულით პირველი ადგილი უკავია და მადევარ „რომას“ მთელი 8 ქულით უსწრებს. შესაბამისად, დარჩენილ ორ ტურში „მგლებს“ ამ სხვაობის აღმოფხვრის თეორიული შანსიც არ გააჩნიათ.

ამრიგად, „იუვენტუსი“ მიჯრით მესამედ ხდება სერია A-ს გამარჯვებული, სულ კი –  „ბიანკონერის“ 30-ჯერ აქვს იტალიის ჩემპიონატი მოგებული, თუმცა კლუბში თვლიან, რომ ეს მათი 32-ე ჩემპიონობაა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და „იუვენტუსს“ შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.

კერძოდ, აქამდე „იუვენტუსს“ გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე ექნებათ.

ბექა დოგრაშვილი

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაცია სერია A-ს გუნდთა რაოდენობის შემცირებას მოითხოვს

„ლა რეპუბლიკას“ ცნობით, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი დამიანო ტომაზი სერია A-ს 18 გუნდამდე შემცირების ინიციატივით გამოდის.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იტალიის რანგით პირველ დივიზიონში 20 კლუბი ასპარეზობს.

ტომაზის მტკიცებით, ეს ნაბიჯი კლუბების დანახარჯს შეამცირებს, გაზრდის კონკურენციას და კალენდარსაც უფრო მოსახერხებელს გახდის. გარდა ამისა, ასოციაციის გეგმებში შედის ფეხბურთელთა დაცვა გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი აგრესიისგან, ასევე მოთამაშეთა შრომითი უფლებების გაუმჯობესება.

 

ზეედორფი: „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია“

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა აღნიშნა, რომ „იუვენტუსის“ შეჩერება მხოლოდ ტანკს შეუძლია.

„ანგარიშის მიუხედავად, ჩემი გუნდის კარგ თამაშის აღვნიშნავდი. ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, თუმცა ჩვენს ტემპში ვითამაშეთ და მოწინააღმდეგის ბევრი ძლიერი მხარე გავანეიტრალეთ. „იუვენტუსმა“ მეორე ტაიმის დიდი ნაწილი დაცვაში გაატარა. ჩემი გუნდის ფეხბურთელებს დავეხმარე, რომ საკუთარ თავში გამბედაობა ეპოვათ. მატჩამდე მე მათ ვუთხარი, რომ ეს კიდევ ერთი შანსი იქნებოდა, რათა დაგვემტკიცებინა, რომ სწორ გზას ვადგავართ და „იუვენტუსის“, „ატლეტიკოსა“ და „სამპდორიას“ წინააღმდეგ კარგად თამაში შეგვიძლია. ეს ჩვენ თავდაჯერებას შეგვმატებს.

ვის შეუძლია „იუვენტუსის“ შეჩერება? ტანკს! გუნდი, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში ასეთ შედეგებს აჩვენებს, კომპლიმენტებს იმსახურებს. კარლოს ტევესმა ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა, თუმც მას მხოლოდ ორი მომენტი ჰქონდა. მან აჩვენა, რომ მსოფლიო დონის თავდამსხმელია“, – განაცხადა მატჩის შემდეგ ზეედორფმა.

ბექა დოგრაშვილი

„იუვენტუსმა“ სტუმრად „მილანი“ დაამარცხა

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის ცენტრალური მატჩი „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა, სადაც „მილანმა“ გათამაშების ლიდერი „იუვენტუსი“ მიიღო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ანგარიში 44-ე წუთზე ფერნანდო ლორენტემ გახსნა. 68-ე წუთზე ლამაზი გოლით თავი კარლოს ტევესმა გამოიჩინა.

„იუვენტუსმა“ 69 ქულა დააგროვა და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა განიმტკიცა. „მილანი“ 35 ქულით მეათე ადგილზეა.

იტალიის სერია A
26-ე ტური
„მილანი“ — „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: ლორენტე 44′, ტევესი 68′.
გაფრთხილებები: ბონერა 83′ — მარკიზიო 58′, პირლო 64′.

რონალდუ: „ვინ არის სერია A-ში ჩემი საყვარელი ფეხბურთელი?“

მადრიდის „რეალის“ ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ „მილანის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შეაქო და თქვა, რომ იტალიელი ფეხბურთელი მოედანს მიღმა ჩადენილი ქცევების მიხედვით არ უნდა შეფასდეს.

„მარიოს პირადად არ ვიცნობ და არც მაინტერესებს, რას აკეთებს მოედნის მიღმა. მე მას ყოველთვის ვთვლიდი მაღალი დონის ფეხბურთელად. ის „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავს. ვთვლი, რომ ბალოტელი იმით უნდა შეფასდეს, თუ რას აკეთებს მოედანზე. ყველაფერი, რაც მის პირად ცხოვრებაში ხდება, არავის საქმე არ არის.

ვინ არის სერია A-ში მოთამაშე ჩემი საყვარელი ფეხბურთელი? სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვუყურებ იტალიურ ფეხბურთს“, – განაცხადა რონალდუმ „სქაი სპორტ იტალიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ბექა დოგრაშვილი