ფრანჩესკო ტოტი “რომაში” რჩება

როგორც ჩანს, ფრანჩესკო ტოტიმ საკუთარი მომავალი საბოლოოდ გადაწყვიტა. “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, იტალიელი “რომაში” ადმინისტრაციულ თანამდებობას დაიკავებს. კერძოდ, ის კლუბის ხელმძღვანელობასა და გუნდს შორის ერთგვარი შუამავალი იქნება.

ტოტი შვებულებიდან რამდენიმე დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც “რომას” ხელმძღვანელობასთან აღნიშნულ საკითზე მოლაპარაკებას გამართავს. გარდა ამისა, კლუბის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე დაინიშნება “რომას” ყოფილი მეკარე მორგან დე სანკტისიც.

შეგახსენებთ, რომ ფრანჩესკო ტოტიმ “რომაში” ფეხბურთელის კარიერა მაისში დაასრულა, თუმცა მაშინ ბუცების ლურსმანზე დაკიდვას არ აპირებდა.

ტოტი: “ბავშვობაში ბენზინის სუნი მომწონდა და ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობა მინდოდა”

“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გამოტყდა, რომ ბავშვობაში ბენზინგასამართ სადგურზე სურდა მუშაობა.

“ბავშვობაში მინდოდა, რომ ბენზინის ჩამსხმელად მემუშავა. ბენზინის სუნი მომწონდა და თან ვხედავდი, რომ საკმაოდ ბევრი ფული ჰქონდათ საფულეში. შემდეგ მამამ მითხრა, ბენზინის ჩამსხმელად მუშაობას აუცილებლად გადაიფიქრებ, როცა გაიგებ, რომ დილით ადრე უნდა გაიღვიძოო”, – ტოტის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ფრანჩესკო ტოტი ბავშვობაში

ბუფონი ტოტის გაუთანაბრდა

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში “უდინეზესა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული მატჩი (1:1) “ბებერი სინიორას” კიპერ ჯანლუიჯი ბუფონისთვის ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული 612-ე შეხვედრა გამოდგა.

ამ მაჩვენებლით 39 წლის მეკარე “რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის გაუთანაბრდა. სერია A-ში ჩატარებული მატჩების რაოდენობით ბუფონსა და ტოტის მხოლოდ “ინტერისა” და “მილანის” ყოფილი კაპიტნები – ხავიერ ძანეტი (615 მატჩი) და პაოლო მალდინი (647 მატჩი) სჯობიან.

რიისემ ჯერარდი და ტოტი ერთმანეთს შეადარა

“ლივერპულისა” და “რომას” ყოფილმა მცველმა ჯონ არნე რიისემ სტივენ ჯერარდი და ფრანჩესკო ტოტი ერთმანეთს შეადარა.

“ტოტი რომში ღმერთია, ჯერარდი ლივერპულში “კაპიტანი ფანტასტიკაა”. ისინი განსხვავებული ფეხბურთელები არიან.

ჯერარდი უფრო მრავალმხრივია. მას ყველაფერი აქვს: ძალა, გამძლეობა, დარტყმა, პასი, თამაშობს თავითაც და შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე გამწესება.

ტოტი ღმერთია. იგი ტექნიკური თვალსაზრისით გენიალური ფეხბურთელია. ფრანჩესკო შესანიშნავი ადამიანია, რომელიც მოედანზე ძალისხმევას არ იშურებს.

ჯერარდი და ტოტი საუკეთესო ფეხბურთელები არიან, ვისთან ერთადაც ოდესმე მითამაშია”, – რიისეს კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

ფრანჩესკო ტოტი — 40 წელი

დღეს ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის 40 წელი შეუსრულდა.

Totti1

ფრანჩესკო ტოტის “რომას” შემადგენლობაში დებიუტი 1993 წლის 28 მარტს, “ბრეშას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:2) ჰქონდა. მაშინ გუნდს ვუიადინ ბოშკოვი წვრთნიდა. 16 წლის ტოტი მოედანზე მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე შევიდა. სადებიუტო გოლი 1994-1995 წლების სეზონში “ფოჯას” კარში გაიტანა.

Totti2

ფრანჩესკო ტოტიმ კაპიტნის სამლკავური 1998-1999 წლების სეზონში, 22 წლის ასაკში ჩაიბარა. ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობის პირობებში ტოტიმ თავი ნამდვილ ლიდერად წარმოაჩინა და 1998 წლის ოქტომბერში ბრაზილიელი ალდაირისგან ოფიციალურად ჩაიბარა კაპიტნის სამკლავური. იმ სეზონში ტოტი სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

Totti3

1996 წელს ფრანჩესკო ტოტი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 1998 წლის ოქტომბერში ჰქონდა. დინო ძოფმა 22 წლის ფეხბურთელი ევრო-2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ბოლო ოცი წუთი ათამაშა.

ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო-2000-ის ნახევარფინალურ მატჩში ტოტი მოედანზე ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა და ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან მწვრთნელი მოითხოვდა: გააძლიერა თამაში და შემდეგ ანტონიო პანენკას სტილში გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა.

Totti5

ფრანჩესკო ტოტი ევრო-2000-ის ფინალური სტადიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა ინდივიდუალური მიღწევა ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილმა დასანანმა მარცხმა დაჩრდილა.

2000-2001 წლებში ფრანჩესკო ტოტიმ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სკუდეტო მოიგო. იგი გაბრიელ ბატისტუტასთან და მარკო დელვეკიოსთან ერთად ჩემპიონი გუნდის შეუცვლელი ლიდერი გახლდათ. 1983 წლის შემდეგ პირველად “რომამ” სკუდეტო მოიგო. გუნდმა ჩემპიონის ტიტული “პარმას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაისკაუთრა, რომელიც “მგლებმა” ანგარიშით 3:1 მოიგეს, ჩესკომ მაშინაც გაიტანა. მას შემდეგ “რომა” არაერთხელ ყოფილა იტალიის ჩემპიონობასთან ახლოს, თუმცა 2001 წელს მოპოვებული წარმატება ჯერჯერობით მიუღწევლად რჩება.

ფრანჩესკო ტოტის კარიერაში არც იმპულსურ გამოხტომებს მოვისაკლისებთ. არასპორტული საქციელის გამო იტალიელს არაერთხელ მიუღია ყვითელი თუ წითელი ბარათი. ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა კი ევრო-2004-ზე მოხდა, როდესაც ტოტიმ დანიელ ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს ზურგიდან შეაფურთხა. მომენტი ვერავინ შეამჩნია, თუმცა კადრი კამერების ობიექტივში მაინც მოხვდა და ტოტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, იტალიის ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა.

2006 წელს ფრანჩესკო ტოტი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი ხდება. თავად ჩესკომ იმ გუნდში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა. ტოტიმ ტრავმა მუნდიალზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მოიშუშა, ამიტომ ძველებურად თვალწარმტაცი არ ყოფილა, თუმცა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა მაინც დაიმსახურა. მალევე, 31 წლის ასაკში ტოტიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო.

2006-2007 წლების სეზონში ფრანჩესკო ტოტი ოქროს ბუცის მფლობელი ხდება. იმ სეზონს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია: ტრავმები, დისკვალიფიკაცია, გამოუყენებელი პენალტი, თუმცა გათამაშების ბოლოს ტოტის ოქროს ბუცის სახით ნამდვილი ტრიუმფი ელოდა. 50 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Totti10

“ჯალოროსოს” ტიფოზებისთვის ფრანჩესკო ტოტი ნამდვილ ლიდერად ითვლება. ფეხბურთელსა და მწვრთნელებს შორის მომხდარი ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში ფანებმა მხარი ტოტის დაუჭირეს. ტიფოზებმა მას “რომის იმპერატორი” შეარქვეს. ტოტის არაერთხელ ჰქონია ევროპის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები, თუმცა იგი “რომას” ერთგულად რჩება.

2014 წლის სექტემბერში ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” გაუტანა და მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა. იგი გახდა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე, თანაც ეს მის პროფესიულ კარიერაში გატანილი მე-300 გოლი გახლდათ.

Totti12

2015 წლის იანვარი, “რომა” “ლაციოსთან” 0:2 აგებს. მეორე ტაიმში ფრანჩესკო ტოტი ორ გოლს იტანს და ანგარიშს ათანაბრებს, ერთ-ერთ გოლს კი ორიგინალურად აღნიშნავს: ფეხბურთელმა სელფი გადაიღო. გარდა ამისა, ტოტი რომაული დერბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (11 გოლი).

ფრანჩესკო ტოტი არამხოლოდ “რომას” ფანებს შორის არის პოპულარული. ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშებაში მადრიდის “რეალის” ინჩადა “სანტიაგო ბერნაბეუზე” იტალიელ ფეხბურთელს მქუხარე ოვაციით შეეგება.

Totti14

2016 წლის 8 მაისს ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში მე-600 მატჩი ჩაატარა. მას მხოლოდ ხავიერ ძანეტი (615 მატჩი) და პაოლო მალდინი (647 მატჩი) უსწრებენ. ტოტის იტალიის ჩემპიონატში 250 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ სილვიო პიოლეს ჩამორჩება, რომელმაც თავის დროზე 274 გოლი მიითვალა. ზედიზედ 23 სეზონის განმავლობაში ტოტი ჩემპიონატში მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს.

Totti15

ფრანჩესკო ტოტი 40 წლისაა, კვლავ მოედანზეა, კვლავ “რომას” ფორმა აცვია და კვლავ იტანს გოლებს, თან აცხადებს, თუ კარგ ფორმაში ვიქნები, კარიერა რატომ უნდა დავასრულოო?! იქვე დასძენს, ბუცების ლურსმანზე დაკიდვის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებო. “რომა” ტოტის და ტოტი ფეხბურთის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია.

ტოტი დიდ ფეხბურთს 40 წლის ასაკშიც ითამაშებს

“რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი, რომელსაც 27 სექტემბერს 40 წელი უსრულდება, დიდი ფეხბურთიდან წასვლას არ აპირებს.

“დაბადების დღეს ოჯახისა და ახლო მეგობრების წრეში აღვნიშნავ. მათ გარეშე ამ დღემ არ უნდა ჩაიაროს. შემდეგ იუბილეს თანაგუნდელებთან ერთადაც ვიზეიმებ.

რაც შეეხება ჩემს მომავალს, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: ფეხბურთში ვრჩები. კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და ფეხბურთის თამაში მინდა”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Sky Italia.

ცნობისათვის, “რომასა” და ფრანჩესკო ტოტის შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2017 წლის 30 ივნისს გასდის.

ტოტი: “პენალტის ვერგატანის პირველად შემეშინდა” (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს III ტურში “რომამ” “სამპდორია” ანგარიშით 3:2 დაამარცხა. გამარჯვების გოლი შეხვედრის კომპენსირებულ დროში ფრანჩესკო ტოტიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა. ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გამოტყდა, რომ პენალის ვერგატანის პირველად შეეშინდა.

“შეხვედრას 11 ფეხბურთელი იგებს. როდესაც მოედანზე გავდივარ, ვცდილობ, რომ ჩემი წვლილიც შევიტანო, თუმცა მთელმა გუნდმა იმუშავა გამარჯვებისთვის.

პენალტის ვერგატანის პირველად შემეშინდა. მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩის დაგვირგვინება საგოლე პასითა და გამარჯვების გოლით. საკუთარი ფანების წინაშე შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა.

ვაპირებ თუ არა კარიერის დასრულებას? თუ ასე ფორმაში ვიქნები, კარიერა რატომ უნდა დავასრულო?” – 39 წლის იტალიელი ფეხბურთელის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

აქვე გთავაზობთ “რომასა” და “სამპდორიას” შორის გამართული მატჩის ვიდეომიმოხილვას.

ტოტი: “იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლა ნამდვილი კატასტროფაა”

“რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ “ნაპოლიდან” ტურინის “იუვენტუსში” გონსალო იგუაინის გადასვლის შესახებ ისაუბრა და არგენტინელი ფეხბურთელი გააკრიტიკა. იტალიელის თქმით, თანამედროვე ფეხბურთელებისთვის პრიორიტეტული ფინანსებია.

“თანამედროვე ფეხბურთელები მოხეტიალეებს ჰგვანან. ისინი ფულით მოქმედებენ და არა – გულით. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა გუნდის შეცვლა მხოლოდ იმიტომ, რომ ტიტული მოიგონ და მეტი თანხა მიიღონ. ფეხბურთი ძალიან შეიცვალა. ახლა ყველა ფულზე ფიქრობს. ემოციებსა და განცდებს ფულმა აჯობა. ხალხი დადის სტადიონზე იმისთვის, რომ იქ ერთგული ფეხბურთელები იხილოს. ფულის გამო სხვა გუნდში გადასული მოთამაშე ერთგული ვერ იქნება.

გონსალო იგუაინის “იუვენტუსში” გადასვლა ნამდვილი კატასტროფაა. როგორც ჩანს, სერია A-ში უცხოელი ფეხბურთელებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა მეტი თანხის მიღების მიზნით გუნდის შეცვლა. ეს მენტალიტეტის პრობლემაა. ყველა უცხოელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა ვერ იქნება”, – ციტირებს ტოტის სიტყვებს Gazzetta World-ი.

ლუის ენრიკე: “ტოტი “ბარსელონაში”? რატომაც არა?!”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ფრანჩესკო ტოტის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებულ კითხვას ხუმრობით უპასუხა.

“ტოტი “ბარსელონაში”? თუ მისაღებ ფასად მისი დამატების შესაძლებლობა გაჩნდება, რატომაც არა?! სერიოზულად კი გეტყვით, რომ როგორც “რომას” გულშემატკივარი, კლუბის მიმართ მის დამსახურებას ვაფასებ და ვისურვებდი, რომ ტოტის კარიერა მშობლიურ გუნდში დაესრულებინა. სხვა კლუბის ფორმით მისი ხილვა უცნაური იქნება, თუმცა ყველაფერი მაინც ფრანჩესკოს გადასაწყვეტია”, – ციტირებს ლუის ენრიკეს სიტყვებს Football Italia.

 

ტოტი ამერიკაში მიდის

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, “რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი გუნდში უკანასკნელ სეზონს ატარებს. კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 39 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.

“სქაი სპორტსის” ცნობით, იტალიელმა თავდამსხმელმა კარიერა შესაძლოა, NASL-ში (ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგა) გააგრძელოს. კერძოდ, ტოტის “ნიუ იორკ კოსმოსი” ეპატიჟება. ცნობისთვის, ამერიკულმა გუნდმა წელს ნიკო კრანჩარი და ხუან არანგო უკვე დაიმატა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფრანჩესკო ტოტის ერთწლიან კონტრაქტს “ლესტერ სიტიც” სთავაზობდა, თუმცა იტალიელმა ფეხბურთელმა წინადადებაზე უარი თქვა.

 

“რომა” ტოტის კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

“რომასა” და ფრანჩესკო ტოტის შორის კონტრაქტი არ გახანგრძლივდება. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ გუნდის კაპიტანს შრომითი ხელშეკრულოება არ გაუხანგრძლივოს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტოტის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტისთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი აქვს. ცნობისთვის, 39 წლის იტალიელ ფეხბურთელს მოქმედი კონტრაქტი ზაფხულში ეწურება.

ფრანჩესკო ტოტიმ კარიერა შესაძლოა, MLS-ში ან ახლო აღმოსავლეთში გააგრძელოს. არც ის არის გამორიცხული, რომ ფეხბურთელმა ბუცები ლურსმანზე დაკიდოს.

 

“სამპდორიას” პრეზიდენტი: “ტოტი რომის მემკვიდრეობაა, როგორც იუნესკოს მემკვიდრეობა”

გენუის “სამპდორიას” მფლობელმა მასიმო ფერერომ “რომას” კაპიტან ფრანჩესკო ტოტის მხარდაჭერა გამოუცხადა. დღეს რომაული კლუბის პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა 39 წლის ფეხბურთელს შეხვდა. შეხვედრის მიზეზი ტოტის მომავლის გარკვევა გახლდათ, თუმცა საუბრის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

“ტოტი რომის მემკვიდრეობაა, როგორც იუნესკოს მემკვიდრეობა. მას ჰქვია “რომა”. მან მთელი ცხოვრება რომაელებს მიუძღვნა. თუ ტოტი წელს კარიერას დაასრულებს, იგი კლუბის დირექტორის პოსტზე დანიშვნას იმსახურებს”, – ციტირებს ფერეროს სიტყვებს Football italia.