მესი: „უკეთ თამაში გვმართებს“

არგენტინის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ირანის ნაკრების წინაარმდეგ გამართულ მატჩში (1:0) საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

„პირველ ადგილზე ვართ, თუმცა გვესმის, რომ გუნდის თამაში მის შესაძლებლობებს არ შეესაბამება. ირანმა თავი კარგად დაიცვა, ნაკლები თავისუფალი სივრცე მოგვცა, თუმც საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შევქმენით. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ, მაგრამ უკეთ თამაში გვმართებს“, – აღნიშნა ლეო მესიმ.

 

კასილასმა მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის პროცედურა დაიწუნა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა იკერ კასილასმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრის შედეგები შეაჯამა და თქვა, რომ „ფურია როხა“ საკმაოდ რთულ ჯგუფში მოხვდა. შეგახსენებთ, რომ ესპანელები B ჯგუფში ჰოლანდიის, ჩილეს და ავსტრალიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებენ. კასილასმა არც თავად წილისყრის პროცედურა მოიწონა.

„ხანდახან რთულია იმის გაგება, თუ როგორ ტარდება წილისყრა. ეს განსაკუთრებით კოეფიციენტებს ეხება. მეტოქეებს ჩვენ არ ვირჩევთ. ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ეს თამაში და მოგების იმედია.

არ ვეთანხმები წილისყრის ამგვარ პროცედურას. საკმაოდ რთულ ჯგუფში მოვხვდით: ჰოლანდიის ნაკრები, რომელმაც შესანიშნავად განვლო შესარჩევი ეტაპი, ჩილეს ნაკრები, რომელთანაც ბოლო სამი წელიწადია, ცუდად ვთამაშობთ.

ოთხი წლის წინათ, სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში დავმარცხდით, თუმცა შემდეგ ისეთ გუნდებს მოვუგეთ, როგორებიც გერმანია და იტალია გახლავთ.

ასე რომ, ტურნირი რაც შეიძლება კარგად უნდა დავიწყოთ, რათა სამი ქულა ავიღოთ. ვიცი, რომ ხალხი ესპანეთის ნაკრებს ფავორიტად თვლის, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი მოვიგეთ.

თუმცა, ისიც მესმის, რომ ჩვენი მეტოქეები ჩვენს წინააღმდეგ 100 პროცენტით თამაშობენ. ყველას სურს ჩემპიონობა.

ბრაზილიაში იმისთვის მივდივართ, რომ სამხრეთ აფრიკაში მოგებული ტიტული დავიცვათ. ვეცდებით, ხალხმა ჩვენით ისევ იამაყოს. გპირდებით, რომ ამისთვის დიდ ძალისხმევას გავიღებთ და სასურველი შედეგის მიღწევის იმედიც გვაქვს“, – კასილასის სიტყვები Football Espana-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი