მარსელო სალასი სკანდალში გაეხვა (ვიდეო)

ჩილეს ნაკრების, რომის “ლაციოსა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავდამსხმელი მარსელო სალასი სკანდალში გაეხვა. ფეხბურთელმა დომინიკის რესპუბლიკის დედაქალაქ სანტო-დომინგოში მდებარე სასტუმრო “პუნტა კანას” დაცვის სამსახურის წევრებთან იჩხუბა. ინციდენტის მიზეზი არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაშავდა სალასის შეყვარებულიც.

 

მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში

„ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მორიგ ფინანსურ სკანდალში ეხვევა. El Pais-ის ცნობით, არგენტინელ ფეხბურთელს კვლავ სდებენ ბრალს გადასახადების თავიდან არიდებასა და ფულის გათეთრებაში.

ესპანეთის ნაციონალური გვარდიის ყურადღება საქველმოქმედო მატჩებმა მიიქცია, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თითქმის 1 მილიონ ევროს გადაუხადეს.

აღნიშნული თანხა კომპანია G. Marín-Messi-ის ანგარიშზე ჩაირიცხა, რომელიც არგენტინელი ფეხბურთელის ოჯახის მეგობრის გილერმო მარინის დაფუძნებულია.

2012 და 2013 წლებში ჩატარებული მატჩები, რომელში მონაწილეობისთვისაც მესის თანხა გადაუხადეს, მექსიკაში, კოლუმბიაში, პერუსა და აშშ-ში გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრებში ერთმანეთს მესისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ცნობისათვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მესი ამგვარ ფინანსურ სკანდალში გაეხვა, თუმცა მაშინ ფეხბურთელს ბრალი არ დაუდასტურდა.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონამ“ „რეალს“ მიულოცა

საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ მადრიდის „რეალს“ უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის მოგება მიულოცა. შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ დრამატულ ბრძოლაში თანაქალაქელი „ატლეტიკო“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

„რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვებას ვულოცავთ. დიდებულად ჩატარებულ სეზონს „ატლეტიკოსაც“ ვულოცავთ“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში „ბარსელონას“ ოფიციალურ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე „ბარსელონას“ სწორედ „ატლეტიკომ“ სძლია.

 

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დი მარია დასახელდა

მადრიდის „რეალსა“ და „ატლეტიკოს“ შორის გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „სამეფო კლუბის“ არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია დასახელდა. მეორე დამატებით ტაიმში სწორედ მისი გადაცემის შემდეგ გაიტანა გარეტ ბეილმა შეხვედრის უმნიშვნელოვანესი გოლი. დი მარიამ ჯილდო სერ ალექს ფერგიუსონისგან მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ფინალურ მატჩში ანგარიში დიეგო გოდინმა გახსნა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაათანაბრა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. შემდეგ, როგორც მოგახსენეთ, ბეილმა გაიტანა. თავი გამოიჩინა შეცვლაზე შემოსულმა მარსელომაც, კრიშტიანუ რონალდუმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმით ტურნირზე მე-17 გოლი გაიტანა და საბოლოო წერტილი დასვა – 4:1.

 

რა მოხდა სიმეონესა და ვარანს შორის მატჩის მიწურულს?

უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მიწურულს უსიამოვნო ინციდენტი მოხდა, როდესაც მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე „რეალის“ ახალგაზრდა მცველ რაფაელ ვარანზე გაიწია. ინციდენტი იქიდან დაიწყო, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა არგენტინელი სპეციალისტის მიმართულებით ბურთი ისროლა, წაგებისთვის განწირულმა სიმეონემ კი ეს ვერ მოითმინა და ბურთი რაფაელის მიმართულებით დამიზნებით დაარტყა. ამის შემდეგ მოედანზე მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, სიმეონე მინდორზე შეიჭრა და ვარანთან მისვლას შეეცადა. საბოლოო ჯამში, არგენტინელი მწვრთნელი მოედნიდან გააძევეს, ვარანი კი ყვითელი ბარათით დასაჯეს.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას.

ტერი მორიგ სკანდალში გაეხვა

ლონდონის „ჩელსის“ კაპიტანი ჯონ ტერი მორიგ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ის მეუღლეს საგალანტერიო მაღაზიაში გაჰყვა.

ტანსაცმლის განყოფილებაში მოსიარულე ტერიმ თავაზიანობის გამოხატვა გადაწყვიტა და გამყიდველ გოგონებს მიესალმა. „ევროსპორტის“ ბრიტანული ბიუროს ცნობით, გამყიდველთაგან ერთ-ერთმა, სახელად ელაიშა რემმა მოიცადა, სანამ ტერი იქაურობას გაეცლებოდა და შემდეგ თავის კოლეგებს ასეთი რამ უთხრა: „ცხოვრებაში უფრო კარგად გამოიყურება, მაგრამ მაინც ღორია“.

დანარჩენმა გამყიდველებმა რემის გაჩუმება სცადეს, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ეს სიტყვები ფეხბურთელის მეუღლემ ტონი პულმა გაიგონა.

„ჯერ შემომხედა, შემდეგ კი გატრიალდა, – იხსენებს გამყიდველი მომხდარ ინციდენტს. – არ ვიცოდი, რომ მეუღლეც იქვე იყო. მას სახეზეც ვერ ვცნობდი. თავი ცუდად ვიგრძენი“.

უიღბლო გამყიდველმა სააბაზანო ოთახში დამალვა სცადა, თუმცა მას ტერი წამოეწია და ახსნა მოსთხოვა.

„ის ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ მეუღლის წინაშე ღორის სახელით მოხსენიება უღირსი საქციელი იყო. ბოდიში მოვუხადე“, – აღნიშნა გოგონამ.

როგორც აღმოჩნდა, მობოდიშებამ არ გაჭრა, რის შემდეგაც ელაიშა რემმა ტერის ამაზრზენი უწოდა.

„ასეთი საშინელი არ ვარ. მხოლოდ ის ვთქვი, რასაც ვფიქრობდი. ისიც აღვნიშნე, რომ ტერი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა“, – დასძინა 23 წლის გამყიდველმა გოგონამ.

საქმე იქამდე მივიდა, რომ მაღაზიის მენეჯერმა ელაიშა რემს დისციპლინური სანქცია დაუწესა და ის დროებით სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა თუ ეს სკანდალი დიდ რეზონანს გამოიწვევს, არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა გოგონა დაკავებული პოზიციიდან საერთოდ გაათავისუფლონ.

ბექა დოგრაშვილი

„არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა

სარეცხი ფხვნილის მწარმოებელი კომპანია „არიელი“ საფეხბურთო სკანდალში გაეხვა.

კომპანია გერმანიის ნაკრების სპონსორი გახდა და ამის აღსანიშნავად თავისი პროდუქტი ახალი შეფუთვით გამოუშვა, რომელზედაც ბუნდესგუნდის მაისური იყო გამოსახული. ერთი შეხედვით უწყინარმა იდეამ გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო კრახი განიცადა. სარეცხი ფხვნილის ყუთის უკანა მხარეს სათამაშო ნომერი 88 იყო გამოსახული. ამით მწარმოებელს სურდა ეთქვა, რომ ერთი ყუთი სწორედ  ამდენჯერ გასარეცხად იყო საკმარისი.

თუმცა, ევროპაში რიცხვი 88 ნაცისტურ მისალმებასთან ასოცირდება: „ჰაილ ჰიტლერ“ (Heil Hitler – ლათინურ ანბანში ასო „H“-ს მერვე ნომერი შეესაბამება და მთლიანობაში აღნიშნული მიმართვა კომბინაციაში რიცხვ 88-ს ქმნის). გარდა ამისა, ნომრის ზემოთ წაწერილი სახელწოდება „არიელი“  (Ariel) მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდება Arier-ისგან – ე.წ. არიული რასა. ამ ყველაფერმა ზოგიერთ მყიდველში „არიელის“ ნაცისტურ ბანაკთან ასოცირება გამოიწვია.

„არიელის“ მწარმოებელმა კომპანია „პროქტერ ენდ გემბელმა“ გერმანიაში მთლიანად ამოიღო გაყიდვიდან აღნიშნული პროდუქცია და მომავალში წარმოებაზეც უარი განაცხადა. გარდა ამისა, კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა:

„პროქტერ ენდ გემბელი“ სერიოზულად უყურებს ისეთ თემებს, როგორიცაა ტოლერანტობა, პატივისცემა, განსხვავებულობა და ჰუმანიზმი. ძალიან ვწუხვართ, თუ მომხმარებლებს არასწორი ასოციაციები გაუჩნდათ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) პოზიციას“.

ბექა დოგრაშვილი