ლეონარდო საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან 8,5 მილიონ ევროს ითხოვს

„პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულ დირექტორ ლეონარდოს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან, კომპენსაციის სახით, 8,5 მილიონი ევროს მიღებას სურს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის მაისში „ვალანსიენთან“ მატჩის შემდეგ (1:1) ბრაზილიელმა მთავარ მსაჯ ალექსანდრ კასტროს მხარზე ხელი ჰკრა. ხსენებულ შეხვედრაში კასტრომ პარიზელთა კაპიტანი ტიაგო სილვა გააძევა.

აღნიშნული ეპიზოდის შემდეგ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი მენეჯერი 9-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. პსჟ-დან წასვლის შემდეგ კი ლეონარდოს დისკვალიფიკაცია თოთხმეტ თვემდე გაიზარდა და ყველა ქვეყანაზე გავრცელდა. თუმცა, 2013 წლის თხუთმეტ ოქტომბერს სასამართლომ ლეონარდოს დისკვალიფიკაცია გააუქმა.

ახლა სამხრეთამერიკელმა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციისგან ფულადი კომპენსაცია მოითხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ფედერაცია მის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, საქმე სასამართლოს გადაეცემა.

ლეონარდო: „პსჟ“ კრიშტიანო რონალდუს გადმოსაყვანად ყველაფერს აკეთებდა“

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილი სპორტული დირექტორი ლეონარდო გამოტყდა, რომ პარიზული კლუბი მართლაც ცდილობდა მადრიდის „რეალიდან“ კრიშტიანო რონალდუს გადმობირებას.

„რონალდუს ტრანსფერზე ვფიქრობდით და მის გადმოსაყვანად ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა თავად მას არ სურდა ეს. კრიშტიანომ გვითხრა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მშვენიერი კლუბია, თუმცა მისი გული „რეალს“ ეკუთვნის“, – ლეონარდოს სიტყვებს ფრანგული „ტელეფუტი“ ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში რონალდუმ 14 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 17 გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა.

ბექა დოგრაშვილი