“სანტოსი” “ბარსელონას” უჩივის

ბრაზილიურმა საფეხბურთო კლუბმა “სანტოსმა” ნეიმარის, ფეხბურთელის მამისა და “ბარსელონას” წინააღმდეგ ფიფაში საჩივარი შეიტანა.

როგორც კლუბის პრეზიდენტი მოდესტო რომა აცხადებს, “სანტოსმა” ნეიმარის გაყიდვისთვის 17,1 მილიონი ევრო მიიღო და თუ ფეხბურთელი “ოქროს ბურთის” პრეტენდენტთა სამეულში მოხვდებოდა, დამატებით კიდევ ორი მილიონი უნდა მიეღო, თუმცა “ბარსელონამ” ეს პირობა დაარღვია.

“სანტოსი” თვლის, რომ “ბარსელონამ”, ნეიმარმა და მისმა კომპანიამ სატრანსფერო შეთანხმება დაარღვიეს. ვითხოვთ, ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას”, – ციტირებს მოდესტო რომას სიტყვებს “გლობო”.

 

რობინიომ “მილანთან” კონტრაქტი გაწყვიტა

ბრაზილიური სატელევიზიო არხი “გლობო” იუწყება, რომ რობინიომ “მილანთან” კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ბრაზილიელი თავდამსხმელი “სანტოსში” 2014 წლიდან იჯარის წესით თამაშობს. ფეხბურთელს “როსონერისთან” კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურებოდა.

გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “სანტოსი” მზად იყო, რობინიოს სანაცვლოდ “მილანისთვის” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაბრიელ ბარბოსა შეეთავაზებინა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს საჭირო აღარ გახდა, ვინაიდან მხარეებმა შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. რობინიოსთვის ხელფასის 40 პროცენტის გადახდა სწორედ “მილანს” უწევდა, რაც ნამდვილად არ შედიოდა კლუბის ინტერესებში.

ახლა 31 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს “სანტოსთან” სრულუფლებიანი კონტრაქტის გაფორმება შეუძლია.

რობინიომ “სანტოსის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

 

“სანტოსმა” პელესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა

“სანტოსის” ხელმძღვანელობამ პელესთან სამუდამო კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ “ფეხბურთის მეფე” “სანტოსის” ღირსებას 1956-დან 1974 წლამდე იცავდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2013 წელსაც იყო გაფორმებული, მიმდინარე წლის ივნისის თვიდან კი მისი გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რაც წარმატებით დასრულდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, “სანტოსს” კლუბის კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე პელეს იმიჯის გამოყენება შეეძლება.

“ახალგაზრდობაში ეს კლუბი მენდო. “სანტოსმა” მაქცია კაცადაც და ფეხბურთელადაც. ეს კლუბი მუდამ ჩემთან ერთად არის”, – ციტირებს “სანტოსის” ოფიციალური ვებგვერდი პელეს სიტყვებს.

Pelé

შეგახსენებთ, რომ პელე ამჟამად სან პულუს ერთ-ერთ საავადმყოფოს ნახევრად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ის ჰოსპიტალში ნოემბრის ბოლოს საშარდე გზების ინფექციის გამო მოათავსეს. ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მან პალატაში დამოუკიდებლად სიარულიც დაიწყო.

 

ოფიციალურად: რობინიო “სანტოსში” ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, “მილანის” თავდამსხმელი რობინიო იჯარის წესით “სანტოსში” გააგრძელებს კარიერას. საიჯარო პერიოდი 1 წლის ვადით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ რობინიო ჯამაგირის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი კვირაში 135 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რობინიო “სანტოსის” აღზრდილია. ფეხბურთელი ბრაზილიური კლუბის ღირსებას 2002-დან 2005 წლამდე იცავდა. გასულ სეზონში რობინიომ “მილანის” ფორმით 30 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

 

რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის

ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.

ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.

სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.

 

ნეიმარის ტრანსფერის ფასი, შესაძლოა, 141,8 მილიონ ევრომდე გაიზარდოს

გამორიცხული არ არის, „ბარსელონას“ ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის „სანტოსიდან“ ტრანსფერის ფასი 141,8 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 57,1 მილიონ ევრო გადაიხადა: 17,1 მილიონი ევრო „სანტოსსა“ და იმ ფირმებს გადაერიცხა, რომლებიც მოთამაშის კონტრაქტის მფლობელები იყვნენ. 40 მილიონი კი თავად ფეხბურთელმა და მისი ოჯახის წევრებმა მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე უარის თქმით გამო მიიღეს.

ახლა კი ეს თანხა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს. „სანტოსი“ დამატებით 7,9 მილიონ ევროს მიიღებს.

გარდა ამისა, „სანტოსი“ და „ბარსელონა“ უახლოეს მომავალში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომლის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ბრაზილიურ კლუბს გადაეცემა. აღნიშნული შეხვედრის ჩაშლის შემთხვევაში კი, „ბლაუგრანასის“ ხელმძღვანელები კომპენსაციის სახით სამხრეთ ამერიკელებს 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ყველაფერთან ერთად, „სანტოსის“ ბიუჯეტი 2 მილიონით შეივსება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ბრაზილიელი ვარსკვლავი მომავალი წლის „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა შორის იქნება. ამ შემთხვევაში, ტრანსფერის საბოლოო ფასი 71,9 მილიონ ევროს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის ფასის 45%-ის, ანუ 32 მილიონი ევროს სახით თავის წილს კომპანია Sonda-ც მიიღებს, რომელიც ნეიმარის კონტრაქტის ერთ-ერთი მფლობელი იყო. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა კომპანიამ „ბარსელონასგან“ 7 მილიონი ევრო უკვე მიიღო, კატალონიელებს 25 მილიონის გამოყოფა მოუწევთ.

იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონას“ ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ხორდი კასესი კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდრო როსელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს მოიგებს, „ბლაუგრანასს“ ჯარიმის სახით 45 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევს.

კასესის თქმით, როსელი საგადასახადო კომპანიისთვის თანხის გადახდის თავიდან აცილებას ცდილობდა, რასთანაც ნეიმარის ტრანსფერიც არის კავშირში.

აქედან გამომდინარე, ბრაზილიელის ტრანსფერი „ბარსელონას“ შეიძლება ჯამში 141,8 მილიონი ევრო დაუჯდეს.

ალექსანდრე მატევოსოვი