უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და ათასობით უკმაყოფილო გულშემატკივარი

“მიხეილ მესხის”  სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა”  და ბაქოს “ნეფთჩის” მატჩის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა.

მოგეხსენებათ, აღნიშნულ შეხვედრაზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. გულშემატკივარს სტადიონზე შესასვლელად გარკვეული პროცედურების გავლა უწევდათ, რამაც საკმაოდ დიდი რიგები გამოიწვია. “ჩიხურამ” ქომაგები გააფრთხილა, რომ არენაზე ადრე მოსულიყვნენ, თუმცა სტადიონზე მოხვედრა მატჩამდე ერთი საათით ადრე მოსულ გულშემატკივრებსაც კი გაუჭირდათ.

მეტიც, მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას ლოჟაში კომპიუტერის შეტანის პრობელმაც შეგვექმნა, მიუხედავად იმისა, რომ აკრედიტაციები ყველას გვქონდა. სტადიონის დაცვის თანამშრომელბის თქმით, ჟურნალისტებს ლეპტოპის მოედანზე სროლა შეეძლოთ. საბედნიეროდ, აღნიშნული პრობლემა მოგვარდა და ჟურნალისტებს შედარებით ნორმალურ პირობებში მუშაობის საშუალება მიეცათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მედიის წარწმოამდგენლებისთვის არენაზე საკმარისი რაოდენობის ადგილები არ იყო.

ამ დროს მთავარი მოვლენები სტადიონის შესასვლელთან ხდებოდა.ტრიბუნებზე მოხვედრას ათასობით გულშემატკივარი ცდილობდა, “მიხეილ მესხზე” კი ტრადიციულად შესასვლელი კარების მხოლოდ ნახევარი ფუნქციონირებდა… მოგვიანებით გულშემატკივრებმა სტადიონზე შესვლა მოახერხეს. ამ დროს კი, პოლიციამ არანაირი უსაფრთხოების ზომები არ დაიცვა და სტადიონზე ფაქტობრივად ყველა მსურველი, სპეციალური პროცედურების გავლის გარეშე მოხვდა.

დასანანი მარცხი და შემდგარი შოუ

დღეს, მიხეილ მესხის სასხლეობის სტადიონზე ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში საჩხერის „ჩიხურამ“ ბაქოს „ნეფთჩის“ უმასპინძლა.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანული კლუბის მთავარი მწვრთნელი გაჯიევი გულშემატკივარს საფეხბურთო შოუს დაპირდა, რაც მოედანზე შედგა კიდეც. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი და შედეგიანი გამოდგა.

შეხვედრის საწყისი წუთები სტუმართა მცირე უპირატესობით აღინიშნა, თუმცა წინა შეხვედრებისგან განსხვავებით „ჩიხურა“ შეტევებში უფრო თამამად მიდიოდა. მე-6 წუთზე მარჯვენა ფლანგზე დეკანოიძე-კორიფაძის აქტიურობის შემდეგ „ნეფთჩის“ კართან მცირე ხითაფი შეიქმნა, რაზეც სტუმრებმა მეტოქეს ნფორის რეალური საგოლე მომენტით უპასუხეს – „ჩიხურა“ ქვილითაიამ გადაარჩინა.

მე-12 წუთზე  შეტევაში ჩართულმა ოდიკაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე გაბედავა გაიყვანა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა სუსტი და არაზუსტი გამოდგა.

მე-16 წუთზე სტუმრებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. ნფორმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და საკუთარი გუნდი უძლიერესი დარტყმით დააწინაურა – 0:1.

23-ე წუთზე სტუმრებს მეორე გოლის გატანის შანსი მიეცათ. მარცხენა ფლანგიდან ფლავინიოს ჩაწოდების შემდეგ კარში ვობაიმ დაარტა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა. რამდენიმე წუთში სახიფათო მომენტი მასპინძლებმაც შექმნეს. გაბედავას უშედეგო მცდელობის შედეგ „ნეფთჩის“ მველებმა ვითარების განმუხტვა მოახერხეს.

27-ე წუთზე „ნეფთჩიმ“ მეორე გოლის გატანა შესძლო. ვობაის შესანიშნავი თამაშის შემდეგ ქვილითაიას კარი კვლავ ნფორმა დალაშქრა.

მალევე „ჩიხურამ“ სხვაობის შემცირება მოახერხა. კუჭუხიძის პასის შემდეგ სტამენკოვიჩის კარში გაბედავამ დალაშქრა. გატანილი გოლის შემდეგ უპირატესობა საჩხერელებმა მოიპოვეს და უფრო აგრესიულად შეუტიეს. 35-ე წუთზე დათუნაიშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაური ეფექტური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა „ჩიხურას“ შვიდიანის მცდელობა არაზუსტი აღმოჩნდა.

შეტევაში წასულ „ჩიხურას“ ტაიმის ბოლოს კონტრშეტევა გამოეპარა, რაც სავალალო შედეგით დასრულდა – ნფორმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.

მეორე ტაიმი „ჩიხურას“ შეტევებით დაიწყო. მალევე გაბედავამ დუბლის გაფორმება და ანგარიშში სხვაობის შემცირება კიდევ ერთხელ შესძლო. აღსანიშნავია, რომ მეორე შემთხვევაშიც გაბედავას ასისტენტობა კუჭუხიძემ გაუწია.

პირველი ტაიმის მსგავსად, „ჩიხურამ“ მეორე გოლის შემდეგაც მოიპოვა საგრძნობი უპირატესობა. გოლის გატანის შესანიშნავი შანსი ჯიღაურს მიეცა, რომლის დარტყმული სტამენკოვიჩმა გაჭირვებით მოიგერია. მოგვიანებით, ჯიღაურის კიდევ ერთი ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი სტუმართა მცველს ხელზე მოხვდა, თუმცა შეხვედრის მთავარი არბიტრი მხოლოდ კუთხურით შემოიფარგლა.

65-ე წუთზე ჯიღაურის გადაცემით მეკარესთან პირისპირ ოდიკაძე დარჩა. სამწუხაროდ, თუმცა საჩხერელთა კაპიტნის დარტყმა კარს მცირე მანძილით ასცდა.

დარჩენილ დროში თამაშის სურათი არ შეცვლილა. “ნეფთჩი” ძირითადად მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ „ჩიხურას“ მასიურ შეტევებს. მატჩის ბოლოს ფრუიძის შეგირდებმა  ვერც საბოლოო შტურმის მოწყობა მოახერხეს.

საბოლოოდ, 2:3 ორი შეხვედრის ჯამში და ევროთასებზე დასრულებული გამოსვლა. ევროპის ლიგის პლეი-ოფში ბაქოს “ნეფთჩი” ითამაშებს.

უეფას ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
“ჩიხურა” — “ნეფთჩი” 2:3 (1:3)

“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, დეკანოიძე, კორიფაძე (მუმლაძე 79′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

“ნეფთჩი”: სტამენკოვიჩი, კარდოსო, ბერტუჩი, იუნუსზადე, კაუე, აბდულაევი (მასიმოვი 72′), ერიკ რამოსი, სეიდოვი (ისაევი 64′), ვობაი (იმამვერდიევი 83′), ფლავინიო, ნფორი.
მთავარი მწვრთნელი: ბეიუკაღა გაჯიევი.

გოლები: გაბედავა 30′, 50′ — ნფორი 16′, 27′, 38′.
გაფრთხილებები: გაბედავა 68′, დათუნაიშვილი 85′, რეხვიაშვილი 90+2′ — კაუე 20′, კარდოსო 52′, ბერტუჩი 63′, იუნუსზადე 68′,

მთავარი მსაჯი: ტამაშ ბოგნარი (უნგრეთი).

მარიამ ნიშნიანიძის ფოტო

ნფორი: “დღეს ყველაფერი გამომივიდა”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის გამართული მატჩი (2:3) აზერბაიჯანული გუნდის კამერუნელმა თავდამსხმელმა ერნესტ ნფორმა შეაფასა, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

“რთული თამაში იყო. მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ. დღეს ყველაფერი გამომივიდა. ბედნიერი ვარ, რომ სამი გოლი გავიტანე. მეორე ტაიმში საქმე გართულდა, თუმცა ეს ბარიერი დავძლიეთ”, – აღნიშნა ნფორმა.

 

ბეიუქაღა გაჯიევი: “აზერბაიჯანში მომუშავე ქართველები ჩვენზე დაბალი დონის სპეციალისტები არიან”

“ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის გამართული ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი ბაქოური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ბეიუქაღა გაჯიევმა გააკეთა.

ბეიუქაღა გაჯიევი: “ჩიხურას” თამაში ცოტა ადრე რომ დაეწყო, შედეგი სხვანაირი იქნებოდა. თუმცა, გამოუყენებელი შანსები ჩვენც გვქონდა. მეტოქემ მხოლოდ 1:3-ზე შეგვიტია, ამ დროს უკვე გვიანი იყო. 

აზერბაიჯანულ და ქართულ ფეხბურთს შორის დიდი სხვაობაა. ყველამ კარგად იცის, რომ აზერბაიჯანში მომუშავე ქართველები ჩვენზე დაბალი დონის სპეციალისტები არიან.”

“ჩიხურა” ევროსარბიელს გამოეთიშა

დასრულდა უეფას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის გამართული განმეორებითი მატჩი. შეხვედრა ბაქოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. “ჩიხურას” მხრიდან დუბლი შეასრულა გიორგი გაბედავამ. “ნეფთჩის” რიგებში კი კამერუნელმა თავდამსხმელმა ერნესტ ნფორმა ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

ამრიგად, ევროსარბიელი აქამდე შემორჩენილი ბოლო ქართული კლუბისთვისაც დასრულდა.

უეფას ევროპის ლიგა
მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
“ჩიხურა” — “ნეფთჩი” 2:3 (1:3)

“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, დეკანოიძე, კორიფაძე (მუმლაძე 79′), ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

“ნეფთჩი”: სტამენკოვიჩი, კარდოსო, ბერტუჩი, იუნუსზადე, კაუე, აბდულაევი (მასიმოვი 72′), ერიკ რამოსი, სეიდოვი (ისაევი 64′), ვობაი (იმამვერდიევი 83′), ფლავინიო, ნფორი.
მთავარი მწვრთნელი: ბეიუკაღა გაჯიევი.

გოლები: გაბედავა 30′, 50′ — ნფორი 16′, 27′, 38′.
გაფრთხილებები: გაბედავა 68′, დათუნაიშვილი 85′, რეხვიაშვილი 90+2′ — კაუე 20′, კარდოსო 52′, ბერტუჩი 63′, იუნუსზადე 68′,

მთავარი მსაჯი: ტამაშ ბოგნარი (უნგრეთი).

მატჩის შესახებ დაწვრილებით წაიკითხეთ მოგვიანებით.

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: სასტარტო შემადგენლობები

სულ ცოტა დრო რჩება უეფას მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის გასამართი მატჩის დაწყებამდე. უკვე ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია, რეხვიაშვილი, ქიმაძე, ოდიკაძე, დათუნაიშვილი, დეკანოიძე, კორიფაძე, ჯიღაური, გაბედავა, კუჭუხიძე.
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე.

“ნეფთჩი”: სტამენკოვიჩი, კარდოსო, ბერტუჩი, იუნუსზადე, კანუე, აბდულაევი, ერიკ რამოსი, სეიდოვი, ფლავინიო, ჟულიუსი, ვობაი.
მთავარი მწვრთნელი: ბეიუკაღა გაჯიევი.

მთავარი მსაჯი: ტამაშ ბოგნარი (უნგრეთი).

 

“ნეფთჩის” პრეზიდენტი: “არ მითქვამს, რომ “ჩიხურა” გუნდი არ არის”

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული მატჩის (0:0) შემდეგ აზერბაიჯანულმა სპორტულმა სააგენტო azerisport-მა ბაქოს კლუბის პრეზიდენტის, სადიხ სადიხოვის კომენტარი გამოაქვეყნა. აღნიშნული წყაროს ცნობით, სადიხოვმა თქვა, რომ “ჩიხურა” გუნდი არ არის, თუმცა დღეს “ნეფთჩის” პრეზიდენტმა ეს სიტყვები უარყო.

“არა, მე ასე არ მითქვამს. “ჩიხურა” მთლიანად ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, ჩვენ კი დაახლოებით 11 ლეგიონერი გვყავს, “ნეფთჩის” გაცილებით დიდი ბიუჯეტი აქვს. სწორედ ამ არგუმენტების გამო, ვთქვი, რომ “ნეფთჩიმ” “ჩიხურას” ბარიერი უნდა დაძლიოს. ჩემი სიტყვები არასწორად თარგმნეს. მე “ჩიხურას” პრეზიდენტსაც დავურეკე და ყველაფერი ავუხსენი.
“ჩიხურა” ძალიან კარგი გუნდია, ძლიერი თურქული გუნდი გამოთიშა გათამაშებას. საშინაო მატჩში გამარჯვებას ვაპირებდით, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. ხვალაც რთული შეხვედრა გველის. ვფიქრობ, კარგი თამაში გამოვა”, – განაცხადა სადიხოვმა ტელეკომპანია TVS-ის ეთერში.

შეხვედრა “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში 4 ლარად შეგიძლიათ.

 

ბეიუკაღა გაჯიევი: “ხვალ უძლიერესი გაიმარჯვებს”

საჩხერის “ჩიხურასთან” გასამრთ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეროებითი მატჩის წინ, ბაქოს “ნეფთჩის” მთავარმა მწვრთნელმა ბეიუკაღა გაჯიევმა გუნდების შანსებზე ისაუბრა.

ბეიუკაღა გაჯიევი (ნეფთჩის მთავარი მწვრთნელი): “მოგესალმებით, ჩემთვის სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა. თბილისი და საქართველო ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა. ახალგაზრდობაში საქართველოში ვთამაშობდი. 

აზერბაიჯანში საკმაოდ ბევრი ქართველი სპეციალისტი მუშაობს. მაგალითად კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე, რაც იმის ნიშანია, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობაა.

ხვალ ნამდვილი საფეხბურთო შოუს მოლოდინში ვარ. “ჩიხურა” ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. საჩხერელები ძირითადად დაცვაზე არიან ორიენტირებულები. ჩვენთვის კი ყველაზე კარგი დაცვა თავდასხმაა.

ფეხბურთელი რობოტი არ არის და მას შეცდომის დაშვების უფლება აქვს. “ჩიხურას” შემადგენლობაში ვარსკვლავები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ სხვანაირად ვითამაშებდით, თუმცა “ნეფთჩი” ევროპული დონის გუნდია.

ჩვენ მეტოქის მაჩების საფუძვლიანი ანალიზი ჩავატარეთ. “ჩიხურა” ძლიერი და საშიში მეტოქეეა, რასასც “ბურსასპორის” დამარცხებაც ადასტურებს. ხვალ უძლიერესი გაიმარჯვებს.”

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის გასამართი მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყება. გუნდები პატივს მიაგებენ აზერბაიჯანული ფეხბურთის ვეტერან ალეკპერ მამედოვს, რომელიც გასულ კვირას 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ნეფთჩი” თბილისში დღეს დილით ჩამოფრინდა.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში უკვე იყიდება და ფასი 4 ლარია.

შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

“ჩიხურა” — “ნეფთჩი”: განრიგი, არბიტრი, ბილეთები

ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურასა” და ბაქოს “ნეფთჩის” შორის უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართება. როგორც მოგეხსენებათ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. “ნეფთჩი” თბილისში ოთხშაბათ დილას ჩამოფრინდება. იმავე დღეს გაიმართება გუნდების მატჩისწინა ვარჯიში და მთავარი მწვრთნელების პრესკონფერენციები.

მატჩზე დასასწრები ბილეთები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში ხვალ დილიდან გაიყიდება. ბილეთის ფასი 4 ლარია.

შეხვედრას 35 წლის უნგრელი არბიტრი ტამაშ ბოგნარი განსჯის. ბოგნარი ქართული გუნდების ფეხბედნიერი მსაჯია. 2009 წელს ეს რეფერი სჯიდა ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდ “ლისბერნ დისტილერისა” და “ზესტაფონს” შორის გამართულ შეხვედრას, რომელიც ქართული გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 5:1 დასრულდა. ბოგნარი იყო გორის “დილასა” და სპლიტის “ჰაიდუკს” შორის შარშან გამართული მატჩის მთავარი მსაჯიც. ამ შეხვედრაში გორელებმა ანგარიშით 1:0 იმარჯვეს.

მატჩი “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება.

 

ბაქოში მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რასაც აქვე გთავაზობთ:

“მიმდინარე წლის 31 ივლისს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართული – ბაქოს “ნეფჩთი”-სა და საჩხერის “ჩიხურა”-ს საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობდნენ “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენლები, ვითარებაში გარკვევის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან მოხდა შეხვედრა და გასაუბრება აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირებთან, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი საქციელი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული და არ ისახავდა მიზნად არცერთი მეზობელი სახელმწიფოს სუვერენული უფლებების შელახვას ან შეურაცხყოფას.

“ქართული სპორტის ქომაგებმა” გააცნობიერეს თავიანთი ქმედებების პოლიტიკური შედეგები და აღნიშნეს, რომ მომავალში მათი მხრიდან მაქსიმალურად იქნება გააზრებული ყოველი ნაბიჯი, რათა სპორტულ ღონისძიებებზე მათი აქტიურობა არ იქცეს ორ მეგობარ-მეზობელ სახელმწიფოს შორის დაპირისპირების მიზეზად.

მოგეხსენებათ, რომ საფეხბურთო გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, 21:00 საათზე, მ. მესხის სახელობის “ლოკომოტივის” სტადიონზე გაიმართება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა გულშემატკივარს კორექტულობისაკენ და სტუმარი გუნდის გულშემატკივრების პატივისცემისაკენ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყველა სამართალდამრღვევი პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება”.

 

შოთა კაშია: “ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ნეფთჩი” “ბურსასპორივით” დავამარცხოთ”

ბაქოს “ნეფთჩისთან” განმეორებითი მატჩის წინ “ჩიხურას” მცველმა შოთა კაშიამ azerisport.com-ის კითხვებს უპასუხა. 

– პირველ შეხვედრაზე რას იტყოდით? 

– ჩვენი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა იყო, რაც გამოგვივიდა კიდეც.

– ანუ მეტოქეს შიშით შეხვდით და მთელი მატჩის გატარება დაცვაში გადაწყვიტეთ? 

– არა. ვთვლი, რომ ნორმალურად ვითამაშეთ. განმეორებით მატჩი ვეცდებით, რომ უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ.

– “ნეფთჩისგან” ასეთ თამაშს ელოდით? 

– შეკრებაზე “ნეფთჩის” ორჯერ შევხვდით. პირველ მატჩში 3:2 მოვიგეთ, ხოლო მეორე შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩვენი მწვრთნელი მოწინააღმდეგეს კარგად იცნობს. მან დავალება მოგვცა, ჩვენ კი ის შევასრულეთ.

– არ თვლით რომ “ჩიხურას” გაუმართლა? 

– გოლის გატანის საშუალება ჩვენც გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქესაც გაუმართლა.

– თბილისური მატჩისგან რას ელით? 

– ვიცი, რომ “ნეფთჩი” მეორე შეხვედრაშიც კარგად იასპარეზებს. თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

– “ნეფთჩის” მოთამაშეები ამბობენ, რომ ისინი თბილისში დადებითი შედეგისთვის ჩადიან. 

– გამარჯვება ჩვენ უფრო გვინდა.

– ასე რატომ თვლით? 

– საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ. ბაქოში სტადიონზე საკმაოდ კარგი ატმოსფერო იყო, თუმცა თბილისში გაცილებით უკეთესი იქნება.

– “ნეფთჩის” “ბურსასპორის” ბედი ელის? 

– დიახ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა “ნეფთჩი” “ბურსასპორივით” დავამარცხოთ.