ურუგვაის ნაკრების თავკაცს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს

ურუგვაის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ოსკარ ტაბარესს მძიმე დიაგნოზი — გიენ-ბარეს სინდრომი დაუსვეს.

ეს არის იშვიათი პათოლოგია, რომელიც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე. იწყება ქვედა კიდურების დამბლით, რაც სწრაფად გადადის ზედა კიდურებზეც. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მთელი სხეულის პარალიზება მოხდეს. დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს მკურნალობის მეთოდები რომლებიც შეამსუბუქებენ სიმპტომებს და შეამცირებენ დაავადების ხანგრძლივობას. ადამიანთა უმეტესობა გამოჯანრთელებას ახერხებს, თუმცა ზოგ მათგანს რჩება ხანგრძლივი ეფექტები, როგორებიცაა სისუსტე, მგრძნობელობის დაკარგვა და დაღლილობა.

ტაბარესი უნარშეზღუდულთა ეტლით გადაადგილდება.

შეგახსენებთ, რომ ოსკარ ტაბარესი ურუგვაის ნაკრებს 2006 წლიდან თავკაცობს.

ესპანეთში უკვე იყიდება „ბარსელონას“ ფორმა სუარესის გვარით

ბარსელოანს ერთ-ერთ ცნობილ სპორტულ მაღაზიაში გასაყიდად გამოტანეს „ბარსელონას“ ფორმა, რომელსაც ზურგზე ლუის სუარესის გვარი აწერია. მწარმოებელთა აზრით, „ლივერპულის“ ურუგვაელი თავდამსხმელი კატალონიურ კლუბში გადავა და 9-ნომრიან ფორმას მოირგებს, რომელიც წინა სეზონში ალექსის სანჩესს ემოსა. თავად სანჩესის გადაბირებას კი ლონდონის „არსენალი“ ცდილობს.

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა განაცხადა, რომ სუარესის „ბარსელონაში“ გადასვლა ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრის თვეში იყო შეთანხმებული. როგორც მოგეხსენებათ, დეკემბერში „ლივერპულმა“ ურუგვაელ ფორვარდს კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაც მიუთითა.

 

„სუარესი „ბარსელონას“ მხრიდან დაინტერესებაზე ჯერ კიდევ ნოემბერში მიყვებოდა. მაშინ კლუბებმა შეთანხმების მიღწევა შეძლეს, თუმცა „ლივერპულს“ ასეთი სეზონის შემდეგ ლუისის გაშვება არ სურს. ინგლისურმა კლუბმა „ბარსელონასთან“ მანამდე არსებული ყველა შეთანხმება გააუქმა.

ლუისმა ამის შესახებ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრების დამარცხების შემდეგ შეიტყო და ძალიან გაბრაზდა. ის სხვა ადამიანად გადაიქცა. სუარესი ძირითად გუნდთან ერთად არც ვარჯიშობდა, ინდივიდუალურად ემზადებოდა“, – ტაბარესის სიტყვები სხვადასხვა ევროპულ სპორტულ ინტერნეტგვერდებზე ქვეყნდება.

 

ტაბარესი: „ხამეს როდრიგესი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშეა“

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა აღიარა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე მის გუნდსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის გამართულ მატჩში (0:2) მეტოქემ უკეთ წარმოაჩინა თავი. გარდა ამისა, ფეხბურთის ურუგვაელმა სპეციალისტმა კოლუმბიელთა ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი გამოარჩია, რომელმაც აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა.

„ვიცოდით, რომ კოლუმბიას კარგი გუნდი ჰყავს. კოლუმბიელებს ისეთი მოთამაშეები ჰყავთ, რომლებსაც თამაშის მიმდინარეობის შეცვლა შეუძლიათ. მოედანზე მეტოქე დომინირებდა. როდრიგესის მიერ გატანილი პირველი ბურთი მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლია. მცველები დანაშავეები არ არიან, ეს გოლი ასი პროცენტით დამრტყმელის დამსახურებაა. ვცდილობდით, რომ ინტრიგა დაგვებრუნებინა, მაგრამ მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა, საკუთარი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა.

ეს წაგება უნდა ვაღიაროთ და კოლუმბიას მივულოცოთ. ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.

ხამეს როდრიგესის შესაძლებლობების შესახებ ვიცოდი. მას მოედანზე ისეთი რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც სხვა ვერ გააკეთებს. ის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა. იმედი მაქვს, ასევე გააგრძელებს. ფეხბურთში საჭიროა ასეთი ხალხი.

ახლა ნამდვილად არ არის ტურნირზე ჩვენი ასპარეზობის გაანალიზების დროს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ჩვენ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისისა და იტალიის ნაკრებებს ვაჯობეთ“, – განაცხადა ტაბარესმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება.