სანდრო კობახიძე: “მოგების გემო გავიხსენეთ”

დღეს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა ლატვიის გუნდს. გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან სანდრო კობახიძემ ისაუბრა.

“სერბეთთან გულდაწყვეტის შემდეგ, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო. გულშემატკივარი გავახარეთ და ამ ყველაფერმა ჩვენზეც ფსიქოლოგიურად იმოქმედა. მოგების გემო გავიხსენეთ.”

“სერბეთთან მოგება, რა თქმა უნდა, ჩვენი პირველი მიზანი იყო. თუმცა, მაინც კარგია, რომ დღეს ასეთი  თამაში ვაჩვენეთ. ამ დაპირისპირებაში კიდევ უკეთ გამოჩნდა, რომ შეტევაში პრობლემები არ გაქვს. შემტევ, ლაღ და ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ,” – განაცხადა კობახიძემ.

 

გიბრალტარის ნაკრების თავკაცი: “საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი მიიღო და ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ სტუმართა გუნდის თავკაცმა ჯეფ ვუდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.

“ჩვენთვის რთული მატჩი გამოვიდა, როგორც სხვა შეხვედრები. საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია. პირველ და მეორე ტაიმებში საკმაო პრობლემები შევუქმენით, თუმცა კლასმა მაინც თავისი ქნა. საქართველოს ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”, – ამ სიტყვებით წარსდგა ჟურნალისტების წინაშე ჯეფ ვუდი.

— როგორ შეაფასებდით მატჩის პირველ ტაიმს და მასთან შედარებით მეორე ნახევარს?
— პირველი ტაიმის შემდეგ რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ, რადგან მეტოქე უფრო ცენტრიდან გვიტევდა. გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა, განსაკუთრებით კი – მეორე ნახევარში. ჩვენთვის თითოეული თამაში ახალი გამოცდილებაა. ცენტრალური მცველების თამაშს გამოვარჩევდი. შეგვიძლია, კვირას, შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩშიც გადავიტანოთ ეს პოზიტიური ასპექტები.

— გიბრალტარის ნაკრები შოტლანდიასთან გასამართი მატჩის შემდეგ დიდი ხნით დაისვებეს, რადგან ფიფას წევრი არ არის. ეს პროგრესი როგორ უნდა გაგრძელდეს?
— აუცილებელია, რომ მაღალ დონეზე თამაში გავაგრძელოთ. მაღალი დონის გუნდებთან ამხანაგური მატჩები უნდა ჩავატაროთ. სპეციალური პროგრამით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რათა ეს პროგრესი შევინარჩუნოთ.

 

სანდრო კობახიძე: “გიბრალტართან ფავორიტად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს”

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ხვალ ბოლოსწინა მატჩს გამართავს. კახა ცხადაძის გუნდი გიბრალტარის ნაკრებს მიიღებს, უკვე 11 ოქტომბერს კი, ქალაქ ლაიფციგში გერმანიის ეროვნულ გუნდს ესტუმრება.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე დამდეგი მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ.

“ტრავმირებული ვიყავი და ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოვტოვე. ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვარ. ფავორიტებად ვითვლებით, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბნიოს.

რაც შეეხება გერმანიის ნაკრებს, ვიცით, რას წარმოადგენს ეს გუნდი. უნდა გამოვიდეთ მოედანზე და ჩვენი თამაში ვითამაშოთ.

ხვალინდელი მატჩი აუცილებლად მოსაგები გვაქვს”, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოსა და გიბრალტარის ნაკრებებს შორის შეხვედრა “დინამო არენაზე” ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება და მას სერგეი ბოიკოს ხელმძღვანელობით უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია.

 

 

სანდრო კობახიძემ “ვორსკლას” გაუტანა (ვიდეო)

18 ივლისს, უკრაინის პრემიერ ლიგის პირველ ტურში, “ვორსკლამ” საკუთარ მოედანზე “ვიოლინი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

“ვიოლინის” ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი ფეხბურთელი სანდრო კობახიძე, რომელმაც 57-ე წუთზე შეხვედრაში ანგარიში გახსნა.

კობახიძე “ვოლინში” რჩება

“დნიპროს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ლუცკის “ვოლინში” იჯარის წესით მოთამაშე სანდრო კობახიძე ლუცკელთა შემადგენლობაში გააგრძელებს კარიერას.

გავრცელებული ინფორმაციით კლუბებმა საიჯარი ხელშეკრულება 2015 წლის ბოლომდე გაახანგრძივებს.

აღსანიშნავია, რომ თავად კობახიძეს “დნიპროში” დაბრუნების სურვილი ჰქონდა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელს მასთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს.

გასულ სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა უკრაინულ პრემიერლიგაში 6 გოლის გატანა შეძლო.

კობახიძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა (ვიდეო)

უკრაინის პრემიერლიგის 25-ე ტურში ლუცკის “ვოლინმა” დონეცკის “ოლიმპიკს” 3:1 სძლია. მატჩის 75-ე წუთზე საბოლოო ანგარიში ალექსანდრე კობახიძემ დააფიქსირა.

ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი ძირითადში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. 25 ტურში მოპოვებული 33 ქულით “ვოლინი” სატურნირო ცხრილის მე-6 საფეხურზეა.

კანკავა და კობახიძე სიმბოლურ ნაკრებში მოხვდნენ

უკრაინული პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე მოხვდნენ.

კანკავას შემთხვევა ცოტა უცნაურაი, ვინაიდან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კიევის “დინამოსთან” მხოლოდ პირველ ტაიმში ითამაშა, თუმცა უკრაინელ ჟურნალისტებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

კობახიძემ კი “ჰოვერლასთან” მოგებულ შეხვედრაში ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა. 

კობახიძემ “შახტარს” ქულები აართვა

უკრაინული პრემიერლიგის 22-ე ტურში ლუცკში “ვოლინმა” დონეცკის “შახტარი” მიიღო და ძლიერ მოწინააღმდეგესთან ქულის მოპოვება შეძლო. შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ტრადიციულად მასპინძელთა ძირითადში იყო სანდრო კობახიძე, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და 56-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

22 თამაშში მოპოვებული 26 ქულით “ვოლინი” სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციაზეა გამაგრებული.

კობახიძე “ვორსკლასთან” დამარცხდა

უკრაინული პრემიერლიგის 21-ე ტურში ალექსანდრე კობახიძის “ვოლინი” პოლტავაში ადგილობრივ “ვორსკლას” ესტუმრა და ორი უპასუხო ბურთით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლუცკელთა ძირითადში იყო და მოედანზე 88 წუთი დაჰყო.

21 ტურში მოპოვებული 25 ქულით “ვოლინი” სატურნირო ცხრილის მე-8 პოზიციამდე დაქვეითდა. აღსანიშნავაი, რომ ლუცკელთა მოუგებელი სერია უკვე 4 მატჩს ითვლის.

 

კობახიძის ფრე და კანკავას გამარჯვება

უკრაინის ჩემპიონატის მე-16 ტურში ლუცკის “ვოლინი” საკუთარ მოედანზე ოდესის “ჩერნომორეცს” დაუზავდა. მასპინძელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა სანდრო კობახიძემ.

ამავე ტურის შეხვედრაში ჯაბა კანკავას “დნიპრომ” ლვოვში, ადგილობრივ “კარპატის” მინიმალურად სძლია. დნეპროპეტროვსკელთა რიგებში სრულად ითამაშა ჯაბა კანკავამ, რომელამც 81-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

სანდრო კობახიძის გუნდი ვარჯიშს 12 იანვრიდან განაახლებს

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის სანდრო კობახიძის კლუბი უკრაინული „ვოლინი“ საახალწლო არდადეგების შემდეგ ვარჯიშს 12 იანვრიდან ლუცკში დაიწყებს, სადაც 18 იანვრამდე დარჩება.

19 იანვარს „ვოლინი“ ზამთრის პირველ უცხოურ შეკრებას გაივლის. სავარაუდოდ, გუნდი პირველ თებერვლამდე თურქეთში ივარჯიშებს, სადაც ოთხ ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

2 თებერვლიდან 8 თებერვლამდე გუნდი ლუცკში დაბრუნდება, ხოლო 9 თებერვლიდან 22 თებერვლამდე სეზონის განახლების წინ ვიტალი კვარციანოვის გუნდი თურქეთში ბოლო შეკრებას გაივლის და ამჯერად ხუთ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს.

კობახიძე: „ხალხს უსამართლობა არ უყვარს“

საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული „ვოლინის“ ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ხარკოვის „მეტალისტთან“ ანგარიშით 1:2 წაგებულ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც მან გოლი გაიტანა. გარდა ამისა, უკრაინული კლუბის ქართველმა ლეგიონერმა პირველ წრეში თავისი გუნდის გამოსვლაც შეაფასა.

„თუ გუნდის თამაშს შევაფასებთ, ვფიქრობ, პირველი წრე ცუდი არ იყო. რა თქმა უნდა, ბევრი ის ქულა დავკარგეთ, რომლის გადარჩენა შეგვეძლო. თუმცა, ვფიქრობ, პირველი წრე დამსახურებულ ადგილზე დავასრულეთ („ვოლინმა“, პირველი წრის შედეგად, მე-7 ადგილი დაიკავა – ავტ.). მეოთხე ადგილზე გასვლაც კი შეგვეძლო.

„მეტალისტთან“ მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მოგებას ვიმსახურებდით. მსაჯობის განხილვა არ მსურს. ყველამ დაინახა, თუ რა ხდებოდა. სჯობს, საზოგადოებამ შეაფასოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი. მე მხოლოდ თამაშზე ვისაუბრებ.

ჩემი თვალსაზრისით, პირველი ტაიმი ღირსეულად ჩავატარეთ, ხოლო მეორეში მოვდუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა წავაგეთ და მეშვიდე ადგილზე ამის გამო აღვმოჩნდით. მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ, სჯობდა, შეგვეტია. ამის გამო ორი გოლი მივიღეთ“.

კობახიძემ იმ გულშემატკივრებზე ისაუბრა, რომლებიც მატჩის ბოლოს მოედანზე შევარდნენ.

„ქომაგები სტადიონზე მოდიან და მხარს გვიჭერენ. ხალხს უსამართლობა არ უყვარს. მე არაფრის თქმა მინდა, უბრალოდ, მათაც უნდა გაუგოთ. ის, რაც მოხდა, ლამაზი არ იყო, ხალხს თავის შეკავება არ შეუძლია“.

გულშემატკივრები მოედანზე მას შემდეგ შევიდნენ, რაც მთავარმა მსაჯმა დიმიტრი კუტაკოვმა მეტოქის საჯარიმოსთან კობახიძის წაქცევისთვის საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა.

„დიახ, ჩემს წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა. ამ დარღვევის შედეგად, მსაჯს მეტოქისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეცა. ზოგადად, ბევრი ეპიზოდი ძალიან საკამათო გამოდგა“, – აღნიშნა „ვოლინის“ შემტევმა ნახევარმცველმა.