ოფიციალურად: ჰუმელსი “დორტმუნდში” დაბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი მათს ჰუმელსი დორტმუნდის “ბორუსიაში” დაბრუნდა. მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2022 წლის ზაფხულამდე ექნება.

“კიკერის” ცნობით, დორტმუნდელებმა “ბაიერნს” ჰუმელსის სანაცვლოდ 38 მილიონ ევროს დამატებული ბონუსები გადაუხადეს.

30 წლის ჰუმელსი “ბაიერნის” აღზრდილი გახლავთ. ის “ბორუსიას” ღირსებას 2009-დან 2016 წლამდე იცავდა და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებული.

მათს ჰუმელსი “ბორუსიადან” “ბაიერნში” 2016 წელს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან გერმანიის ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში 21 მატჩი ჩაატარა.

ჰუმელსმა “ბაიერნში” სათამაშო ნომერი აირჩია (ფოტო)

მიუნხენის “ბაიერნის” ახალწვეულმა მათს ჰუმელსმა კლუბში სათამაშო ნომერი აირჩია.

გერმანელი ფეხბურთელი ბავარიულ გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

იგი ამავე ნომრით გამოდის გერმანიის ნაკრებში, ხოლო დორმტუნდის “ბორუსიაში” თამაშის პერიოდში 15-ნომრიანი ფორმა ემოსა.

ჰუმელსმა “დორტმუნდის” ხელმძღვანელობას გუნდის დატოვების სურვილი გაუმხილა

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა მატს ჰუმელსმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუნდის დატოვება სურს.

გერმანული გამოცემა “ბილდი” იუწყება, რომ “ბორუსია” უახლოეს პერიოდში 27 წლის ფეხბურთელთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს.

როგორც ცნობილია, ჰუმელსით მიუნხენის “ბაიერნი” არის დაინტერესებული. ბავარიული გუნდის დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ღიად განაცხადა, რომ კლუბი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბაიერნი” მატს ჰუმელსს ოთხწლიან კონტრაქტსა და წელიწადში ჯამაგირის სახით ათ მილიონ ევროს სთავაზობს.

 

ჰუმელსმა “ლივერპულთან” მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

უეფას ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის გამართული საპასუხო მატჩი “წითლების” დრამატული გამარჯვებით, ანგარიშით 4:3 დასრულდა.

მარცხის მიზეზებზე გერმანელთა მცველმა მათს ჰუმელსმა ისაუბრა.

“როდესაც ანგარიში 3:1 გახდა, გვეგონა, რომ საქმე მოთავებული გვქონდა. ისე აქტიურად თავს აღარ ვიცავდით და თითქმის გავჩერდით, რის გამოც დავისაჯეთ.

“ლივერპული” თამაშს ვერ შემოატრიალებდა, 3:1-ის შემდეგაც რომ გაგვეგრძელებინა თამაში. გამარჯვება ჩვენ თვითონვე დავთმეთ. ბურთის მოსაპოვებლად უნდა გვებრძოლა. ამის ნაცვლად დაცვაში შეცდომების დაშვება დავიწყეთ.

მეტოქემ გოლები იოლად გაგვიტანა. ეს ამ სეზონის ყველაზე მძიმე მარცხია”, – ციტირებს ჰუმელსის სიტყვებს “სქაი”.

 

ჰუმელსმა “დორტმუნდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არჩევანი გააკეთა

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა მატს ჰუმელსმა მის ამჟამინდელ კლუბსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არჩევანი გააკეთა.

“კიკერის” ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა “ბორუსიაში” დარჩენა გადაწყვიტა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დაცვის ხაზის გაძლიერებას ჰუმელსით აპირებდა, თუმცა 26 წლის მცველმა ამ ზაფხულს “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლისგან თავი შეიკავა.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მატს ჰუმელსმა 23 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

ჰუმელსი მოედანზე შეჭრილი ქომაგების დასჯას ითხოვს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების წინაშე “ბუნდესთიმის” მცველი მატს ჰუმელსი წარსდგა, რომელმაც შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებზე გაამახვილა ყურადღება.

“თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არ მივეცით. შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა და საბოლოოდ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. ჩემი აზრით, გულშემატკივრები, რომლებიც მოედანზე შემოდიან, უნდა დაისაჯონ”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ ჰუმელსმა.

 

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალი კაპიტანი ჰყავს

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალ სეზონში ახალი კაპიტანი ეყოლება. გუნდის კაპიტნის სამკლავურს მატს ჰუმელსი მოირგებს.

“ჰუმელსი ჩვენი გუნდის ახალი კაპიტანი იქნება. როისი და ვაიდენფელერი ვიცე-კაპიტნები გახდებიან”, – ნათქვამია “ბორუსიას” პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუნდს აქამდე სებასტიან კელი კაპიტნობდა, რომელმაც სამკლავური თავისივე ნებით დათმო.

 

საფრანგეთი — გერმანია (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა „ბუნდესთიმის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გერმანელთა მცველი მათს ჰუმელსი დაასახელეს, რომელიც ერთადერთი გატანილი გოლის ავტორია.

დორტმუნდის „ბორუსიაში“ მოთამაშე ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაამთავრა, გააკეთა 44 გადაცემა და კარში დაარტყა 2-ჯერ.