კერიკმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა მაიკლ კერიკმა კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ახალი შრომითი ხელშეკრულება ძალაში 2016 წლის 30 ივნისამდე იქნება.

მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” 2006 წლიდან თამაშობს. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც. მას 2006 წლიდან “წითელი ეშმაკების” რიგებში ჩატარებულ 376 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი.

33 წლის კერიკმა პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

 

“მანჩესტერ იუნაიტედს” ახალი ვიცეკაპიტანი ჰყავს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი ვიცეკაპიტანი მაიკლ კერიკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა სეზონის დასაწყისში “წითელი ეშმაკების” ვიცეკაპიტნად დარენ ფლეტჩერი გაამწესა, თუმცა როგორ ჩანს, ვან გაალმა გადაწყვეტილება შეცვალა და ახლა ეს პასუხისმგებლობა კერიკს დაავალა.

“სამი კაპიტანი მყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანმიმდევრობა მაქვს დაწესებული: პირველი კაპიტანი უეინ რუნია, მეორე მაიკლ კერიკი, მესამე კი – დარენ ფლეტჩერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ხაზის კაპიტნები მყავს.

კერიკი გამოცდილი და მშვიდია. კარგია, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა პოზიციებზე შემიძლია. კაპიტნის რანგში მას მოედანზე ჩემი სათამაშო ფილოსოფიის შეცვლა შეუძლია”, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს sportsmole-ი.

 

ვინ იქნება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი კაპიტანი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი მილანის „ინტერში“ გადავიდა. შესაბამისად, „წითელ ეშმაკებს“ ახალი კაპიტანი ჰყავთ ასარჩევი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საპასუხისმგებლო მისიის დაკისრებას მაიკლ კერიკს უპირებენ. ლუი ვან გაალს კაპიტნის სამკლავურის ახალი მფლობელის ვინაობა უახლოეს პერიოდში უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ინგლისელ ნახევარმცველს ტრავმა აქვს და შესაძლოა, ჰოლანდიელმა თავკაცმა ახალი კაპიტნის ვინაობის გამოცხადება გადადოს.

შეგახსენებთ, რომ კერიკი რამდენიმე დღის წინათ საწვრთნელ პროცესზე დაშავდა, რის გამოც 12 კვირით იუქმებს.