“მანჩესტერ იუნაიტედი” პერიშიჩის სანაცვლოდ 60 მილიონს იხდის

მილანის “ინტერის” შემტევმა ნახევარმცველმა, ივან პერიშიჩმა შესაძლოა, კარიერა ინგლისში, კერძოდ კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს.

როგორც ცნობილი ხდება, უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მანჩესტერული გრანდის ხელმძღვანელები 28 წლის ხორვატი ფეხბურთელის აგენტთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

უცხოური გამოცემების ცნობით, “ინტერის” ვინგერის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გამოთქვამს.

“წითელი ეშმაკები” მზად არიან, ივან პერიშიჩის სანაცვლოდ 60 მილიონი ევროც გადაიხადონ, რაზეც იტალიელებს უარის თქმა ნამდვილად გაუჭირდებათ.

ოფიციალურად: ლინგარდმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” გაახანგრძლივა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებმა ჯესი ლინგარდთან ახალი, ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ჯესი ხელფასის სახით 100 000 ფუნტს მიიღებს კვირაში.

ინგლისელი ვინგერის წინა კონტრაქტს ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა ვადა, მაგრამ “იუნაიტედის” უფროსებმა თავის დაზღვევა არჩიეს.

ჯესი ლინგარდი, რომელსაც “წითელი ეშმაკების” მაისურით 70 მატჩი აქვს ჩატარებული, მომდევნო ოთხ წელიწადში 21 მილიონ ფუნტს მიიღებს ხელფასის სახით.

“მანჩესტერ იუნაიტედი” დრის მერტენს 4,7 მილიონ ევროს სთავაზობს

იტალიური “ნაპოლის” ნახევარმცველი, დრის მერტენსი ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისელები მზად არიან, 29 წლის ბელგიელს წელიწადში 4,7 მილიონი ევრო შესთავაზონ ხელფასის სახით. ამ ინფორმაციას La Repubblica-ს რედაქცია ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნაპოლის” მფლობელი, აურელიო დე ლაურენტისი დრის მერტენსს წელიწადში 3 მილიონ ევროს უხდის.

უცხოურ პრესაში ბელგიელის “ნაპოლიდან” წასვლის შანსებს საკმაოდ რეალურად მიიჩნევენ – 80-90%.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში მერტენსმა 26 მატჩში 20 გოლის გატანა და 7 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სქოულზი: “ევროპა ლიგაზე “მანჩესტერ იუნაიტედის” შეჩერება მხოლოდ ამ კლუბს შეუძლია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, პოლ სქოულზი თვლის, რომ ინგლისური კლუბისთვის ევროპა ლიგის მოგება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და რომ მანჩესტერელებს მხოლოდ ერთი რეალური კონკურენტი ჰყავთ.

“ეს მათთვის დიდებული შანსი, შესაძლებლობაა.

ტურნირზე დარჩენილ გუნდებიდან “მანჩესტერ იუნაიტედი” უძლიერესია, ეს ხომ ნათელია. ისინი მთავარი ფავორიტები არიან.

თუ ისინი თავის თამაშს აჩვენებენ, ტურნირსაც მოიგებენ. ვფიქრობ, მათი ერთადერთი რეალური კონკურენტი “ლიონია”. მათ ევროპა ლიგის მოგების საკმაოდ კარგი შანსი აქვთ და უნდა გამოიყენონ,” – აცხადებს სქოულზი.

რა მიზნით ეწვია ჟოზე მოურინიო ხორვატიას?

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ხორვატიას ესტუმრა და ხორვატებსა და უკრაინელებს შორის გამართულ საფეხბურთო დაპირისპირებასაც დაესწრო.

პორტუგალიელის ეს ვიზიტი პრესაში მალევე დაუკავშირეს “ინტერის” ხორვატი ნახევარმცველის, ივან პერიშიჩის ტრანსფერს, თუმცა ჟოზემ ეს ინფორმაცია უარყო.

“არანაირი ფარული მიზეზი არ არსებობს. აქ დასვენებების მიზნით და ჩემი მეგობრების სანახავად ჩამოვედი, მათ შორის პრედრატ მიატოვიჩისა და დავორ შუკერისაც.

ვიცი, ყველას გონია, რომ აქ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად ჩამოვედი, მაგრამ დღეს ამისათვის მრავალი სხვა საშუალება არსებობს და აქ ჩამოსვლა სულაც არ არის საჭირო. მე მათ, ყველას ვიცნობ,” – აცხადებს პორტუგალიელი.

ჟოზე მოურინიო ზაგრებში იმყოფება (ფოტო)

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ზაგრებში იმყოფება, რათა ივან პერიშიჩის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები აწარმოოს.

როგორც იცით, 28 წლის ფეხბურთელი საკმაოდ ახლოსაა “ინტერის” დატოვებასთან – ის ფაქტი, რომ მილანელები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას ვერ ახერხებენ მის წასვლას თითქმის გარდაუვალს ხდის.

24sata-ს მიერ დადასტურებული ცნობების მიხედვით, მოურინიო პერიშიჩის ყოფილი კლუბის მფლობელებთანაც აპირებს შეხვედრას.

The Sun-ის ჟურნალისტები კი უკვე იმ თანხასაც ასახელებენ, რომლის გადახდაც მანჩესტერელებს მოუწევთ პერიშიჩის ტრანსფერში – საუბარია 35 მილიონ ფუნტზე.

რობსონი: “მაიკლ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ ერთი წლით თამაშს იმსახურებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ბრაიან რობსონმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა, რომელიც “ოლდ ტრაფორდზე” თავის მეთორმეტე სეზონს ატარებს.

აქვე გეტყვით, რომ მაიკლ კერიკი, რომელიც “ოცნებების თეატრს” 2006 წელს, “ტოტენჰემ ჰოტსპურიდან” შეუერთდა, მომდევნო სეზონის დასაწყისისთვის უკვე 36 წლის იქნება.

“მაიკლი 35 წლისაა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ის საკმაოდ კარგად თამაშობს და გუნდზეც დადებით გავლენას ახდენს.

ასაკს დიდ ყურადღებას ნამდვილად არ ვაქცევ, მთავარი ფეხბურთელის მხრიდან სურვილის არსებობაა, ის თავის თავს მიხედავს.

ვფიქრობ, რომ კერიკი “მანჩესტერ იუნაიტედში” კიდევ ერთი წლით თამაშს იმსახურებს და მჯერა, რომ ისინი ამას გააკეთებენ,” – აცხადებს რობსონი.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში “მანჩესტერ სიტის”, “ბარსელონასა” და “რეალს” დაუპირისპირდება

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ხელმძღვანელთა მიერ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის მიხედვით, ზაფხულში, გინესის თასის ეგიდით გასამართ მატჩებში “მანჩესტერ იუნაიტედს” ევროპელი გიგანტების წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

საუბარია ისეთი კალიბრის გუნდებზე, როგორებიც “მანჩესტერ სიტი”, “ბარსელონა” და “რეალია”.

ბრიტანელი მეტოქეები ერთმანეთს 20 ივლისს, აშშ-ში დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მანჩესტერული დერბი დიდი ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ზაფხულს მაყურებლებს კიდევ ერთი დიდი მატჩის, “ელ კლასიკოს” ხილვის ფუფუნებაც ექნებათ. ესპანური გრანდები ერთმანეთს მაიამიში, 29 ივლისს დაუპირისპირდებიან.

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “მიდლსბრო” დაამარცხა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედმა” პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 27-ე მატჩი სტუმრად, “მიდლსბროს” წინააღმდეგ ჩაატარა და მოიგო კიდეც.

მატჩში ანგარიში მარუან ფელაინიმ, თამაშის 30-ე წუთზე გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 17 წუთში კი ჯესი ლინგარდმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. მასპინძელთა მხრიდან ერთი გოლის გაქვითვა კი რუდი ჟესტედემ შეძლო. თუმცა, მატჩის ბოლოს, მესამე დამატებულ წუთზე ვალენსიამ კვლავ მოახერხა ორბურთიანი სხვაობის დაბრუნება. 1:3.

შედეგად, ამ დროისთვის “წითელი ეშმაკების” ანგარიშზე 52 დაგროვებული ქულაა და ისინი მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან, “მიდლსბრო” კი 22 ქულით მეცხრამეტეა.


“მიდლსბრო”: ვიქტორ ვალდესი; ფაბიო, გიბსონი, ესპინოზა, ბარაგანი; ლედბიტერი (ჟესტედე 67′), კლეიტონი, დე რუნი; რამირესი (ტრაორე 68′), ნეგრედო, დაუინგი

მთავარი მწვრთნელი: სტივ აგნიუ

“მანჩესტერ იუნაიტედი”: დე ხეა; ბაილი, სმოლინგი, ჯონსი; ვალენსია, ფელაინი, კერიკი, იანგი; ხუან მატა (მარკუს როხო 69′), ლინგარდი; რეშფორდი

მთავარი მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო


მხითარიანის წერილი – ზიდანი, კაკა და ჰამლეტი

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევ ნახევარმცველზე, ჰენრიხ მხითარიანზე ბევრი დაწერილა. მან კარიერა სომხურ “პიუნიკში” დაიწყო, საიდანაც უკრაინაში გადაბარგდა, უკრაინიდან გერმანიას მიაშურა, ახლა კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატში თამაშობს.

რამდენიმე თვის წინ მხითარიანის წერილი გამოქვეყნდა, სადაც ის თავის განვლილ ცხოვრებაზე დეტალურად საუბრობს. მხითარიანი წერილში თავის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, მამას, ჰამლეტ მხითარიანს ხშირად ახსენებს.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გთავაზობთ მხითარიანის წერილის ქართულ თარგმანს.


ზიდანი, კაკა და ჰამლეტი


ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი მოგონება მამაჩემს, ჰამლეტს უკავშირდება, რომელმაც სავარჯიშოდ საფრანგეთში, თავის კლუბში მიმიყვანა. მაშინ ხუთი წლის ვიყავი. მამაჩემი 80-იან წლებში, სანამ დავიბადებოდი, ყოფილი საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში თამაშობდა. ის დაბალი, მაგრამ ძალიან სწრაფი თავდამსხმელი იყო.

1989 წელს, როცა ახალი დაბადებული ვიყავი, სომხეთში არეულობა იყო, ამიტომ საფრანგეთში გადავბარგდით. მამაჩემი ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბის, “ვალენსის” ღირსებას იცავდა. ყოველ დილით, როცა ის ვარჯიშზე მიდიოდა, მე ვტიროდი: “მამა, შენთან ერთად წამიყვანე. გთხოვ, შენთან ერთად წამოვალ!”

მაშინ ფეხბურთით დაინტერესებული ნაკლებად ვიყავი, უბრალოდ, მამაჩემთან ერთად ყოფნა მინდოდა. მამას ჩემი ბაზაზე წაყვანა არ სურდა, რადგან ვარჯიშის დროს ჩემზე ფიქრი მოუწევდა, ამიტომ მან ჩემს მოსატყუებლად ჭკვიანური რამ მოიფიქრა.

ერთ დილას, ვთქვი: “მამა, ვარჯიშზე წამიყვანე.”
მან მიპასუხა: “არა, არა. ჰენრიხ, დღეს ვარჯიში არ გვაქვს. მე სუპერმარკეტში მივდივარ და მალე დავბრუნდები.”

ის სავარჯიშოდ გაიპარა, მე კი ველოდებოდი… რამდენიმე საათის შემდეგ, იგი სახლში სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქტით არ დაბრუნებულა. ტირილი დავიწყე: “შენ მე მომატყუე! სუპერმარკეტში არ წასულხარ! ფეხბურთის სათამაშოდ იყავი!”

hamlet-mkhit

მამაჩემთან ერთად გატარებული დრო ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ხანმოკლე გამოდგა. ექვსი წლის ვიყავი, როცა მშობლებმა მითხრეს, რომ სომხეთში ვბრუნდებოდით. ნამდვილად ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა. მამაჩემმა ფეხბურთის თამაშს თავი დაანება, ის მთელი დღეები სახლში იყო.

მართალია, არ ვიცოდი, მაგრამ მამაჩემს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ყველაფერი სწრაფად მოხდა. ერთ წელში, მან დაგვტოვა. მე ძალიან პატარა ვიყავი და მისი გარდაცვალება მთლიანად ვერ გავიაზრე.

მახსოვს, როგორ ტიროდნენ დედაჩემი და ჩემი და. მათ ვეკითხებოდი: “სად არის მამა?” თუმცა, ვერავინ მიხსნიდა, რა ხდებოდა.

გარკვეული დროის გასვლით შემდეგ, მათ მითხრეს, რაც მოხდა. მახსოვს დედაჩემის სიტყვები: “ჰენრიხ, ის ჩვენთან აღარასოდეს დაბრუნდება.”

ვფიქრობდი, “აღარასოდეს?” ეს ძალიან დიდი დროა, მე კი მხოლოდ შვიდი წლის ვიყავი.

ბევრი ვიდეოფირი გვქონდა, რომლებშიც საფრანგეთში მამაჩემის თამაში იყო აღბეჭდილი. ამ ვიდეოებს ხშირად ვუყურებდი – კვირაში ორჯერ ან სამჯერ. როდესაც კამერა მამას აფიქსირებდა, ძალიან მიხაროდა. ის გოლს ყოველთვის თანაგუნდელებთან ჩახუტებით აღნიშნავდა.

mkhitaryan mother

მამაჩემის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ფეხბურთზე სიარული დავიწყე. მამა ჩემი კერპი იყო. ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მის მსგავსად უნდა მერბინა და დამერტყა.

ათი წლის ასაკში, ფეხბურთი უკვე ჩემი ცხოვრება იყო. ვვარჯიშობდი, ვკითხულობდი, ვუყურებდი და ფლეისთეიშენზეც ფეხბურთს ვთამაშობდი. მხოლოდ ფეხბურთზე ვფიქრობდი. შემქმნელი ფეხბურთელები განსაკუთრებით მომწონდა. ყოველთვის მინდოდა ზიდანის, კაკასა და ჰამლეტის მსგავსად მეთამაშა.

დედაჩემი დედაც უნდა ყოფილიყო და მამაც, რაც ცხადია, ძალიან რთულია. ის ყოველთვის ჩემთან უნდა ყოფილიყო. ყოფილა ისეთი დღეებიც, როცა ვარჯიშიდან მოვსულვარ და მითქვამს: “ძალიან მიჭირს, ფეხბურთი უნდა მივატოვო.”

დედაჩემი მეუბნებოდა: “არ უნდა მიატოვო. ვარჯიში გააგრძელე და ხვალ უკეთესად გამოგივა.”

მამის გარდაცვალების შემდეგ, დედას ოჯახი უნდა ერჩინა – მან სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში დაიწყო მუშაობა.

მალე სომხეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამომიძახეს. თუ მოედანზე უარყოფით ემოციას გამოვხატავდი, დედა მეტყოდა: “ჰენრიხ! რას აკეთებ? უფრო მშვიდი უნდა იყო, თორემ სამსახურში პრობლემები შემექმნება!”

მე ვპასუხობდი: “მაგრამ, დედა, ისინი ფეხში მირტყამენ!”
დედა: “არა, არა, არა. უფრო მშვიდი უნდა იყო!”

რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედაჩემი და ჩემი და ყოველთვის ჩემთან ერთად იყვნენ. თუმცა, მათ ბრაზილიაში მარტო მაინც გამიშვეს, მაშინ 13 წლის ვიყავი და “სან პაულუში” ოთხი თვით უნდა მევარჯიშა. ეს, ალბათ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდი იყო. მე პატარა სომეხი ბავშვი ვიყავი, რომელმაც პორტუგალიური ენა არ იცოდა. თუმცა, ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან საფეხბურთო სამოთხეში მივდიოდი.

ვოცნებობდი, კაკას მსგავსი ფეხბურთელი გამოვსულიყავი. სანამ ბრაზილიაში წავიდოდი, ორი თვის განმავლობაში პორტუგალიურ ენას ვსწავლობდი, მაგრამ როცა იქ ჩავედი, მივხვდი, რომ სწავლა სხვა რამ იყო და ადამიანებთან საუბარი – სხვა.

childhood

ბრაზილიაში ორ სომეხ ფეხბურთელთან ერთად გავემგზავრე. როცა ჩვენს ოთახში პირველად შევედით, აღმოვაჩინეთ, რომ იქ ჩვენთან ერთად ერთ ბრაზილიელსაც უნდა ეცხოვრა. ისიც ჩემსავით სუსტი იყო და მუქი თმა ჰქონდა.

მოგვესალმა და გვითხრა: “Bom dia! Meu nome é Hernanes.” (“დილა მშვიდობისა! ჩემი სახელია ერნანეში)

თავიდან, ეს ბავშვი ძალიან უცნაური ჩანდა. ის ის ერნანეში იყო, რომელიც ახლა “იუვენტუსში” თამაშობს.

ჩვენ ბაზაზე ვცხოვრობდით. ერთად ვჭამდით, ერთად ვვარჯიშობდით და ერთად ვერთობოდით. ფლეისთეიშენი არ გვქონდა, ოთახში მხოლოდ ტელევიზორი გვედგა, სადაც ყველაფერი პორტუგალიურ ენაზე იყო. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან მიჭირდა, რადგან სხვა ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ვერ ვსაუბრობდი. ისინი რაღაცას მეუბნებოდნენ და მიღიმოდნენ. ბრაზილიელებს მართლაც შესანიშნავი ხასიათი აქვთ. ამის აღწერა რთულია, რადგან მათი სითბო პირადად უნდა იგრძნო.

საბედნიეროდ, ყველას ერთი საერთო – ფეხბურთის ენა გვქონდა. ჩვენ ერთმანეთთან კომუნიკაციას მოედანზე შემოქმედებით ვამყარებდით. მახსოვს, ერთ დღეს, ვარჯიშზე რამდენიმე გოლი გავიტანე და გავიფიქრე: “მე სომეხი ბავშვი ვარ, რომელსაც ბრაზილიაში გოლები გააქვს.” თავი ვარსკვლავი მეგონა.

მათი კულუტურით დაინტერესებული ვიყავი. ისინი განსხვავებულები არიან. მაგალითად, 45 წუთს ვივარჯიშებდით, შემდეგ 15 წუთის მანძილზე ხილი უნდა გვეჭამა და წვენი დაგველია, ამის შემდეგ ისევ 45 წუთის განმავლობაში ვვარჯიშობდით. სომხეთში ფიზიკურ ვარჯიშებს ანიჭებდნენ უპირატესობას, ბრაზილიაში კი ყოველთვის ბურთთან ერთად გვავარჯიშებდნენ.

თუ ბავშვებს ბურთი არ ჰქონდათ, ისინი ბურთს წინდებით აკეთებდნენ და ისე თამაშობდნენ.

დედა ხშირად, ყოველდღე მირეკავდა. ბაზაზე მხოლოდ ერთი ტელეფონი გვქონდა, რომელიც საერთაშორისო ზარებს ემსახურებოდა და ისიც დირექტორის ოფისში იდგა. ყოველ დილით, დირექტორის ასისტენტი მოედანთან მორბოდა და მეუბნებოდა: “დედაშენი გირეკავს.”

ამის გამო, მოედნიდან უნდა გავქცეულიყავი და დედასთვის მეთქვა, რომ მოგვიანებით დაერეკა.

– როგორ ხარ? რას მიირთმევ? კარგად იკვებები?
– დედა, უნდა ვივარჯიშო, ორშაბათს დამირეკე!

რამდენიმე თვის შემდეგ, პორტუგალიურად კარგად საუბარი შემეძლო. ერნანეშს სომხური ანბანიც ვასწავლე. ფლეისთეიშენის გარეშეც კარგად ვერთობოდით.

ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბრაზილიამ ჩემი სტილის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. როცა სომხეთში დავბრუნდი, ისევ სუსტი ვიყავი, მაგრამ ტექნიკა დახვეწილი მქონდა და ბევრ ფინტს ვაკეთებდი. მოედანზე თავს თავისუფლად ვგრძნობდი. თავი სომეხი რონალდინიო მეგონა. (ვხუმრობ.) ამ დროს უკვე სამი ენა ვიცოდი – სომხური, ფრანგული და პორტუგალიური. ეს პრობლემაც იყო, რადგან ხშირად სიტყვები ერთმანეთში მერეოდა.

წინადადების ნახევარს სომხურად ვამბობდი, ნახევარს – პორტუგალიურად. (ახლაც ასეა, ნახევარს სომხურად ვამბობ, ნახევარს ინგლისურად, ამიტომ თუ რამე შემეშლება, მომიტევეთ.)

GettyImages-104897260

20 წლის ასაკში დონეცკის “მეტალურგში” გადავედი და უკრაინული და რუსულიც ვისწავლე. ორი წლის შემდეგ “შახტარის” წევრი გავხდი. ბევრი ამბობდა, რომ იქ გამიჭირდებოდა, რადგან გუნდში 12 ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობდა.

მე არაფერს ვამბობდი, ჩემთვის ვიცინოდი. ვფიქრობდი, რომ ნახევრად ბრაზილიელი ვიყავი. რა თმა უნდა, “შახტარში” ჩემს თანაგუნდელებთან დიდებული ურთიერთობა მქონდა, ამ კლუბში სამი ბრწყინვალე წელი გავატარე. 2013 წელს, უკრაინის პრემიერ ლიგაში გატანილი გოლების რეკორდი დავამყარე და ის ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ამ გუნდში თავის დამკვიდრება გამიჭირდებოდა, გაჩუმდნენ.

სეზონის დასრულების შემდეგ, დორტმუნდის “ბორუსიამ” წინადადებით მომმართა. ამავე დროს, დონეცკში ომი დაიწყო, “შახტარის” სტადიონს კი ვეღარ ვიყენებდით.

გერმანიაში გადავბარგდი, სადაც კიდევ ერთი ახალი ენა ვისწავლე, ასევე, ახალ, განსხვავებულ კულტურასთან და ატმოსფეროსთან შეგუება მომიწია.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან რთული პერიოდი იყო. პირველი სეზონი კარგად ჩავატარე, მაგრამ მეორე სეზონი კატასტროფა იყო. ბევრი შეხვედრა წავაგეთ, მე კი არ მიმართლებდა. გარდა იმისა, რომ გოლები ვერ გამქონდა, საგოლე პასებსაც ვერ ვაკეთებდი, რაც წარმოუდგენელი იყო. ჩემში დიდი თანხა გადაიხადეს, რაც წნეხი იყო.

ჩემს ოთახში მარტო ვიჯექი – ვფიქრობდი და ვფიქრობდი. გარეთ გასვლა არ მინდოდა, საუზმეც კი არ მსურდა. თუმცა, მესამე სეზონის დაწყებამდე, გუნდში ახალი მწვრთნელი, ტომას ტუხელი მოვიდა, მან ყველაფერი შეცვალა.

მოვიდა და მითხრა: “მინდა, ყველაფერი შენს გარშემო მოვაწყო.”

ცოტათი გამეღიმა, რადგან ვფიქრობდი, რომ ის მხოლოდ ჩემს დამშვიდებას ცდილობდა. მის სიტყვებში ეჭვი მეპარებოდა. თუმცა, მან სერიოზული სახით შემომხედა: “მიკი, დიდებული სეზონი გექნება.”

ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. ისეთი სეზონის მერე, როგორიც მე ჩავატარე, ვარსკვლავობაზე ვერ ვიფიქრებდი. თუმცა, მან ეს შეძლო. მე კიდევ ერთხელ გავიხარე. ბრაზილიელებისგან ვისწავლე, რომ როცა მოწყენილი ხარ, იღბალიც არ მოდის, ხოლო როცა მხირულად ხარ, მოედანზე ბევრი კარგი რამ ხდება. ის სეზონი ძალიან მოტივირებულებმა ჩავატარეთ. ბრწყინვალედ ვთამაშობდით, სუპერ-შემტევი სტილი გვქონდა და მოედანზე გატარებული თითოეული წუთით დიდ სიამოვნებას ვიღებდით.

ძირითადად, ორი მცველით, სამი ნახევარმცველითა და ხუთი თავდამსხმელით ვთამაშობდით – წარმატებას მივაღწიეთ. მაშინაც კი, როცა ვმარცხდებოდით, ვიღიმოდით.

mxitarishe

 

გასულ ზაფხულს, აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი შეძენა “მანჩესტერ იუანიტედს სურდა. ამან გამაკვირვა.

– მართლა? ჭორი ხომ არ არის?

როცა ოცნების ასრულება ძალიან ახლოსაა, ამას კარგად მაინც ვერ გრძნობ. რამდენიმე დღის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედის” დირექტორმა, ედ ვუდვარდმა დამირეკა. წარმოიდგინეთ, როგორი გახარებული ვიყავი.

იმ დროს, როცა აგენტი და კლუბი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავდნენ, მე ყველაფერი კარგად გავაანალიზე. ვიცოდი, რომ “ბორუსიას” მაშინ ვტოვებდი, როცა საქმე კარგად მიმდიოდა, “იუნაიტედში” გადასვლით კი, წინ კიდევ ბევრი გამოწვევა მელოდა. თუმცა, სიბერეში სავარძელში მოთავსება და რაიმეს სინანული არ მსურდა, ამიტომ ინგლისში გადასაბარგებლად მოვემზადე.

როცა შეთანხმება შედგა და კონტრაქტს ხელს ვაწერდი, მივხვდი, რომ პრემიერ ლიგაში მართლა უნდა მეთამაშა და ეს რეალობა იყო. არასოდეს დამავიწყდება ის მომენტი, როცა ვარჯიშზე “მანჩესტერ იუანიტედის” მაისური პირველად მოვირგე.

“იუნაიტედში” ჩატარებულ ვარჯიშზე ტრავმა მივიღე, რის გამოც სათამაშო პრაქტიკა მაკლდა. სიმართლე უნდა ვთქვა – ჩემი მანჩესტერული კარიერის დასაწყისი ისეთი არ იყო, როგორიც მსურდა. თუმცა, არასოდეს ვნებდები.

თუ დედაჩემს და ჩემს დას ჩემს შესახებ ჰკითხავთ, ისინი გეტყვიან, რომ მე ძალიან სერიოზული ბიჭი ვარ და რთული ხასიათი მაქვს. თუმცა, მოხარული ვარ იმით, რომ შრომა დამიფასდა. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბში მოხვედრა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.

“ოლდ ტრაფორდის” მოედანი მხოლოდ მოედანი არ არის. ეს გარკვეული დონეა. მამაჩემს, რომ ამ დონეზე მოთამაშე ვენახე, ვფიქრობ, ის ჩემით ძალიან იამაყებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა ცოცხალი არ არის, მაინც მიმაჩნია, რომ მაინც ძალიან დამეხმარა.

მამა რომ ცოცხალი ყოფილიყო, არ არის გამორიცხული ადვოკატი ან ექიმი ვყოფილიყავი.

შეიძლება, გაგიკვირდეთ, მაგრამ ტელევიზორში ჩემს თავს არასოდეს ვუყურებ, რადგან მატჩების გამეორების დროს მხოლოდ შეცდომებს ვამჩნევ. მამაჩემისაგან განსხვავებული სათამაშო სტილი მაქვს. ის სწრაფი თავდამსხმელი იყო, რომელიც ძლიერად ურტყამდა. თუმცა, როცა სომხეთში ჩავდივარ, მეუბნებიან, რომ ზუსტად მამაჩემის მსგავსად დავრბივარ.

– ჰენრიხ, შენ მას გავხარ, მის მსგავსად დარბიხარ. როცა შენ გიყურებ, ჰამლეტი მახსენდება.

სირბილის შესახებ ჩემი მოსაზრება არ მაქვს, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემს მატჩებს არასოდეს ვუყურებ.

ჰენრიხ მხითარიანი
ნოემბერი, 2016 წელი

„ბითლზის“ მეხუთე წევრი

22 მაისს ლეგენდარულ ჯორჯ ბესტს 68 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით Fanebi.com-ი ბესტის განვლილი ცხოვრების შესახებ მოგითხრობთ. შეუძლებელია, ერთ პუბლიკაციაში ამ ფეხბურთელის ბიოგრაფიაზე დაწვრილებით ვისაუბროთ, ამიტომ დღეს მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს წარმოგიდგენთ.


ჯორჯ ბესტი 1946 წლის 22 მაისს კრეგაგში, ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტის აღმოსავლეთ რაიონში დაიბადა.

ბესტი ფეხბურთით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. „ჯორჯი ბურთს არასდროს შორდებოდა“, – იხსენებს ბესტის დედა.

პატარა ჯორჯი საკუთარი სახლის ეზოში მუდამ ფეხბურთს თამაშობდა, კარად კი მამის ავტოფარეხს იყენებდა, ხშირად ბურთთან ერთად ეძინა კიდეც.

ბესტის პირველი კლუბი „კრეიგ ბოიზის“ საბავშვო გუნდი იყო. ჯორჯმა საკუთარი ტალანტის წარმოჩენა შესანიშნავად მოახერხა. 1957 წელს, 11 წლის ასაკში ბესტმა სკოლის გრანტი მოიგო და ქალაქის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა იქ სპორტის ერთადერთი სახეობა რაგბი გახლდათ, ბესტი კი ფეხბურთით იყო „მოწამლული“. საბოლოოდ, ჯორჯის მშობლები მიხვდნენ, რომ შვილი სხვა სკოლაში უნდა გადაეყვანათ. ბესტი ლისნაშარგის სკოლაში მოხვდა, სადაც ის ძველ მეგობრებს შეხვდა და ფოკუსირებაც ფეხბურთის თამაშზე გადაიტანა.

რამდენიმე წელიწადში ბესტით ბელფასტის „გლენტორანი“ დაინტერესდა, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის აყვანა მისი სიგამხდრის გამო გადაიფიქრა. რას წარმოიდგენდნენ მაშინ, რომ ასეთ გენიას დაკარგავდნენ?!

სამაგიეროდ, 1961 წელს ბესტი ინგლისში ჩადის და ვარჯიშს „მანჩესტერ იუნაიტედის“ სკოლაში იწყებს.

1963 წელს, 17 წლის ასაკში ბესტმა სკოლაში სწავლას თავი მიანება და მშობლებს განუცხადა, რომ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომა სურს, თუმცა ერთი წლის შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლის და ინგლისიდან სამშობლოში ბრუნდება. მალე ჩრდილოეთ ირლანდიაში „მანჩესტერის“ თავკაცი მეთ ბასბი ჩადის და ბესტი ისევ გუნდში მიჰყავს. 1963 წლის 14 სექტემბერს, 17 წლის ასაკში ბესტს „მანჩესტერის“ რიგებში დებიუტი აქვს. იმ შეხვედრაში „იუნაიტედმა“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ ანგარიშით 1:0 დამარცხა. პირველ სეზონში ბესტმა 26 ჩატარებულ მატჩში ექვსი გოლი გაიტანა, „მანჩესტერი“ კი ვერცხლის მედლებს დასჯერდა. „წითელ ეშმაკებს“ ოთხი ქულით აჯობა „ლივერპულმა“.

1964 წელს დებიუტი აქვს ჩრდ. ირლანდიის ნაკრებში.

1965 წელს „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონის პირველ ტიტულს იგებს.

1966 წელს იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს კლუბად მიჩნეულ „ბენფიკას“ „მანჩესტერი“ ანგარიშით 5:1 უგებს. პირველი ორი გოლი ბესტის ანგარიშზეა. ამ დროს პორტუგალიურ მედიაში ბესტს „ბითლზის“ მეხუთე წევრი შეარქვეს. ბესტმა თავისი ნიჭის წყალობით მოახერხა და ხალხისა და მედიის ფავორიტი გახდა. ამ უკანასკნელის გულის მოგება კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ფეხბურთელის გრძელი თმა მის ექსტრავაგანტულობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. ბესტი მოურჯულებელ, თავისუფალი სულის მატარებელ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ამიტომაც ბევრი მასთან კომპრომისზე მიდიოდა. ის ერთგვარი მსახიობიც იყო, კარგად იცოდა, რა სურდა პუბლიკას, იცოდა სკანდალის ფასიც, უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამიტომაც იყო ასეთი ხმაურიანი.

1967 წელს ბესტი „მანჩესტერთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი მეორედ გახდა.

1968 წელს „მანჩესტერი“ პირველი ინგლისური კლუბი ხდება, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ამავე წელს ბესტი ინგლისისა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

60-იან წლებში ბესტმა ბიზნესმენობასაც მიჰყო ხელი და ქალაქ მანჩესტერში ორი ღამის კლუბი გახსნა. გარდა ამისა, ის ფლობდა რამდენიმე სამოდელო ბუტიკს, თუმცა ბესტს მხარზე სამი მაცდური ეშმაკი აჯდა: აზარტული თამაშები, ქალები და ალოკოჰოლი. „მანჩსტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მეთ ბასბის წასვლის შემდეგ ბესტი კიდევ უფრო უდისციპლინო გახდა, ხშირად ჰქონდა კონფლიქტი კლუბის ახალ ხელმძღვანელობასთან, რამაც ზეგავლენა მოახდინა „იუნაიტედის“ შედეგზეც. „წითელი ეშმაკები“ სუსტ მეტოქეებთან ხშირად აგებდა, გამარჯვებული სულის მქონე ბესტი კი მარცხს ძნელად ეგუებოდა.

ბესტი „იუნაიტედში“ თამაშობდა იმ პერიოდში, როცა ფეხბურთელებს ნომრებს სათამაშო პოზიციის მიხედვით აძლევდნენ. მარჯვენა ფლანგზე თამაშისას ლეგენდარულ ფეხბურთელს 7-ნომრიანი მაისური ემოსა, მოგვიანებით ის მარცხენა ფლანგზე გაამწესეს, სადაც 11-ნომრიანი ფორმა არგუნეს. იყო პერიოდი, როცა ბესტი 8 და 10-ნომრიანი მაისურებითაც ასპარეზობდა. ერთხელ კი, როცა ბობი ჩარლტონს ტრავმა ჰქონდა, მისი 9-ნომრიანი ფორმა ბესტმა მოირგო. იმ დღეს „მანჩესტერმა“ „შეფილდს უენსდეის“ ანგარიშით 1:0 მოუგო. იმ ერთადერთი გოლის ავტორი კი სწორედ ბესტი გახლდათ.

1970 წელს „ნორთჰემპტონის“ კარში ექვსი გოლი გაიტანა.

1971 წელს ჩრდ. ირლანდიის ნაკრების რიგებში კვიპროსს სამ გოლს უტანს და ნაკრებიდან მიდის, რადგან მას მოკვლით ემუქრებიან.

1972 წლის 26 მაისს ბესტი კარიერის დასრულების შესახებ განცხადებას აკეთებს.

1973 წელს ბრუნდება „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში და ორ თვეში მწვრთნელთან კონფლიქტის გამო გუნდიდან კვლავ მიდის. საბოლოოდ, ბესტმა „წითელი ეშმაკების“ რიგებში ჩატარებულ 470 მატჩში 179 გოლი გაიტანა.

1975 წელს თამაშს იწყებს „სტოკპორტში“, საიდანაც „ფულემში“ გადადის.

1978 წელს კარიერას ამერიკაში აგრძელებს, მაგრამ „ფულემი“ ფიფაში ჩივის და აცხადებს, რომ ბესტმა კლუბი დაუკითხავად დატოვა. ფიფა ბესტს მსოფლიო მასშტაბით დისკვალიფიკაციას აძლევს და ნებისმიერ დონეზე თამაშს უკრძალავს.

1979 წელს ფიფასგან თამაშის ნებართვას იღებს და შოტლანდიურ „ჰიბერნიანში“ გადადის.

1980 წელს კარიერას ისევ ამერიკულ ლიგაში აგრძელებს.

1984 წელს ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის გამო აპატიმრებენ. ბესტი ფეხბურთს არც ციხეში ყოფნის დროს ივიწყებდა და რამდენჯერმე პატიმრების გუნდის შემადგენლობაშიც კი ითამაშა.

1985 წელს კარიერას საბოლოოდ ასრულებს. საერთოდ, სათქმელია, რომ ბესტმა თავისი შესაძლებლობები სრულად მაინც ვერ აჩვენა და პირველ რიგში, ეს თავისივე ბრალია. ჩრდილოირლანდიელი ფეხბურთელი ცხოვრობდა საკუთარ ნებაზე და არა ისე, როგორც ნამდვილი სპორტსმენი.

1990 წელს ერთ-ერთ შოუზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მთვრალი მივიდა და საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

1996 წელს სურვილი აქვს, ირლანდიის ნაკრები გაწვრთნას, მაგრამ უარს ეუბნებიან.

1998 წელს ბრიტანულ ტელევიზიაში მუშაობას ფეხბურთის ექსპერტის რანგში იწყებს.

2001 წელს გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღებისგან თითქმის დაშლილ ღვიძლს ურთულესი ოპერაციის შედეგად იცვლის.

2003 წელს სასტუმროში ატეხილი ჩხუბის გამო ისევ აპატიმრებენ.

2004 წელს მართვის მოწმობას ორი წლით ართმევენ – ბესტი საჭეს ისევ ნასვამი მართავდა.

2005 წლის 1 ოქტომბერს საავადმყოფოში გრიპის ვირუსით წვება.

2005 წლის 15 ნოემბერს ექიმები აცხადებენ, რომ ბესტი უმძიმესი ავადმყოფია და მისი გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. 20 ნოემბერს ბრიტანულმა გაზეთმა News Of The World–მა საავადმყოფოში მოთავსებული ბესტის სურათი მისივე თხოვნით გამოაქვეყნა. გაზეთმა ალკოჰოლიკებისთვის ლეგენდარული ბრიტანელის ბოლო რჩევა მსხვილი შრიფტით დაწერა: „ნუ მოკვდებით ისე, როგორც მე“.

2005 წლის 25 ნოემბერს ბესტის გარდაცვალების შესახებ ოფიციალურ განცხადებას მისი მკურნალი ექიმი აკეთებს.

2005 წლის 3 დეკემბერის წვიმიან დღეს, ბელფასტში ჯორჯ ბესტი დაასაფლავეს. უკანასკნელ გზაზე იგი 32 ათასმა ადამიანმა გააცილა და ერთი ამდენი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით უბრალოდ არ დაუშვეს.

2006 წლის 22 მაისს, როცა ბესტს 60 წელი უნდა შესრულებოდა, ბელფასტის აეროპორტს ამ ლეგენდარული ფეხბურთელის სახელი მიანიჭეს.

ქართველ ფეხბურთელთაგან ბესტის წინააღმდეგ მსოფლიო პირველობაზე რევაზ ძოძუაშვილს უთამაშია. ძოძუაშვილმა საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის ორი მაისური ჩამოიტანა. ერთი მათგანი თბილისის მუზეუმს უსახსოვრა, მეორე კი – ქუთაისისას. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, თბილისის მუზეუმში არსებული ბესტის ფორმა 50 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა და მისი კვალი დაიკარგა. მეორე ფორმა კი ახლაც ქუთაისის სპორტის მუზეუმში ინახება. ბევრია მისი ყიდვის მსურველი, მაგრამ ვინღა გაყიდის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის მაისურს?!

 

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com