“პირლო იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს”

იტალიელი ჟურნალისტი და SKY Italia-ს ტელეკომენტატორი ფაბიო კარესა ამბობს, რომ “ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო იჯარის წესით “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს.

“პირლო რამდენიმე თვის განმავლობაში “მანჩესტერ სიტიში” ითამაშებს. მოგეხსენებათ, ამ კლუბებს საერთო მფლობელი ჰყავთ და კონტრაქტზეც უკვე მიღწეულია შეთანხმება”, – აღნიშნა კარესამ.

შეგახსენებთ, რომ “ნიუ იორკ სიტის” სათავეში მართლაც არიან “მანჩესტერ სიტისა” და ბეისბოლის კლუბ “ნიუ იორკ იანკიზის” მფლობელები.

 

პატრიკ ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელი გახდა

პატრიკ ვიეირა “ნიუ იორკ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფრანგი სპეციალისტი მანამდე “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც ძალაში 2016 წლის პირველ იანვარს შევა.

 

პირლო: “ნიუ იორკში” მოსაგებად მოვედი”

იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო “ნიუ იორკ სიტიში” გადავიდა.

ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს 21 ივლისს შეუერთდება. იგი 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

“უკვე დიდი ხანია, MLS-ში თამაში და ახალი გამოცდილების მიღება მსურდა. ახლა ამის რეალური შესაძლებლობა გამიჩნდა და ვიყენებ. “ნიუ იორკ სიტი” აღმავლობის გზაზეა და გამარჯვების წყურვილი აქვს. მე აქ მოსაგებად მოვედი.
იტალიის საზღვრებს გარეთ კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი მქონდა, თუმცა ყოველთვის იტალიაში დარჩენას ვამჯობინებდი. ახლა ეს გადაწყვეტილება იოლად მივიღე და ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. გუნდის მთავარ მწვრთნელს ვესაუბრე, მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდება და ერთად ვეცდებით გამარჯვებების მიღწევას”, – პირლოს კომენტარი “ნიუ იორკ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” 2011 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 164 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა, აქედან 15 საჯარიმო დარტყმით, 35 საგოლე გადაცემა გააკეთა და შვიდი ტიტული მოიგო.

 

ოფიციალურად: პირლო “ნიუ იორკ სიტიში” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო კარიერას “ნიუ იორკ სიტიში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.

36 წლის იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

“პირლოს მნიშვნელობის გამოხატვა უბრალო სტატისტიკით შეუძლებელია. ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში პირლოსთან ერთად ერთი მიზნისკენ სიარული. “იუვენტუსი” მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის, მაესტრო”, – ვკითხულობთ “იუვენტუსის” განცხადებაში.

ანდრეა პირლო “იუვენტუსში” 2011 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 164 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა (აქედან 15 საჯარიმო დარტყმით), 35 საგოლე გადაცემა გააკეთა და შვიდი ტიტული მოიგო.

პირლო “ნიუ იორკ სიტის” 21 ივლისს შეუერთდება. იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში ჩვეული 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

უეფა ლამპარდის ტრანსფერით დაინტერესდა

უეფა ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” გასხვისებით დაინტერესდა.

ბრიტანული პრესის ცნობით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელობა “ქალაქელებს” აღნიშნული ტრანსფერის სრულ დოკუმენტაციას სთხოვს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ლამპარდი ექვსთვიანი იჯარით “ნიუ-იორკ სიტისგან” ინათხოვრა, რომელიც მისი შვილობილი კლუბია. ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თქვა კიდეც, რომ ამ გზით “ქალაქელებს” შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაერღვიათ.

 

ვენგერი “მანჩესტერ სიტის” ფინანსური ფეარ-პლეის დარღვევაში ადანაშაულებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი შეშფოთებას გამოთქვამს ფრენკ ლამპარდის “მანჩესტერ სიტიში” შესაძლო გადასვლის გამო. ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტის თქმით, ამ გზით კლუბის ხელმძღვანელობამ შესაძლოა ფინანსური ფეარ-პლეის წესი დაარღვიოს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ლამპარდი თავისუფალი აგენტის სტატუსით “ნიუ-იორკ სიტის” შეუერთდა. შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, MLS-ის ახალი სეზონის დაწყებამდე შესაძლოა, 36 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა იჯარის წესით “მელბურნ სიტის” ან “მანჩესტერ სიტის” მიაშუროს. აღსანიშნავია, რომ სამივე დასახელებულ კლუბს მფლობელთა ერთი ჯგუფი მართავს, რაც ვენგერის აღშფოთებას იწვევს.

“ეს სიურპრიზია. როგორც ჩანს, “სიტის” სახელით არსებული ეს კლუბები მთავარ კლუბს, “მანჩესტერ სიტის” მოამარაგებენ. მსმენია იმის შესახებ, რომ მათ მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კიდევ ხუთი კლუბის შეძენა სურთ. ფინანსურ ფეარ-პლეის საკმარისად კარგად არ ვიცნობ, თუმცა გეტყვით, რომ “მანჩესტერ სიტიმ” ეს ფრანშიზა (“ნიუ-იორკ სიტი”) 100 მილიონ ევროდ შეიძინა. ამ კლუბში გადასულ მოთამაშეებს მომდევნო წლამდე MLS-ში თამაში არ შეეძლებათ, თუმცა მათ იჯარის წესით სხვა კლუბებში გადაბარგების უფლება ეძლევათ. არის თუ არა ეს ფინანური ფეარ-პლეისთვის თავის არიდება? არ ვიცი. ჩვენ თანხას ჩვენი კლუბისთვის ვხარჯავთ და ამით მოხარულები ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ სხვა კლუბები შევიძინოთ”, – ვენგერის სიტყვებს Yahoo ციტირებს.

 

ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა

ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.

როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.

ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.

„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.