ანრი: “ოქროს ბურთი” რიბერისთვის უნდა მიეცათ”

ხვალ გამთენიისას მიუნხენის “ბაიერნსა” და MLS-ის ნაკრებს შორის აშშ-ში ამხანაგური შეხვედრა გაიმართება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ერთმანეთს ბავარიელთა ნახევარმცველი ფრანკ რიბერი და “ნიუ-იორკ რედ ბულსის” თავდამსხმელი ტიერი ანრი შეხვდნენ. ანრიმ თანამემამულის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რიბერი უანგაროდ თამაშობს. მაშინაც კი, როცა მას გოლის გატანა შეუძლია, თანაგუნდელისთვის პასის გაკეთებას ამჯობინებს. ვფიქრობ, რომ შარშან “ოქროს ბურთი” მისთვის უნდა მიეცათ, რადგან “ბაიერნმა” ყველა შესაძლო ტიტული მოიგო და ამაში რიბერიმ წვლილი დიდია. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ფეხბურთშიც მეტ ყურადღებას ინდივიდუალისტებს ვაქცევთ. რიბერი ასეთი არ არის. ვაჟიშვილი რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ რიბერის და ტომას მიულერის თამაშისთვის ეცქირა”, – ანრის სიტყვები “ფრანს ფუტბოლმა” გამოაქვეყნა.

ცნობისთვის, “ბაიერნსა” და MLS-ის ნაკრებს შორის ამხანაგური მატჩი ხვალ, თბილისის დროით დილის 05:30 საათზე დაიწყება.