ვლადიმერ ვაისის დილემა – რომელი თავდამსხმელი შეუტევს ლატვიას?

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ გუშინდელ ვარჯიშზე კოჭი დაიზიანა და დღევანდელ შეხვედრაში ლატვიის წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ შეძლებს.

ვლადიმერ ვაისს ქვილითაიას შეცვლის რამდენიმე ვარიანტი აქვს. განაცხადში ოფიციალურად 2 ნომინალური თავდამსხმელი, ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე იმყოფებიან.  კაჭარავა ზაფხულში კვიპროსულ “ანორთოსისში” გადავიდა, მაგრამ მას შემდეგ, მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. საგულისხმოა, რომ კვიპროსში ჩემპიონატი გვიან დაიწყო.

“ემპოლის” ფორვარდი ლევან მჭედლიძე 16 თვეზე მეტია, რაც ოფიციალურ მატჩში არ გამოსულა და შესაბამისად, სათამაშო პრაქტიკაზე საუბარი არც ღირს. მჭედლოს გამოძახების ერთადერთი მიზეზი ნაკრებში მიღებული გამოცდილებაა, რითაც ვაისმა ის სხვა თავდამსხმელებს ამჯობინა.

თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მეტად მოსალოდნელია ვაისმა ცენტრფორვარდად ლატვიასთან ვაკო ყაზაიშვილი ათამაშოს და მის პოზიციაზე გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდეს. ხოლო, ფლანგებიდან თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი მერებაშვილი შეუტევენ.

ყაზახეთთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ კაპიტანი ჯაბა კანკავა საუკეთესო ფორმაში არ არის და ვაკო გვილიას მოედანზე გამოსვლის შემდეგ, საყრდენ ზონაში სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა. შესაძლოა, მენტორმა ნახევარდაცვაშიც შეიტანოს გარკვეული ცვლილებები და თამაში კვეკვესკირმა და გვილიამ დაიწყონ.

დაცვასა და მეკარის პოზიციაზე კი ვაისი არანაირ ცვლილებას არ აპირებს და ის ენდობა იმ ფეხბურთელებს, რომლებიც დღეს ნაკრების მთავარ ძალას წარმოადგენენ.

მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” შემოგთავაზებთ.

ვაკო ყაზაიშვილის შოუ: გოლი და ორი საგოლე გადაცემა პირველივე ტურში (ვიდეო)

გამთენიისას სტარტი აიღო ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის (MLS) 2018 წლის სეზონმა. წარმატებული დაიწყო ასპარეზობა ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსემ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “მინესოტა” დაამარცხა (ანგარიშით 3:2).

განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამერიკელთა ამ გამარჯვებაში ლომის წვლილი სწორედ ქართველმა ლეგიონერმა შეიტანა – მის ანგარიშზე ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

მომდევნო მატჩს “სან ხოსე” 18 მარტს გამართავს და მისი მასპინძელი “სპორტინგ კანზას სიტი” იქნება.

ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე” MLS-ის პლეი-ოფში გაანადგურეს

დღეს MLS-ის პლეი-ოფში ვაკო ყაზაიშვილის “სან ხოსე” “ვაითქეფს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა (5-0).

“სან ხოსეს” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მასპინძელთაგან გოლები შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: მონტერო (33), ტეჩერა (57), კენდალი (64), მეზკიდა (78; 80).

ამ მარცხის შემდეგ ყაზაიშვილის გუნდი MLS-ის პლეი-ოფს 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

ვაკო ყაზაიშვილი: “მთავარია, გვჯეროდეს და ვირწმუნოთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ლეგიას” ნახევარმცველმა, ვაკო ყაზაიშვილმა ლატვიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ჩემი აზრით, კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ, ისეთი, როგორიც გვინდოდა რომ გვეთამაშა.

რაც მთავარია, მომენტები გამოვიყენეთ, რაც ყოველთვის პრობლემაა ჩვენთვის. 3-4 მომენტს ყოველ მატჩში ვქმნით და თუ მათ ასე გამოვიყენებთ, ყველაფერი უკეთ იქნება.

ძალიან გახარებულები ვართ, რომ მოვიგეთ. მთავარია გვჯეროდეს და ვირწმუნოთ, შემდეგ კი ყველაფერი გამოვა,” – განაცხადა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა.

ყაზაიშვილის “ლეგია” ევროპის ლიგას გამოეთიშა

დღეს გაიმართა ევროპის ლიგის 1/16 ფინალის შეხვედრები.

თავისი მატჩი გამართა ვაკო ყაზაიშვილის გუნდმა – ვარშავის “ლეგიამ”, რომელიც სტუმრად ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდა. ვაკომ ჰოლანდიური კლუბის წინააღმდეგ შეუცვლელად ითამაშა. დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ, ერთადერთ გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი ამსტერდამელთა სპორტსმენი, ნიკ ვირგევერი გახდა, როელმაც 49-ე წუთზე აიღო პოლონელების კარი.

საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში – 1-0 და შემდეგ ეტაპზე “აიაქსი” გავიდა.

 

“ლეგიამ” “იაგელონიას” სამბურთიანი სხვაობით მოუგო – ყაზაიშვილმა სასტარტოდან დაიწყო!

18 ოქტომბერს პოლონეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში ბელოსტოკის “იაგელონიამ” ვარშავის “ლეგია” მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელში გამოდის ქართველი ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი.

დაპირისპირება მთლიანად ვარშაველთა უპირატესობით წარიმართა და, ანგარიშით, 1-4 დასრულდა.

საგულსიხმოა, რომ ვაკომ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში. იგი 65-ე წუთზე კუხარჩიკმა შეცვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ “ლეგია” 25 ქულით მესამე ადგილზეა.

 

როგორი იყო ვაკოს დებიუტი პოლონელთა რიგებში?

დასრულდა F ჯგუფის პირველი ტურის მატჩი, სადაც პოლონურ “ლეგიას” გერმანული “ბორუსია” დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა განადგურებით, 0:6 დასრულდა.

თუმცა, ჩვენთვის ეს მატჩი საინტერესო იმით იყო, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი შემტევი, ვალერი ყაზაიშვილი იღებდა. ვაკომ მოედანზე 66 წუთი გაატარა და საკმაოდ აქტიურიც იყო.

ამ დროის მანძილზე, ვაკომ ორი დარტყმა განახორციელა კარის მიმართულებით და ორი ართმევაც ჩაიწერა აქტივში. მის მიერ განხორციელებული პასების 80% კი ზუსტი იყო.

უცხოურმა გამოცემა Whoscored-მა ვაკოს თამაში 6 ქულით შეაფასა.

“ლეგიას” ფანები მატჩის დაწყების წინ (ფოტო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგური დაპირისპირება პოლონურ “ლეგიასა” და დორტმუნდულ “ბორუსიას” შორის, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ფეხბურთელი, ვალერი ყაზაიშვილი იღებს.

პოლონელები მატჩისთვის განსაკუთრებულად იყვნენ მომზადებულნი – ვარშაველებმა მოედანზე უზარმაზარი ბანერი გამოფინეს, რითიც გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება აღნიშნეს – “გამოიცანით, ვინ დაბრუნდა?”.

888888888888888888

ვაკო ყაზაიშვილი “ბორუსისათან” გასამართ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს

ვაკო ყაზაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს ჩაატარებს – პოლონური “ვარშავას” ქართველი შემტევი “ბორუსიასთან” გასამართ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ვარშავის “ლეგია” F ჯგუფში ასპარეზობს, სადაც პოლონურ კლუბთან ერთად მადრიდის “რეალი”, დორტმუნდის “ბორუსია” და ლისაბონის “სპორტინგი” არიან განთესილნი.

ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთში?

არნემის “ვიტესის” შემტევის, ვაკო ყაზაიშვილის შეძენა ჩინურ კლუბს სურს. Voetbalzone-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყაზაიშვილით “გუანჯოუ” დაინტერესდა.

“გუანჯოუმ”, გასულ სეზონში, ჩინეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილი დაიკავა, წელს კი გაძლიერებას აპირებს. გუნდს სერბი დრაგან სტოიკოვიჩი წვრთნის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ვიტესის” ხელმძღვანებლობა ჩინურ კლუბს უარით გაისტუმრებს.

ვაკო ყაზაიშვილის შესანიშნავი ფინტები “აიაქსთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

23 იანვარს, ჰოლანდიის ერედივიზიონში, ამსტერდამის “აიაქსმა” საკუთარ მოედანზე არნემის “ვიტესი” მიიღო.

მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ეპიზოდში ვაკო ყაზაიშვილმა ორი მეტოქე მოატყუა, თუმცა საბოლოოდ მან ბურთი დაკარგა.

ყაზაიშვილი: “ამ კვირაში ძალიან ბედნიერი ვარ”

“ვიტესის” ქართველი ფეხბურთელი ვალერი ყაზაიშვილი აცხადებს, რომ “ნაიმეგენთან” გამართული მატჩი გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

შეგახსენებთ, რომ 29 ნოემბერს “ვიტესმა” “ნაიმეგენი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ვაკო ყაზაიშვილის გოლის წყალობით, 1:0 დაამარცხა.

“ძალიან მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თანაგუნდელისგან კარგი პასი მივიღე, დავარტყი და გოლი გავიდა. როდესაც დერბიში გამარჯვებას აღწევ და შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაგაქვს, ეს სასიხარულოა. თამაში აგრესიულად დავიწყეთ და ვფიქრობ, მეტოქეზე ასი პროცენტით უკეთესად გამოვიყურებოდით. შესაბამისად, მოგება დავიმსახურეთ.

სამი დღის წინ ჩემი შვილი დაიბადა და ეს გოლიც სწორედ ჩემს ქალიშვილს ეძღვნება. ამ კვირაში, მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენს ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდი”, – უთხრა ვაკომ “ვიტესის” ოფიციალურ არხს.