იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა. ტრაპატონის აზრით, კონტე “სკუადრა აძურასთან” ერთად შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აღწევს.
“იტალიის ნაკრებს ლიონელ მესისა და კიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი არ ჰყავს და ამას უნდა შევეგუოთ. აქედან გამომდინარე, კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რასაც ამ ეტაპზე მივაღწიეთ.
ბულგარეთისა (1:0) და მალტის (1:0) ნაკრებებთან გამართულ მატჩებში ექვსი ქულა მოვიპოვეთ და საკმაოდ რთულ ჯგუფს ვლიდერობთ. კონტე კარგად მუშაობს. იგი გუნდისგან მაქსიმუმის მიღებას ახერხებს. ფეხბურთელები მას ენდობიან. მთელი საფეხბურთო საზოგადოებაც მათ უნდა შეუერთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. კრიტიკა ჩვენი გუნდის მისამართით გაზვიადებულია, თუმცა ამას მიჩვეულნი ვართ”, – ტრაპატონის კომენტარი იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.