ტრაპატონი: “შევეგუოთ, რომ იტალიის ნაკრებს მესისა და რონალდუს დონის ფეხბურთელი არ ჰყავს”

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მუშაობა შეაფასა. ტრაპატონის აზრით, კონტე “სკუადრა აძურასთან” ერთად შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აღწევს.

“იტალიის ნაკრებს ლიონელ მესისა და კიშტიანუ რონალდუს დონის ფეხბურთელი არ ჰყავს და ამას უნდა შევეგუოთ. აქედან გამომდინარე, კმაყოფილნი უნდა ვიყოთ იმით, რასაც ამ ეტაპზე მივაღწიეთ.

ბულგარეთისა (1:0) და მალტის (1:0) ნაკრებებთან გამართულ მატჩებში ექვსი ქულა მოვიპოვეთ და საკმაოდ რთულ ჯგუფს ვლიდერობთ. კონტე კარგად მუშაობს. იგი გუნდისგან მაქსიმუმის მიღებას ახერხებს. ფეხბურთელები მას ენდობიან. მთელი საფეხბურთო საზოგადოებაც მათ უნდა შეუერთდეს. დარწმუნებული ვარ, რომ იტალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. კრიტიკა ჩვენი გუნდის მისამართით გაზვიადებულია, თუმცა ამას მიჩვეულნი ვართ”, – ტრაპატონის კომენტარი იტალიურმა გამოცემა “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.

 

ტრაპატონი: “ინძაგი თალგამისგან კარგ ღვინოს ვერ დაწურავს”

ცნობილი იტალიელი სპეციალისტი ჯოვანი ტრაპატონი თვლის, რომ “მილანის” მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის მიმდინარე სეზონში მიუღწეველი მიზნების გამო არ უნდა აკრიტიკებდნენ.

“ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ინძაგი “მილანში” გარკვეულ პრობლემებს წააწყდა, თუმცა კლუბი მას უნდა ენდოს. არ შეიძლება, ელოდო, რომ ადამიანი თალგამისგან კარგ ღვინოს დაწურავს. “მილანში” კარგ შედეგთან ერთად სანახაობაც სურთ, ეს კი რთული მისაღწევია”, – ტრაპატონის სიტყვები “ტუტოსპორტმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის 30-ე ტურის შემდეგ “მილანს” 42 ქულით სატურნირო ცხრილის მერვე პოზიცია უკავია.

 

ტრაპატონის სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება სურს

ფეხბურთის 75 წლის სპეციალისტმა ჯოვანი ტრაპატონიმ განაცხადა, რომ სამწვრთნელო კარიერა ჯერ არ დაუსრულებია, თუმცა იტალიაში მუშაობა არ სურს.

“ვიმუშავებ თუ არა იტალიაში მწვრთნელად? ნაკლებად სავარაუდოა, თუმც სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება მინდა. რამდენიმე იტალიური კლუბი დამიკავშირდა, მაგრამ ყველას უარი ვუთხარი. იტალიიდან კიდევ ერთი შემოთავაზება მაქვს, თუმცა არა მწვრთნელის პოსტზე”, – ტრაპატონის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

ტრაპატონიმ „ლაციო“ იუარა

ირლანდიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ რომის „ლაციოს“ ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ვარაუდობენ, რომ „არწივების“ ამჟამინდელი თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი დაკავებულ პოსტს საშობაო არდადეგების შემდეგ დატოვებს, ამიტომ რომაელები ახალი მწვრთნელის კანდიდატურას არჩევენ. გავრცელებული ინფორმაციით, „ლაციოს“ ხელმძღვანელობამ კლუბში 74 წლის ტრაპატონი მიიწვია, თუმცა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნულ წინადადებაზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ტრაპატონის საკლუბო ფეხბურთში დაბრუნება არ სურს და ისევ რომელიმე ნაკრების ჩაბარებით არიას დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ტრაპატონის მწვრთნელის რანგში შვიდჯერ აქვს მოგებული სერია A: აქედან ექვსჯერ „იუვენტუსთან“, ერთხელ კი მილანის „ინტერთან“ ერთად.

იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით კი, „ლაციოს“ ედოარდო რეია ჩაიბარებს, რომელიც რომაულ კლუბს 2010-2012 წლებში თავკაცობდა. იმავე წყაროს თანახმად, რეიას თანაშემწე „ლაციოს“ ყოფილი თავდამსხმელი სიმონე ინძაგი იქნება.

ბექა დოგრაშვილი